ინტერვიუები

21:31 | 19.05.2016 | ნანახია 3049 - ჯერ

გოჩა სვანიძის გულშემატკივრებთან შეხვედრიდან - ევროთასებზე, ნაკრებებზე, ინფრასტრუქტურაზე, ტელეტრანსლაციაზე
მომავალი წლიდან ქართული კლუბი ჩელენჯ ქაფზე ითამაშებს

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ ოფიციალურად დაადასტურა, რომ 2017 წლიდან ქართული კლუბები რანგით მესამე, ჩელენჯ ქაფის შესარჩევი ეტაპის გათამაშებაში ჩაერთვებიან.

ტურნირის ორგანიზატორებთან სრკ აქტიურ მიმოწერას აწარმოებს და ხდება ტურნირის ფორმატის შეჯერება. სვანიძემ დეტალებზე და ქართული კლუბების განვითარების გეგმებზე გულშემატკივრებთან „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა:

„2017/2018 წლის სეზონიდან ქართული კლუბები აუცილებლად მიიღებენ მონაწილეობას ევროთასებში. დაახლოებით 1,5-2 თვის ვადაში, გამოქვეყნდება ქართული რაგბის განვითარების გეგმა, რომელსაც გულშემატკივრებთან ერთად განვიხილავთ. ყველა დეტალი იქნება ხელმისაწვდომი და განსჯის საგანი. მნიშვნელოვანია, რომ კლუბები მარტო სახელმწიფოზე არ იყვნენ ჩამოკიდებულნი. რაც კლუბის ცხოვრებისთვისაა საჭირო, იმას სახელმწიფო 100%-ით ვერასდროს გააკეთებს. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ განვითარების იმ საფეხურზე, სადაც ჩვენ დღეს ვიმყოფებით, სახელმწიფოს დახმარება საერთო საჭიროების მინიმუმ 70%-ს მაინც უნდა ფარავდეს.

ზოგადად, პროფესიული კლუბი არ უნდა ფინანსდებოდეს მხოლოდ სახელმწიფოს ფულით. რაგბის კავშირის ფუნქციაა, რომ მოიზიდოს მეტი მაყურებელი, მეტი ინვესტორი, რომელიც რაგბიში ფულს ჩადებს, მაგრამ ამისათვის მნიშვნელოვანია ქვეყანაში იყოს ნორმალური ბიზნეს გარემო და პოლიტიკური სტაბილურობა. ჩვენ იძულებით წავედით იმ მახინჯ ფორმაზე, რასაც კლუბების სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსება ქვია, რადგან სხვაგვარად რაგბი საერთოდ ვერ განვითარდებოდა.

ახლა სიტუაცია ნაწილობრივ შეცვლილია და კერძო სექტორი მაქსიმალურად უნდა ჩაერთოს რაგბის განვითარებაში, ოღონდ ეს ასე მალე ვერ მოხდება. პირველ ეტაპზე ვფიქრობთ, რომ კლუბის განვითარებისთვის საჭირო, პირობითად 100 ერთეულიდან, როგორც უკვე მოგახსენეთ, 70 სახელმწიფომ გაიღოს და დანარჩენი თავად კლუბმა მოიძიოს. ეს სამომავლო გეგმებია და მანამდე გვინდა პრემიალურ თანხაში, ჩემპიონი გუნდისათვის, პირდაპირ ჩავსვათ თანხა ევროთასებში მონაწილეობისთვის. ეს იქნება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, რასაც ახალ ბიუჯეტში ჩავსვამთ. სასიამოვნო სიურპრიზებს გპირდებით, ოღონდ წელს ვერა და ამ სიურპრიზებსაც ამ ეტაპზე საიდუმლოდ დავტოვებთ.

ჩემპიონატის დონის ამაღლების მიმართულებით, ფინანსური უზრუნველყოფა აუცილებელია. ამ ეტაპზე საფრანგეთის ფედერალ 1 დივიზიონში ძალიან ბევრი ქართველი თამაშობს. თუ ჩვენ შევქმნით სისტემას და აქ ბიჭებს კლუბებში ხელფასი 2-3 ათასი ექნებათ, მერწმუნეთ, ძალიან ბევრი მოთამაშე უკან დაბრუნდება და ეს ჩემპიონატის და კლუბების დონეზე აუცილებლად აისახება. ბიუჯეტი და განვითარების გეგმები სწორედ ამაზეა გათვლილი“.

ეროვნულ გუნდში ორი ახალი მწვრთნელი გამოჩნდება

სულ მალე საქართველოს ნაკრები პირველად არსებობის ისტორიაში, ტესტ-მატჩების გასამართად წყნარი ოკეანის კუნძულებზე გაემგზავრება და იქ სამოას, ტონგასა და ფიჯის ნაკრებებს შეხვდება. უკვე ცნობილია, რომ გუნდს დააკლდება ის ლეგიონერები, რომელთა გუნდების საფრანგეთის ჩემპიონატების პლეი ოფებში გავლენ. შემადგენლობაზე საუბრის პრეროგატივა სვანიძემ მთავარ მწვრთნელ მილტონ ჰეიგს დაუთმო, გულშემატკივრებს კი გაუმხილა, რომ ივნისის ტესტებზე „ბორჯღალოსნების“ სამწვრთნელო შტაბში სავარაუდოდ ორი სამხრეთელი სპეციალისტი გამოჩნდება.

„მილტონ ჰეიგი საქართველოში ორ დღეში დაბრუნდება [გულშემატკივრებთან შეხვედრა 18 მაისს გაიმართა] და შემადგენლობაზე ის ისაუბრებს. უკვე შერჩეული ჰყავს გაფართოებული შემადგენლობა, მაგრამ შესაძლოა ცვლილებები მოხდეს და მე ამ თემაზე საუბრისგან თავს შევიკავებ.

ჰეიგი სამხრეთში ორ სპეციალისტსთან აწარმოებდა მოლაპარაკებას. ესენი არიან უკანა ხაზის და უნარების მწვრთნელი და ამ მიმართულებით ნაკრებს გაძლიერება აუცილებლად სჭირდებოდა. ჩემი პრინციპული პოზიციაა - არასდროს ჩავერიო მწვრთნელის საქმიანობაში. ის თავად წყვეტს როგორ დააკომპლექტოს შემადგენლობა და სამწვრთნელო შტაბი. ჩვენ შეგვიძლია მას მხოლოდ არა ვუთხრათ, რა თქმა უნდა, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ რაღაც პრინციპულად არ მოგვეწონება. მთლიანობაში, გუნდის დაკომპლექტებაზე და შედეგზე, პასუხისმგებელი მწვრთნელია - გამარჯვებაც მისი სახელია და მარცხზეც ისაა პასუხისმგებელი. მინდა მკაფიოდ დავაფიქსირო - არასდროს არავინ იფიქროს, რომ პრეზიდენტი როდისმე რაიმე ფორმით ჩაერევა რომელიმე ნაკრებში მოთამაშეების აყვანის საკითხში.

ზემოთნახსენები მწვრთნელების საკითხი გადაწყვეტილი არაა. ჰეიგი თბილისში რომ ჩამოვა ამ საკითხზე ვისაუბრებთ, კუნძულებზე ისინი დროებითი მწვრთნელების სტატუსით იმუშავებენ, ვნახავთ მათ ხარისხს და ამის შემდეგ მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას.

ზელანდიიდან ჰეიგი კუნძულებზე გაემგზავრა. „მსოფლიო რაგბიმ“ რეკომენდაცია მოგვცა, რომ კუნძულებზე გასამართი ტესტ-მატჩების წინ, პირობები წინდაწინ, ადგილზე დაგვეზუსტებინა და ჰეიგი სწორედ ამ საკითხის ინსპექტირებაზე იყო. ის თავისი თვალით ნახავს რომელ სასტუმროში იცხოვრებს გუნდი და რა პირობებში მოუწევთ ვარჯიში, რათა გაუგებრობები თავიდან ავიცილოთ“ - გააცნო გულშემატკივარს ჰეიგის ვიზიტის მიზნები სვანიძემ და მოთამაშეთა გამოძახებასთან დაკავშირებით არსებულ პრობლემებზე ისაუბრა:

„პრობლემაა ფრანგული კლუბებიდან მოთამაშეების გამოძახება, რადგან მათ ნაწილს ივნისში პლეი ოფები უწევთ. კლუბებს მოთამაშეების არგამოშვების ოფიციალური უფლება არ აქვთ, მაგრამ მერე მოთამაშეებს პრობლემა ექმნებათ და სწორედ მოთამაშეთა გამო, რიგ შემთხვევებში კლუბებთან დათმობაზე მივდივართ. ხისტ პოლიტიკას ვერიდებით, თორემ გვაქვს უფლება ნებისმიერ მოთამაშეს ვუხმოთ და უარის შემთხვევაში, დისკვალიფიკაცია მივცეთ. მოკლედ, იმ ბიჭებს, რომელთა გუნდებიც ტოპ 14-ის პლეი ოფებში გავლენ, ამ ეტაპზე ნაკრებში არ გამოვიძახებთ, დანარჩენები კი, ნაწილი თბილისში და ნაწილი პირდაპირ კუნძულებზე, გუნდს შეუერთდებიან“.

აქვე სრკ-ს პრეზიდენტმა სიტუაციის შეცვლის მიზნით დაგეგმილ ცვლილებებზე ისაუბრა. ამიერიდან, ყველა ასაკობრივი თუ ეროვნული ნაკრების კანდიდატი, საქართველოს რაგბის კავშირთან კონტრაქტით იქნება დაკავშირებული და ეს პრობლემებს დიდწილად მოაგვარებს. მსგავსი პრაქტიკა დანერგილია პირველი დონის ყველა ნაკრებში და ახლა მათ რიცხვს ამ მიმართულებით საქართველოც შეუერთდება:

„სიტუაციის შესაცვლელად ვაპირებთ, რომ 18-წლიანთა ნაკრებიდან დაწყებული, ეროვნულით დამთავრებული, ყველა კანდიდატთან ყოველწლიურად გავაფორმოთ ინდივიდუალური კონტრაქტი. ამ კონტრაქტში ჩადებული იქნება როგორც სპორტული, ასევე კომერციული მხარე. დღეს კომერციული მხარის არარსებობის გამო, ძალიან ბევრს ვკარგავთ და სამომავლოდ არცერთი თეთრის დაკარგვას არ ვაპირებთ. რა თქმა უნდა, ეს თანხა ისევ რაგბის მოხმარდება. გარდა ამისა, ეროვნული ნაკრების ყველა მოთამაშეს კონტრაქტით ექნება განსაზღვრული ნაკრებში გამოძახების კომპენსაციის საკითხი. გათვლას 2019 წლის მსოფლიო თასზე ვაკეთებთ. კონტრაქტში გვეწერება, რომ მსოფლიო თასამდე 3 თვით ადრე, მოთამაშე ნაკრებში უნდა გამოცხადდეს და ამით ავიცილებთ იმ პრობლემას, რაც წლევანდელ ერთა თასზე შეგვემთხვა და რის გამოც“ერთა თასზე“ „ტულონის“ მოთამაშეები სრულად ვერ დავტვირთეთ.

ამ კონტრაქტებს სხვა ამოცანაც აქვს. დღესდღეისობით ქართველი მოთამაშეები უცხოეთში უფასოდ მიდიან, კლუბები სანაცვლოდ მიზერულ თანხას, ხშირ შემთხვევაში კი საერთოდ არაფერს იღებენ. თუ ნაკრების კანდიდატი უცხოეთში წავა, რაგბის კავშირთან გაფორმებულ კონტრაქტს ავამოქმედებთ, აღარც კლუბები დაკარგავენ მოთამაშეს და სანაცვლოდ მცირედს მაინც მიიღებენ, რაც ჩვენთვის რეალური კომპენსაციის ტოლფასი შეიძლება იყოს“.

მნიშვნელოვანი ცვლილებებია მოსალოდნელი ახალგაზრდულ ნაკრებებში. ცვლილებების მიზანია, რომ ჭაბუკებში ნაკრებ გუნდში ვერმოხვედრამ იმედგაცრუება არ გამოიწვიოს და კანდიდატთა სია გაფართოვდეს. ეს მნიშვნელოვანია, რადგან 15-20 წლები ისეთი ასაკია, როდესაც მოთამაშე ნებისმიერ დროს შეიძლება გაიხსნას და ის ყურადღების მიღმა არ დარჩეს.

გოჩა სვანიძე: „16-წლამდელთა ნაკრები რეალურად არაფერში გვჭირდება, რადგან ამ ასაკში არ ტარდება ოფიციალური ტურნირები. გასათვალისწინებელია, რომ ამ ასაკში, ნაკრებში ვერმოხვედრამ, შესაძლოა ახალგაზრდებში იმედგაცრუება გამოიწვიოს და ჩვენ ყველა მოთამაშეს უნდა გავუფრთხილდეთ. 16-17 წლამდელებში აკადემიის გარდა ვფიქრობთ რამდენიმე კლუბის, ან რეგიონალური ნაკრების ჩამოყალიბებას და ისინი საერთაშორისო ტურნირებში მიიღებენ მონაწილეობას. 4-5 გუნდის უცხოურ ტურნეზე გაშვება ძვირი დაჯდება, ამიტომ, ვგეგმავთ, რომ საერთაშორისო ტურნირები საქართველოში ჩავატაროთ. ამ საკითხთან დაკავშირებით „მსოფლიო რაგბისთან“ ვიწყებთ მიმოწერას. კარგი იქნება, თუ ტურნირში 3-4 ქართული და ამდენივე უცხოური გუნდი ჩაერთვება. ამით უფრო მეტი ბავშვი მიიღებს საერთაშორისო თამაშების გამოცდილებას.

18-წლამდელები ოფიციალური ნაკრებია და ტრადიციულად, ევროპის ჩემპიონატში თამაშობს. ეს საკმარისი არაა და გვსურს აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ნაკრებების შევქმნათ. ვეცდებით მათი საერთაშორისო ტურნირებში ჩართვა უზრუნველვყოთ და ევროპის ჩემპიონატისთვის საუკეთესო გუნდის შეკრებაც გაადვილდება. ასაკიდან გამომდინარე, 18-წლამდელების საერთაშორისო ტურნირებზე გაშვება მხოლოდ ზაფხულში იქნება შესაძლებელი. წელს საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებს სამხრეთ აფრიკაში უნდა ეთამაშა საერთაშორისო ტურნირში, მაგრამ ორგანიზატორებმა არარეალური თანხა მოითხოვეს და ეს ტურნე ჩაიშალა“.

პრეზენტაცია მოედნების გარეშე

საქართველოში სარაგბო ინფრასტრუქტურა ვითარდება და ახლახანს მათ რიცხვს ასპინძის სარაგბო კომპლექსი შეემატა. მნიშვნელოვანი ძვრებია სხვა მიმართულებითაც, თუმცა 2017 წლის 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატის, სავარჯიშო მოედნების მოწყობა ჯერაც არ დაწყებულა.

„ინფრასტრუქტურა ნელ-ნელა მწყობრში შედის. ასპინძაში მშვენიერი კომპლექსი გაიხსნა და იქ 2-3 გუნდს თავისუფლად შეუძლია დაბინავდება, მარტყოფში სასტუმროს მშენებლობა მიმდინარეობს. ჩოხატაურში არის 4 მშვენიერი მოედანი, მაგრამ არაა სასტუმრო. თუ ვინმეს სურვილი გაუჩნდება, გამგეობა მზადაა სასტუმროს ასაშენებლად მიწა სიმბოლურ თანხად გამოყოს და მერე იქ ერთდროულად 5-6 გუნდის მიღება იქნება შესაძლებელი. მზად ვართ დაინტერესებული ადამიანი დღესვე წავიყვანოთ ჩოხატაურში. ინფრასტრიქტურა მოწესრიგდება ხაშურშიც. „ქართუს“ პროგრამით სტადიონის მშენებლობა იწყება თელავში.

თუმცა, 20-წლამდელთა მსოფლიო თასისთვის სავარჯიშო მოედნების საკითხი ჯერჯერობით მოგვარებული არაა. დარწმუნებული ვარ, მთავრობა ამას მოაგვარებს, მაგრამ წლევანდელ 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე პრეზენტაცია გვაქვს ჩასატარებელი. კარგი იყო მათთვის უკვე გაკეთებული სტადიონები შეგვეთავაზებინა, ასე კი, ცარიელი მინდვრების ჩვენება მოგვიწევს და მერე იმაში დარწმუნება, რომ ერთ წელიწადში იქ კომპლექსი იქნება“ - გვითხრა საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერმა ბაჩო ხურციძემ.

გაირკვა ისიც, რომ ბიძინა ივანიშვალს უთქვამს შეპირებულ დიდ, სარაგბო სტადიონს აუცილებლად ავაშენებ, ოღონდ როდის მოხდება, კონკრეტული ვადა ჯერჯერობით უცნობია.

სამხრეთული რაგბი ტელევიზიით

შეხვედრაზე გაირკვა ერთი სასიამოვნო ამბავი. საზოგადოებრივი არხი 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატიდან და ეროვნული გუნდის კუნძულებზე ტურნედან რეპორტაჟებს გეგმავს, ხოლო საქართველოს რაგბის კავშირი მოლაპარაკებას აწარმოებს და არაა გამორიცხული, ზაფხულიდან მომავალი სამი წლის განმავლობაში, ტელევიზიით სუპერ რაგბის და ოთხი ერის გათამაშებები ვიხილოთ. ამ საკითხებზეც გულშემატკივარს დაწვრილებითი ინფორმაცია ხურციძემ მიაწოდა:

„ოთხ ერისა და სუპერ რაგბის ტელეტრანსლიაციის უფლება 100 ათასი დოლარი ღირს, თუმცა ჩვენ ამ უფლებას ნახევარ ფასში გვაძლევენ. შეთანხმება სამწლიანი იქნება და ყოველ მომდევნო წელს ფასი 10%-ით გაიზრდება. ვაწარმოებთ მოლაპარაკებას სპონსორებთან და ტელევიზიებთან, რათა ეს შანსი ხელიდან არ გავუშვათ. გვსურს, რომ სუპერ რაგბის ფინალური ეტაპისთვის უკვე ყველაფერი შეთანხმებული გვქონდეს“.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
19:33 | 21.05.2016
test (124)

მეც გეთანხმებით ჩელენჯ ქაფთან დაკავშირებით, რა გახდა თანხების მოძიება თუნადც ერთი გუნდისთვის, რომ წელს გავიდეთ.

16:48 | 21.05.2016
test (124)

მეც გეთანხმებით ჩელენჯ ქაფთან დაკავშირებით, რა გახდა თანხების მოძიება თუნადც ერთი გუნდისთვის, რომ წელს გავიდეთ.

16:17 | 20.05.2016
buratino (480)

ზოგადად კარგი ინფორმაციებია, მაგრამ ჩელენჯ ქაფის კუთხით უკმაყოფილების გრძნობა მაქვს. ბატონებო, რატომ მომავალ წელს როცა შეიძლება წელს?! მაშინ როდესაც "ლელო-სარასენსი" ბოლო 4 წლის გამარჯვებულია და აშკარად იმსახურებს ევროტურნირზე გამოსვლას, რატომ უნდა დაიჩაგროს ეს გუნდი? რომ ვერ გახდეს მომავალ სეზონში ჩემპიონი, ამდენი შრომა წყალში უნდა ჩაეყაროს? ახლა იტყვით, ფინანსურად და საორგანიზაციო კუთხით ჯერ მზად არ ვართო.
მაშინ თუ მასეა და დღევანდელ კვერცხს ხვალინდელ ქათამს ამჯობინებთ, პატივცემულო რაგბის კავშირო, ადექით და 2017-ში მინიმუმ 2 გუნდის გასვლა უზრუნველყავით ჩელენჯ ქაფზე. აი ეს იქნება სამართლიანი გადაწყვეტილება

12:14 | 20.05.2016
tamasho (88)

ჩელენჯ ქაფი წელსვე არ შეიძლება? არადა გვიანდება

11:29 | 20.05.2016
BEERTRANCE (1073)

კიდე უფრო მწზდება გული რო არ შემეძლო დასწრება.

მაგრა გამიხარდა სამხრეთული რაგბის ჩვენების შესაძლებლობა.

წარმატებები რაგბის კავშIრს გეგმების რეალიზებაში

0.120383