ინტერვიუები

15:51 | 19.05.2016 | ნანახია 2905 - ჯერ

გოჩა სვანიძის გულშემატკივრებთან შეხვედრიდან - დანაშაული, მენტალობა, სასჯელი და პრევენცია

„ის, რომ გულშემატკივრებთან შეხვედრა გამიჭიანურდა, მხოლოდ იმის შედეგია, რომ არ მინდოდა ეს ამბავი გამეუბრალოებინა. უნდა დაგროვილიყო სასაუბრო, თუნდაც კრიტიკა და მიიღეთ ეს ჩემგან მობოდიშებად, გნებავთ ახსნად. მადლობა გიორგი ნიჟარაძეს ამ ტრადიციის დანერგვისთვის. ის ჩემი მეგობარია და მუდამ დავრჩებით მეგობრებად“ - ასეთი იყო საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის, გოჩა სვანიძის შესავალი სიტყვა გულშემატკივრებთან არაოფიციალური შეხვედრის დასაწყისში, რომელიც „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე გაიმართა.

შეხვედრას 15-მდე გულშემატკივარი დაესწრო და სასიამოვნოა, რომ მათ შორის ორი მანდილოსანი იყო და ტრადიციულად, უშუალო საუბარი შედგა. იყო როგორც კითხვები, ასევე მოსაზრებების გაცვლა და პოზიციების დაფიქსირება გულშემატკივართა მხრიდან. სრკ-ს მხრიდან სვანიძის გარდა შეხვედრაში ჩაერთო საერთაშორისო ურთიერთობის მენეჯერი ლაშა (ბაჩო) ხურციძე, რომელმაც არაერთი საინტერესო ინფორმაცია გააჟღერა. შეხვედრა ჯამში 3 საათი გაგრძელდა.

პრეზიდენტმა საუბარი საქართველოს ჩემპიონატის ფინალური მატჩით დაიწყო და მერე თავისთავად გადავიდა გულშემატკივრებისთვის ყველაზე საინტერესო საკითხზე - ფოთის ინციდენტზე: „რაგბი მხოლოდ სპორტი არაა, ესაა პასუხისმგებლობა და პატივისცემა როგორც ერთმანეთის, ასევე მაყურებლის მიმართ. მართალია ფინალურ შეხვედრაზე სტადიონის გავსება ვერ მოვახერხეთ, მაგრამ კარგი სანახაობა შედგა. ბიჭებს მოედანზე გასვლამდე თვითდისციპლინა ამაღლებული ჰქონდათ და მთელი 80 წუთი ერთი არასპორტული ბოჭვაც კი არ ყოფილა. საორგანიზაციო თვალსაზრისით, ყველაფერი არ გამოგვივიდა, მაგრამ ამას სამომავლოდ შევძლებთ.

სამწუხაროდ, ფორუმების დიდი მკითხველი ვერ ვარ, ამისათვის დროც არ მაქვს, თუმცა ფოთში მომხდარ ამბავს დიდი კრიტიკა და გამოხმაურება რომ მოყვა, „დისციპლინის“ საკითხში გულშემატკივრების მოსაზრებებს სრულად გავეცანი. მას ეცნობოდა გამგეობის თითქმის სრული შემადგენლობა და გადაწყვეტილებების მიღებისას გულშემატკივრის აზრიც გავითვალისწინეთ. აქვე ვიტყვი - გადაწყვეტილებას მიღება არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ეს თემა მივივიწყეთ და მივატოვეთ. ის გაგვყვება მომავალშიც და იქნება პასუხისმგებლობა და პრევენცია იმისა, რომ მსგავსი რამ აღარასდროს მოხდეს.

ყველაზე მეტად გულშემატკივარს ეგრეთწოდებული „დაჭრის თემა“ აინტერესებს, მაგრამ მე ამაზე ვერაფერს ვიტყვი. უამრავი ინფორმაცია მაქვს, თუმცა არ მინდა ჭორაობაში გადავიდე. იურისტობა მხოლოდ ჩემი პროფესია კი არა, აზროვნების წესია. ფორუმებზე არაერთხელ შემხვდა - ყველამ ყველაფერი იცის, ჩვენ ვიცით რომ ასე იყო. ეს ამბავი რომ გავიგე, იმავე წამს ყველას დავურეკე და ყველას მოვუწოდე, რომ მაქსიმალურად ეთანამშრომლათ სამართალდამცავ ორგანოებთან. თუმცა, მოხდა ისე, რომ ამბავს არ მიეცა მსვლელობა. ადგილზე იყვნენ კერძო დაცვის წარმოდგენლებიც, ისინი ყველა თამაშს ესწრებიან და ჩვენ ამაში ფულს ვიხდით, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მათაც არაფერი დაუნახავთ. აღმოჩნდა, რომ ეს ფაქტი ვერავინ დააფიქსირა.

ამის შემდეგ ჩვენ სტადიონებზე დაცვის თანამშრომლების რაოდენობა გავაორმაგეთ და ინსტრუქტაჟი ჩავუტარეთ - როგორ უნდა მოიქცნენ მატჩის დასრულების შემდეგ. არ მინდა ისე გამოვიდეს, თითქოს მთელ პასუხისმგებლობას სხვებისკენ ვამისამართებდე. ესაა მთელი ჩვენი საზოგადოების უდიდესი პრობლემა, რასაც სამწუხაროდ მორაგბეებმა და რაგბის კავშირის თანამშრომლებმა თავი ვერ გავართვით. მეორე დღეს გავიგე, რომ პოლიციელებმა ინციდენტის მონაწილეები გამოკითხეს, მაგრამ ამდენი თვითმხილველის ფონზე, არავინ არაფერი იცოდა. სამართალდამცავებიდან ჯერჯერობით ის პასუხიც არ მიგვიღია, რომ ჭრილობა შემთხვევითობის შედეგად გაჩნდა. შედეგად, ოფიციალური ინფორმაციის მიღმა, მე რა ვიცი და რა არა, გადაწყვეტილების მიღებაში ვერ გამოგვადგებოდა.

რაც შეეხება უშუალოდ ჩვენს მიერ გაცემულ სასჯელებს. კიზირიას შემთხვევაში, განიხილებოდა მისთვის სამუდამო დისკვალიფიკაციის მიცემის საკითხი, მაგრამ ყოფილა პრაქტიკა, როდესაც ხანგრძლივი ვადით გაცემული დისკვალიფიკაცია რაღაც პერიოდის შემდეგ გაუქმებულა. აქ ჩვენ გამოვიყენეთ 5-წლიანი დისკვალიფიკაცია, ოღონდ მისი შემცირების შესაძლებლობის გარეშე. რა უფრო მნიშვნელოვანია, დამნაშავისთვის თავპირის დამტვრევა თუ სამომავლოდ მსგავსი რომ აღარ მოხდეს ამის პრევენცია? ჩვენ ასეთი გადაწყვეტილება მივიღეთ და პასუხისმგებელი ვართ მის შედეგებზე.

სხვათა შორის, ჭორის დონეზე გავიგეთ, რომ ერთ-ერთ მხარეს ინციდენტის ამსახველი კადრები ჰქონია და გაუნადგურებიათ. თუ ეს ასეა, მინიმუმ სირცხვილი და ბავშვობაა. ის, რომ ასეთი რამ ხდება და დამაჯერებელი შეფასება არ ეძლევა მომხდარ ფაქტს და ბევრი კითხვები ჩნდება, ჩვენი მენტალობის შედეგია. დროა გამოვიდეთ ბავშვობის ასაკიდან და ავიღოთ ის პასუხისმგებლობა, რაც ნორმალური ქვეყნის ნორმალურ მოქალაქეს ეკისრება. რაგბის კავშირში არსებული ჩანაწერიდან ირკვევა, რომ მწვრთნელი ახდენდა კონფლიქტის პროვოცირებას და ამის გამო მისი სასჯელი დავამძიმეთ. ნიკო ჭავჭავაძეს მომავალ სეზონში მთელი პირველი წრე უცდება და 2-წელი ვერ იმუშავებს მთავარი მწვრთნელის რანგში. მწვრთნელი მაგალითია მოთამაშისთვის, გულშემატკივრისთვის და მას მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება. რომ არ ყოფილიყო ფიზიკური შეხების ფაქტი, ჭავჭავაძის დანაშაული იქნებოდა ყველაზე მძიმე.

მოთამაშეებიდან განსაკუთრებული ყურადღება მინდა გავამხვილო გიორგი აფციაურზე. მისი მხრიდან იყო მსაჯის გადაწყვეტილებაზე აპელირება სამარცხვინო ფორმით. ნაკრების მოთამაშისგან ასეთი პანიკური საქციელი მიუღებელია და ვფიქრობ, საკმარისად მკაცრად დაისაჯა. მისთვის 3-კვირიანი სასჯელი ძალაში შედის საქართველოს ჩემპიონატის დაწყებიდან და მანამდე ის ვერ თამაშობს ვერსად, მათ შორის ნაკრებში. ანუ, უცდება ივნისის ტესტები და ნოემბერს ხვდება დიდი ხნის უთამაშებელი, რაც უკვე მისთვის სერიოზული სასჯელია. გულშემატკივრების მხრიდან იყო მოწოდებები რაგბიდან მოკვეთასთან დაკავშირებით, მაგრამ აფციაური ჯერ მხოლოდ 22 წლისაა. თუ სასჯელი მხოლოდ შურისძიებისთვის გვინდა სხვა საქმეა, თუმცა მისთვის მიცემული სასჯელი, ვთვლი, რომ საკმაოდ მკაცრია და სამუდამოდ დაამახსოვრდება.

მოკლედ, ოფიციალურ დოკუმენტებზე დაყრდნობით, ვთვლი, რომ მივიღეთ სწორი გადაწყვეტილება და დანარჩენს დრო გვაჩვენებს - რამდენად გამართლებული აღმოჩნდება ჩვენი ქმედება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამ გადაწყვეტილებაზე პირადად მე და გამგეობის თითოეული წევრია პასუხისმგებელი და დღევანდელი დღით არაფერი მთავრდება“.

პრეზიდენტის ახსნა-განმარტების შემდეგ, გულშემატკივრების ნაწილმა საკუთარი პოზიცია დააფიქსირა - სასჯელი იყო მსუბუქი და ამას ახსნაც მოყვა: „ვფიქრობ, ნებისმიერ შემთხვევაში გუნდი უნდა დასჯილიყო, რადგან მომავალში ნებისმიერ გუნდს შეუძლია აიყვანოს ასე ვთქვათ „კამიკაძე“, რომელიც მსაჯზე ზეწოლას განახორციელებს; ის, რომ ჭეშმარიტების დადგენა ვერ მოხერხდა, არ მიგვაჩნია რაგბის კავშირის ძლიერ მხარედ. ვფიქრობ, ხელმძღვანელს შეეძლო გამოეყენებინა ბერკეტები, რის შემდეგაც მისი თანამშრომლები რეალურ სურათს ოფიციალურად დაადასტურებდნენ...“.

სვანიძემ გულშემატკივრების პოზიციებს უპასუხა: „კამიკაძის“ შესაძლებლობაზე არ გვიფიქრია და ამ საკითხს აუცილებლად განვიხილავთ. რაც შეეხება მეორეს, თქვენ რა იცით მე რა მითხრეს? მაგრამ ეს არ იყო ოფიციალურად დადასტურებული ფაქტი და მერე უარზე რომ წასულიყვნენ? ლინჩის წესით გასამართლებაში ვინც მონაწილეობს, ის ყოველთვის დარწმუნებულია თავის სისწორეში, მაგრამ მართსაჯულების ამ ფორმაზე, მადლობა ღმერთს, საზოგადოებამ დიდი ხნის წინ თქვა უარი და ჩვენ ასე ვერ მოვიქცეოდით.

რა უნდა ვქნათ, როდესაც მსაჯი ამბობს, რომ არ იცის რა მოუვიდა? მე მქონდა მსაჯებთან შეხვედრა და საუბარი. ეს ურთულესი პროფესიაა, მით უმეტეს, რომ ჩვენ მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მსაჯები გვყავს. მსაჯს გინებაზე პასუხის გაცემის უფლებაც არა აქვს და ისინი უნდა ჩამოყალიბდნენ, მზად არიან თუ არა ამისათვის. ჩვენ მსაჯებს პირობას ვაძლევთ, რომ მუდამ მათ გვერდში ვიქნებით. არ შეიძლება ამდენმა თვითმხილველმა ვერ დაინახოს რა მოხდა. ამ გადაცდომისთვის საშეჯიბრო კომიტეტის თავმჯდომარე ნიაზ მამრიკიშვილმა მატჩის კომისარი იმავე დღეს დაითხოვა სამსახურიდან. მისი პრინციპულობა სამაგალითო უნდა იყოს ბევრისათვის“.

უკვე მომხდარი ფაქტი, თავისი გამგეობის გადაწყვეტილებით, ვეღარ შეიცვლება და რამდენად ეფექტური იქნება ეს გადაწყვეტილება, დროში გამოჩნდება. სვანიძემ არაერთხელ დაადასტურა, რომ საკითხი ბოლომდე დახურული არაა და შემდგომში გამოჩნდება გამგეობის ნააზრევი რამდენად იმუშავებს. მანამდე კი, ცხოვრება გრძელდება და შემდგომში „სიჩუმის პრეცენდენტის“ თავიდან ასაცილებლად, საქართველოს ჩემპიონატის თამაშებზე მოხალისე-მეთვალყურის სტატუსით გულშემატკივრები გამოჩნდებიან. იდეა ნამდვილად საინტერესოა:

„იმისათვის, რომ მსგავსი შემთხვევები სამომავლოდ თავიდან ავირიდოთ, გარკვეულ აქტივობებს ვგეგმავთ და მასში ქომაგებიც იქნებიან ჩართული. საზოგადოებრივი მოხალისე-მეთვალყურის სტატუსით, ისინი ჩემპიონატის თამაშებზე დამკვირვებლები იქნებიან. თითო თამაშზე 5-10 ასეთი გულშემატკივარი იქნება, სქესს რა თქმა უნდა მნიშვნელობა არა აქვს. მათ არ დაევალებათ ტრიბუნებზე წესრიგის დამყარება და ვინმესთან კონფლიქტში შესვლა. დაევალებათ თამაშის მსვლელობისას და მისი დასრულების შემდეგ გარკვეული პერიოდით, აღრიცხონ დარღვევები და მათი ანგარიში იქნება ოფიციალური დოკუმენტი. ეს უკვე გადაწყვეტილია და უახლოეს გამგეობის სხდომაზე დამტკიცდება“ - გვიხსნის სვანიძე და რადგან ამ თემაზე საუბარი საათზე მეტხანს გაგრძელდა, გვთავაზობს სხვა საკითხებზე გადასვლას.

პირდაპირ ფოთის ინციდენტს არ უკავშირდება, თუმცა მასთან კავშირშია - ეს ამბავი ბოლო ტურებში დაფიქსირებულ სენსაციურ შედეგებს მოყვა, როდესაც აუტსაიდერები პრაქტიკულად 100%-ით ახერხებდნენ ლიდერი გუნდების დამარცხებას, ეს კი, ცოტა არ იყოს საეჭვოა. სვანიძემ ეჭვის საფუძველი ნაწილობრივ გაიზიარა და პრევენციის დაგეგმილ ღონისძიებებზე გვესაუბრა:

„დიახ, ერთ-ერთმა აუტსაიდერმა ზედიზედ რამდენიმე თამაში მოიგო და ერთში მოგება ჩაითვალა. მათ ეფექტურად გამოიყენეს ეგრეთწოდებული ცრუ-შერკინების წესი. ამ გუნდს არ ყავდა შერკინების პირველი ხაზი და ბევრი სპეციალისტის აზრით, ხელოვნურად იწვევდა ცრუ-შერკინებას. ვინაიდან რეგულაციებში ეს თამაშის წესებს პირდაპირ არ ეწინააღმდეგება, ამას ვერანაირი სანქცია ვერ მოყვებოდა, თუმცა უკვე დავიწყეთ ფიქრი იმ მიმართულებით, რომ გუნდებმა თამაში უნდა მოიგოს ყველა სარაგბო კომპონენტის გამოყენებით და არა ამგვარი ხელოვნური მეთოდებით. შევეცდებით ნორმატიული ცვლილებებით ასეთი ქმედებების შესაძლებლობა არავის დავუტოვოთ.

ამის საწინააღმდეგოდ გარკვეული ღონისძიებები უკვე დაგეგმილია. დაინერგება თამაშებზე სამედიცინო კონტროლი და მართვა. გაიწერება ვადები, ტვინის შერყევის შემდეგ მოთამაშეს რა პერიოდით აეკრძალება თამაში. შემოდგომამდე მოვასწრებთ თუ არა ამას, არ ვიცი, მაგრამ გვინდა ელექტრონულ მართვაზე გადავიდეთ. ყველა მეთვალყურეს ეყოლება ასისტენტი, რომელსაც კომპიუტერში გამოუჩნდება ვინმე თუ ტვინის შერყევით გავიდა წინა მატჩებში მოედნიდან და ამის გამო ცრუ შერკინება დაინიშნა. შედეგად, ასეთი მოთამაშე მოედანზე აღარ დაიშვება.

გარდა ამისა, ცვლილებები შევა სადისციპლინო კოდექსში. ვფიქრობთ, რომ ახალი ვარიანტი საიტზე ავტვირთოთ, გულშემატკვრების განსჯის საგანიც გახდეს და მათი შენიშვნებიც გავითვალისწინოთ. ყოველ შემთხვევაში, ამ შენიშვნებზე გამგეობა იმსჯელებს და ისე მოხდება მისი დამტკიცება“.

მოკლედ, ფოთის ინციდენტი იყო ამ შეხვედრის უმთავრესი საკითხი და დროის ნახევარზე მეტი მასზე საუბარში გაილია. არ ვიცი გულშემატკივარი გამგეობის გადაწყვეტილების განმარტებით რამდენად კმაყოფილი დარჩა, მაგრამ მენტალობის საგანგაშო სიგნალები თვალსაჩინოა - დამსწრეთაგან ოფიციალურ ვერსიაში ვერავინ დაინახა რა მოხდა, მათ შორის არც თავად დაზარალებულმა იცის ფეხზე ჭრილობა საიდან გაუჩნდა და იურიდიულად, თუ არაა დანაშაული, მის გამო ვერც ვერავინ დაისჯება.

ნებისმიერ შემთხვევაში, სრკ-ს პრეზიდენტი არ გაურბის პასუხისმგებლობას და მსგავსის განმეორების შემთხვევაში, მზადაა პასუხისმგებლობის წილი თავადაც იტვირთვოს. ჩემის მხრივ ვიტყვი, რომ იმედია მას და არც მის შემდგომ ხელმძღვანელებს, პასუხისმგებლობის აღება არასდროს მოუწევთ, რადგან მსგავსი აღარ მოხდება. საინტერესოდ მოჩანს ის პრევენციული ღონისძიებები, რომელთა განხორციელებას სრკ მსგავსი, თუნდაც ნაკლებად მძიმე გადაცდომების თავიდან ასარიდებლად გეგმავს.

რა თქმა უნდა გოჩა სვანიძისა და გულშემატკივრების შეხვედრაზე სხვა კითვხებიც იყო განხილვის საგანი და მათ შესახებ სხვა სტატიაში ვისაუბრებთ, შეხვედრის დეტალებზე გაგრძელება იქნება...

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
11:40 | 20.05.2016
BEERTRANCE (1073)

იმედია ტესტების მერე იქნება კიდე 1 შეხვედრა რომელზეც მეც შევძლებ დასწრებას.

აშკარად საინტერესო საუბარი გამოვიდა.

იმედია ინციდენტები სამარცხვინო აღარ მოხდება.

17:48 | 19.05.2016
buratino (480)

ჯერჯერობით კარგია, მაგრამ მე პირადად სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე (6 ერის ტურნირთან სამომავლოდ ინტეგრაცია, ევროთასებზე ჩვენი გუნდების მონაწილეობა, ივნისის ტესტებზე ჩვენი შემადგენლობა, ჩემპიონატში სარეკლამო ღონისძიებების სამომავლო დაგეგმვა და ა.შ.) რა ითქვა ის უფრო მაინტერესებს

0.092552