ტესტ-მატჩები

15:21 | 19.05.2016 | ნანახია 1808 - ჯერ

მარლერი ზაფხულის ტესტებზე უარს ამბობს

ინგლისის ნაკრებისა და „ჰარლექუინსის“ ბურჯი ჯო მარლერი ეროვნულ ნაკრებს ავსტრალიაში გასამართ ტესტ-მატჩებზე არ მიჰყვება. 25 წლის მარლერის თქმით, მას დასვენება სჭირდება.

„როდესაც ინგლისის ნაკრების მაისურით გამოდიხარ, 100%-ით უნდა იხარჯებოდე. სამწუხაროდ, მე ამჟამად მზად არ ვარ. ავსტრალიაში წასვლას რომ დავთანხმებოდი, ჩემს თანაგუნდელებს და ქომაგებს იმედს გავუცრუებდი“ - ამბობს ჯო მარლერი.

ბოლო პერიოდი მარლერისთვის მართლაც რთული იყო. გასულ თვეში მან ორკვირიანი დისკვაიფიკაცია მიიღო „გრენობლის“ მორაგბისთვის წიხლის ჩარტყმისათვის, ხოლო წლევანდელი 6 ერის მსვლელობისას რასისტული შეურაცხყოფისთვის ორი მატჩის გამოტოვებით დასაჯეს.

ინგლისის ნაკრების თავკაც ედი ჯოუნსის განცხადებით, მარლერი ავსტრალიაში დიდი დანაკლისი იქნება:

„ჯომ შესანიშნავად ითამაშა 6 ერის თასზე. ის ახალგაზრდაა და წინ დიდი მომავალი აქვს. ავსტრალაიში იგი დიდი დანაკლისი იქნება, თუმცა მჯერა მარლერი დროს უქმად არ დაკარგავს და გუნდს განახლებული ენერგიით დაუბრუნდება“.

ინგლისის ნარკრებს ზაფხულის ტესტ-მატჩებისთვის სამი შეხვედრა აქვს დაგეგმილი, „ვარდები“ სამივე შეხვედრას სტუმრად ავსტრალიის ნაკრებთან გამართავენ - 11 ივნისი (ბრისბეინი), 18 ივნისი (მელბურნი) და 25 ივნისი (სიდნეი).

უჩა გოგიძე


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.084318