იაპონიის ნაკრებისა და „ქუინსლენდ რედსის“ ფულბეკი აიუმუ გორომარუ, დიდი ალბათობით, სუპერ რაგბის მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ფრანგულ „ტულონში“ გადავა, ირწმუნება Kyodo News-ი.
პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მორაგბე ავსტრალიურ კლუბს წლევანდელი სეზონის დაწყებამდე შეუერთდა და ადგილის დამკვიდრება ამ დრომდე ვერ მოახერხა. 15-ნომრიანი კვართის ნაცვლად, მას უმეტესად 23 ნომრის მორგება და მოედანზე მატჩის ბოლო წუთებზე შესვლა უწევს. გავრცელებული ინფორმაციით, იაპონელსა და „ტულონის“ მესვეურებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს და თვის ბოლოს ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდება.
მართალია, ბოლო მატჩში 30 წლის გორომარუმ „რედსის“ რიგებში 80 წუთი ითამაშა, თუმცა მისი კონკურენტი კარმიჩელ ჰანტი ტრავმას იშუშებს და იაპონელს, სავარაუდოდ, კვლავ სკამზე ჯდომა მოუწევს.
გორომარუ ქომაგებს შორის განსაკუთრებით პოპულარული მას შემდეგ გახდა, რაც 2015 წლის მსოფლიო თასზე ბრწყინვალე თამაში აჩვენა და სამხრეთ აფრიკასთან ისტორიულ გამარჯვებაში ლომის წვლილი შეიტანა.
შეგახსენებთ, რომ გორომარუს მომავალ კლუბში ერთბაშად 4 ქართველი მორაგბე ირიცხება - მამუკა გორგოძე, ლევან ჩილაჩავა, კოტე მიქაუტაძე და ბადრი ალხაზაშვილი.
უჩა გოგიძე
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია