საფრანგეთი პრო დ2

13:18 | 18.05.2016 | ნანახია 4222 - ჯერ

ფრანგული კლუბები თანხებში

გულშემატკივრებში უცხოური კლუბების ბიუჯეტი ხშირად არის ხოლმე განხილვის საგანი. ქომაგს აინტერესებს, რამდენად დიდია სხვაობა საფეხბურთო და სარაგბო კლუბებს, ასევე, უშუალოდ ფეხბურთელთა და მორაგბეთა ხელფასებს შორის. საინტერესოა ისიც, როგორია სხვაობა საფრანგეთის სხვადასხვა ლიგებისა და ქართული კლუბების ბიუჯეტებს შორის.

დავიწყოთ ტოპ 14-ით, რომლის ბიუჯეტიც გასულ სეზონთან შედარებით 2015/2016 წლების სეზონში ჯამში 5,18 მილიონი ევროთია გაზრდილი და ეს მიუხედავად იმისა, რომ შარშან „ლიონი“ პრო დ2-ში დაქვეითდა, რომლის ბიუჯეტიც ტოპ 14-ის რამდენიმე კლუბის ბიუჯეტზე მაღალია. 14 კლუბის საშუალო ბიუჯეტი 21 530 000 ევროა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში ფრანგულმა კლუბებმა მსოფლიო დონის რამდენიმე ვარსკვლავი შეიძინეს და ბიუჯეტის ზრდა ამ ფაქტსაც უკავშირდება.

ყველაზე დიდი სახელფასო ბიუჯეტი „ტულონს“ აქვს, თუმცა მისი საერთო ბიუჯეტი 26,86 მილიონი ევროა და ამ მაჩვენებლით მე-4 ადგილზეა. ყველაზე დიდი ბიუჯეტი „ტულუზს“ აქვს - 30 870 000 და ეს მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელთან შედარებით ის 4 150 000 ევროთია შემცირებული. 29,2 მილიონით მეორე ადგილზეა „კლერმონი“, ხოლო 27,65 მილიონით მესამე ადგილს ჯერ კიდევ მოქმედი ჩემპიონი „სტად ფრანსე“ იკავებს, რომელმაც მიმდინარე სეზონი სრულად ჩააგდო.

ჩემპიონთა თასის ფინალისტი „რასინგი“, 24,26 მილიონით მეხუთეა, მას ჩელენ ჯაფის გამარჯვებული „მონპელიე“ მოსდევს 23,46 მილიონით, ხოლო „გრენობლი“ ამ სეზონში 21,73 მილიონს ხარჯავს. შარშანდელთან შედარებით ბიუჯეტის ყველაზე დიდი ზრდა - 29% „ბორდოს“ ჰქონდა და წელს მან 20,43 მილიონი შეადგინა. „ბორდოს“ მცირედით ჩამორჩება „კასტრი“ - 20,34. ბიუჯეტის კუთხით ტოპ 14-ის ბოლო ხუთ ადგილზე ადგილები ასე გადანაწილდა: „პო“ - 17,31; „ლა როშელი“ - 16,43; „ოიონა“ - 16.01; „ბრივი“ - 15,28 და „აჟენი“ 11,62 მილიონი ევრო. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონის შემდეგ ტოპ 14-ის დატოვება „აჟენს“ და „ოიონას“ მოუწევთ.

ტოპ 14-ის კლუბების ბიუჯეტი გრაფიკულად ასე გამოიყურება:

Classement des budgets des clubs du Top 14 2015-16

  1. Stade Toulousain : 87 M€
  2. ASM Clermont Auvergne : 29.2 M€
  3. Stade Français : 27.65 M€
  4. RC Toulon : 26.86 M€
  5. Racing 92 : 24.26 M€
  6. Montpellier Rugby : 23.46 M€
  7. FC Grenoble Rugby : 21.73 M€
  8. Union Bordeaux-Bègles : 20.43 M€
  9. Castres Olympique : 20.34 M€
  10. Section Paloise : 17.31 M€
  11. Stade Rochelais : 16.43 M€
  12. US Oyonnax : 16.01 M€
  13. CA Brive Corrèze : 15.28 M€
  14. SU Agen : 11.62 M€

რაც შეეხება პრო დ2-ს, აქ ყველაზე დიდი ბიუჯეტი „ლიონს“ აქვს, რომელიც ამ კუთხით საფრანგეთში მე-10 ადგილზეა - 19,6. შეგახსენებთ, გუნდმა უკვე მოიპოვა ტოპ 14-ის საგზური და გაისად უძლიერესთა შორის დაბრუნდება. მეორე ადგილზე, ისევე, როგორც წლევანდელი გათამაშების სატურნირო ცხრილში „ვეიონია“ 11,3 მილიონით, „ბიარიცსა“, რომელიც ჩემპიონატში მე-10 ადგილზეა და „პერპინიენს“, შესაბამისად 10,7 და 10,5 მილიონი ევრო აქვთ, დანარჩენები კი, მათ ბევრით ჩამორჩებიან.

პრო დ2-ის დანარჩენი გუნდების ბიუჯეტი ასეთია: „ბეზიე“ - 6,3; „მონ-დე-მარსანი“ - 5,9; „ალბი“ - 5,8; „ექსი“ - 5.6; „კოლომიე“ - 5,5; „ტარბი“ - 5,2; „მონტობანი“ - 5,0; „ორიაკი“ - 4,5; „ბარბონი“ და „ბურგუენი“ - 4,4; „კარკასონი“ 4,3 და „დაქსი“ 4,0. „ბეიონის“ გარდა, რეგულარული პირველობის ხუთეულში დასრულების და ტოპ 14-ის საგზურისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსი აქვთ „მონ-დე-მარსანს“, „ორიაკს“, „კოლომიეს“, „პერპინიენს“ და „ბეზიეს“. ლიგას ემშვიდობებიან „დაქსი“ და „ექსი“.

ფედერალ 1-ის გუნდებმა, „ანგულემმა“ და „ვანმა“ უკვე მოიპოვეს მომავალ სეზონში პრო დ2-ში თამაშის უფლება. გასულ სეზონში „ანგულემის“ ბიუჯეტი 2,5 მილიონი ევრო იყო და რა გასაკვირია, გუნდმა ელიტაში აღზევება რომ მოახერხა, ხოლო „ვანის“ ბიუჯეტი 1,8 მილიონი ევროა.

ტოპ 14-ისგან განსხვავებით, პრო დ2-ის კლუბების გრაფიკას სურათის სახით და დამატებითი მაჩვენებლებითაც წარმოგიდგენთ. პირველ ხაზში კლუბის ბიუჯეტია მითითებული, მეორეში საშინაო არენის სახელი და მაყურებელთა ტევადობა, ხოლო მესამე ხაზში ქალაქის მაცხოვრებელთა რაოდენობაა მითითებული. მაგალითისთვის, „ლიონის“ ბიუჯეტი 19,6 მილიონი ევროა, თამაშობს სტადიონ „მატმუტზე“, რომელიც 11 805 მაყურებელს იტევს და ქალაქის მაცხოვრებელთა რაოდენობა 500 715 ადამიანია.

ლადო გოგოლაძე


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
18:21 | 18.05.2016
buratino (480)

ერთბაშად არ შევედაროთ ახლა ფრნაგულ კლუბებს (თუნდაც პრო-დ2-ს)

0.093376