„ტულონის“ ინგლისელმა ფლანკერმა სტეფონ არმიტეჟმა გუნდის დატოვების და სამშობლოში დაბრუნების სურვილი გამოთქვა. მან ამის შესახებ კლუბის პრეზიდენტ მურად ბუჯელალს უკვე აცნობა.
30 წლის მორაგბე „ტულონს“ ხუთი წლის წინ „ლონდონ აირიშიდან“ შეუერთდა და მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა. 2014 წელს ის ევროპის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს, მაგრამ ინგლისის ეროვნულ გუნდში ლეგიონერებს არ ეძახიან და სამშობლოში დაბრუნების სურვილიც სწორედ ნაკრებში თამაშის სურვილმა განაპირობა. ბუჯელალი ინგლისელის გაშვების წინააღმდეგი არაა, ოღონდ:
„სტეფონი მოვიდა და მითხრა, რომ ედი ჯონსი ნაკრებში უხმობს და სამშობლოში დაბრუნება უნდა. მას ჩვენთან კონტრაქტი აკავშირებს. მე არმიტეჟის წასვლის წინააღმდეგი არ ვარ, ოღონდ შესაბამისი თანხა იქნება გადასახდელი. ის საკმაოდ ძვირი ღირს“ - ამბობს ბუჯელალი.
სტეფონის შესაძლო მყიდველებად „ბათი“ და „უოსპსი“ სახელდებიან. ამ უკანასკნელის დირექტორმა დაი იანგმა დაადასტურა, რომ ძლიერი ფლანკერის შეძენა უნდა, ოღონდ გვარი არ დაუკონკრეტებია:
„რა თქმა უნდა, სტეფონის დარი ფლანკერის შეძენით დაინტერესებული ვართ. ჯერჯერობით „ტულონთან“ არანაირი კონტაქტი არ გვქონია და ამ ეტაპზე კონკრეტულს ვერაფერს ვიტყვით. ვიცით, რომ არმიტეჟმა თავადაც გამოთქვა პრემიერშიპში დაბრუნების სურვილი და ასეთ დროს ლიგის 12 გუნდიდან ერთ-ერთი ჩვენც ვართ“.
აღსანიშნავია, რომ „უოსპსი“ სატრანსფერო ბაზარზე ყველაზე აქტიური გუნდია და უკვე არაერთი ცნობილი მორაგბე დაიმატა, ინგლისელის შემთხვევაში კი, რომლის ავსტრალიაში ტესტ-მატჩებზე წაყვანის სურვილი ედი ჯონსმა გამოთქვა, გადამწყვეტი სატრანსფერო ღირებულება იქნება.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია