ტოპ 14

11:31 | 17.05.2016 | ნანახია 1723 - ჯერ

დენ კარტერი: „ორ კვირაში დავბრუნდები“

პარიზული „რასინგის“ ახალზელანდიელმა მგეზავმა დენ კარტერმა საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა.

ჩემპიონთა თასის ფინალი პლანეტის საუკეთესო მექულემ სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო, მაგრამ მეორე ტაიმის დებიუტშივე ტკივილებმა შეაწუხა და მოედანი დატოვა. მისი გუნდი ლონდონის „სარასენსთან“ 9:21 დამარცხდა.

„ფინალამდე გუნდთან ერთად სამი კვირა არ მივარჯიშია და კონკრეტულად ამ მატჩისთვის ინდივიდუალურად ვემზადებოდი. გახურებისას გამოჩნდა, რომ პრობლემები არ მქონდა და პირველ ტაიმში ნორმალურად ვიყავი. როდესაც დისკომფორტი ვიგრძენი შეცვლა ვითხოვე, რადგან არ მინდოდა მოედანზე ყოფნა, თუ გუნდს 100%-ით ვერ დავეხმარებოდი. სამწუხაროდ, იმდენი ვერ ვითამაშე, რამდენის სურვილიც მქონდა.

ვფიქრობ, დაზიანება სერიოზული არაა. სავარაუდოდ, ერთი-ორი კვირა გამიცდება. სამედიცინო შტაბთან ერთად დავგეგმავთ აღდგენით პროცესს, რათა რეაბილიტაციამ წარმატებით ჩაიაროს და გუნდს საფრანგეთის ჩემპიონატის პლეი ოფში გასვლაში დავეხმარო“ - აფასებს საკუთარ მდგომარეობას კარტერი.

მოცემული მომენტისთვის „რასინგი“ ტოპ 14-ში 68 ქულით მე-4 ადგილზეა და საჩემპიონო პლეი ოფში გასვლა პრაქტიკულად განაღდებული აქვს. გასარკვევია რომელ ადგილზე დაასრულებს გუნდი რეგულარულ გათამაშებას და რა გზის გავლა მოუწევს ფინალამდე. პარიზელები 21 მაისს „პოს“ მასპინძლობენ, ხოლო 27-ში „ლა როშელს“ სტუმრად ეთამაშებიან. სავარაუდოდ, კარტერი ამ თამაშებს გამოტოვებს. „რასინგი“ რეგულარულ გათამაშებას 4 ივნისს „მონპელიესთან“ ჯახით დაასრულებს.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.086311