საერთაშორისო

20:08 | 4.02.2016 | ნანახია 1041 - ჯერ

ჯონსმა ინგლისი პირველად დარაზმა

ინგლისის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ედი ჯონსმა, ქვეყნის ეროვნული ნაკრების შემადგენლობა დაასახელა და კაპიტნის სამკლავური დილან ჰარტლის ჩააბარა.
ახალზელანდიელი სპეციალისტისთვის, რომელმაც 2015 წლის მსოფლიო თასზე იაპონიის ნაკრებთან ერთად არნახულ შედეგს მიაღწია, შოტლანდიასთან გასამართი მატჩი პირველი იქნება ინგლისის ნაკრების თავკაცის რანგში. მან ოუენ ფარელი შუამარბად გაამწესა, ხოლო 9 ნომრის პოზიციაზე ადგილი დენი ქეარის ანდო. ჯამში ინგლისის ნაკრების მოთამაშეთა კეპების რაოდენობა 512-ს შეადგენს. გუნდში სამი დებიუტანტია - ჯეკ კლიფორდი, პოლ ჰილი და ოლი დევოტო. სამივე მათგანი შეხვედრას სათადარიგოთა სკამზე იწყებს.
“შემადგენლობის შერჩევისას გარკვეული სირთულეები იყო და არჩევანი შევაჩერეთ გამოცდილებისა და ახალგაზრდობის ნაზავზე. ბიჭები შეკრებაზე მოსვლის დღიდან თავდაუზოგავად მუშაობდნენ, რათა მაქსიმალურად სწრაფად შეეთვისებინათ ის სიახლეები, რომელთა დანერგვასაც ვცდილობ. კარგად მოვემზადეთ და კმაყოფილი ვარ იმ პროგრესით, რასაც ამ მოკლე პერიოდში მივაღწიეთ.
მინდა დიდი მადლობა გადავუხადო სტიუარტ ლანკასტერს, რადგან მემკვიდრეობით უნიჭიერესი და მოტივირებული მოთამაშეთა ჯგუფი მერგო. დარწმუნებულები ვართ, შეგვიძლია ედინბურგში გამარჯვება, თუმცა, იმასაც ვათვითცნობიერებთ, რომ ამის გაკეთება იოლი არ იქნება. ემოციური შოტლანდიელებით გადაჭედილ “მარიფილდზე” თამაში, გუნდისთვის ნამდვილი გამოცდა იქნება. გუნდის კაპიტანი დილან ჰარტლი იქნება, რომელსაც დახმარებას ოუენ ფარელი, ბილი ვუნიპოლა და მაიკ ბრაუნი გაუწევენ” - თქვა ჯონსმა.
შოტლანდიისა და ინგლისის ნაკრებების შეხვედრა 6 თებერვალს, თბილისის დროით 20:50 საათზე იწყება.
ინგლისი: 15. მაიკ ბრაუნი, 14. ენტონი უოტსონი, 13. ჯონათან ჯოზეფი, 12. ოუენ ფარელი, 11. ჯეკ ნოუელი, 10. ჯორჯ ფორდი, 9. დენი ქეარი; 8. ბილი ვუნიპოლა, 7. ჯეიმს ჰესქელი, 6. ქრის რობშოუ, 5. ჯორჯ ქრუისი, 4. ჯო ლონჩბრი, 3. დენ ქოული, 2. დილან ჰართლი, 1. ჯო მარლერი.
სათადარიგოები: 16. ჯეიმი ჯორჯი 17. მაკო ვუნიპოლა 18. პოლ ჰილი 19. ქორთნი ლოუსი 20. ჯეკ კლიფორდი 21. ბენ იანგსი 22. ალექს გუდი 23. ოლი დევოტო.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.079879