2016 წლის ევროპის საუკეთესო მორაგბედ ინგლისის ნაკრებისა და „სარასენსის“ მეორეხაზელი მარიო იტოჯე დასახელდა. 21 წლის იტოჯე მეექვსე მორაგბე გახდა, ვინც ამ პრესტიჟული ტიტულის მოპოვება მოახერხა.
ევროპის საუკეთესო მორაგბის პრიზი 2011 წლიდან გაიცემა და წლის რჩეულს „ევროპის პროფესიული საკლუბო რაგბის“ პარტნიორი „თურქიშ ეარლაინსი“ წარადგენს. ავიაკომპანიამ იტოჯეს ერთი მილიონი მილის უფასოდ ფრენის საშუალება მისცა.
ახალგაზრდა მეორეხაზელი ბოლო დროს თვალშისაცემად პროგრესირებს - მან უკვე დაიმკვიდრა ინგლისის ნაკრების შემადგენლობაში ადგილი, ორი დღის წინ „სარასენსთან“ ერთად ჩემპიონთა თასის მფლობელი გახდა, ფინალურ მატჩში იტოჯე საუკეთესო მორაგბედ დასახელდა, საკლუბო სეზონის ბოლოს კი, ევროპაშიც საუკეთესოდ სცნეს.
პრესტიჟული პრიზის პირველი მფლობელი ირლანდიის ნაკრებისა და „ლენსტერის“ მესამეხაზელი შონ ობრაიანი გახდა, მანამდე ერთი წლით ადრე კი, ასევე ირლანდიელი რონან ოგარა ბოლო 15 წლის ევროპის საუკეთესო მორაგბედ აღიარეს.
მარიო იტოჯე ექსპერთთა ჯგუფმა შეარჩია, რომელთაც არჩევანი იმ 15 მორაგბედან უნდა გაეკეთებინათ, რომლებმაც 2015/16 წლების სეზონში თავი ყველაზე კარგად წარმოაჩინეს.
ევროპის საუკეთესო მორაგბეები წლების მიხედვით: 1995-2010 რონან ოგარა - მანსტერი; 2011 შონ ობრაიანი - ლენსტერი; 2012 რობ ქერნი - ლენსტერი; 2013 ჯონი ვილკინსონი - ტულონი; 2014 სტეფონ ერმიტაჯი - ტულონი; 2015 ნიკ აბენდანონი - კლერმონი; 2016 მარიო იტოჯე - სარასენსი.
უჩა გოგიძე
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია