უკრაინის ეროვნულმა ნაკრებმა ერთა თასი 1B-ს წლევანდელი სეზონი დაუმარცხებლად დაასრულა და 25 შესაძლებლიდან 23 ქულა დააგროვა. მაგრამ ორი წლის ჯამში პირველობა ბელგიას ერგო, რომელმაც 10-იდან მხოლოდ ერთი შეხვედრა დათმო და ერთა თასის უმაღლეს დონეზე ჯერ კიდევ მარტში აღზევდა.
და მაინც, დასკვნით ტურს უკრაინელებისთვის ფსიქოლოგიური თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. გარდა იმისა, რომ მათ წელიწადის პირველ ადგილზე დასრულების შანსი ჰქონდათ, მოლდოვას 7 წლის განმავლობაში ვერ ამარცხებდნენ და უსიამოვნო ტრადიციის შეწყვეტა სურდათ.
ანგარიში სტუმრებმა ჯარიმით გახსნეს, მასპინძლებმა წონასწორობა აღადგინეს, ხოლო ტაიმის დასკვნით 15 წუთში სამი ლელო დადეს და 24:3 დაწინაურდნენ. მეორე ტაიმში მოლდოვამ ორჯერ შეძლო ლელო-გარდასახვით ჩამორჩენის შემცირება, მაგრამ უკრაინამ ორივეჯერ ლელოთი უპასუხა და 36:17 იმარჯვა.
დასკვნითი ტურის კიდევ ერთ მატჩში ჰოლანდია შვედეთს ეწვია და 25:23 სძლია. სტუმრები მეორე ტაიმის დასაწყისში 22:6 დაწინაურდნენ, თუმცა 51-ედან 64-ე წუთამდე სამი ლელო მიიღეს და 22:23 ჩამორჩნენ. შვედებისთვის გადამწყვეტი გაცუდებული გარდასახვები აღმოჩნდა, ჰოლანდიელებმა 71-ე წუთზე არეკნი გაიტანეს და მას შემდეგ ანგარიში აღარ შეცვლილა. შვედებმა ორი წლის ჯამში 10-ვე თამაში დათმეს და ერთადერთი პრემიალური ქულა სწორედ ბოლო ტურში, მცირედი მარცხისთვის აიღეს.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
საბოლოო ცხრილიც რომ მიგეგდოთ სადმე კუთხეში, არ იქნებოდა ურიგო