სტატიები

20:49 | 15.05.2016 | ნანახია 2271 - ჯერ

დიდი 10-ის დიდი ფინალი - „ლელო“ უცვლელი ჩემპიონია!

„ლელო-სარასენსი“ საქართველოში საუკეთესო გუნდი რომაა, კიდევ ერთხელ დამტკიცდა. მისი ჰეგემოანია მინიმუმ ერთი წლით გახანგრძლივდა და უკვე ზედიზედ მეოთხედ, საქართველოს ჩემპიონი გახდა.

მიყოლებით ჩემპიონობის კუთხით, ეს აბსოლუტური რეკორდია და ძალიან დიდხანს შენარჩუნდება. 2015/2016 წლების სეზონში, ისევე, როგორც შარშან, ლევან მაისაშვილის შეგირდებმა თბილისის „ლოკომოტივი“ დაამარცხა, რომელიც აბსოლუტური ჩემპიონია დამოუკიდებლობის პერიოდში მოპოვებული ჩემპიონობის კუთხით. რკინიგზელებმა თასი ჯამში 9-ჯერ შემართეს, ოღონდ ბოლოჯერ 2010 წელს იპირველეს. „ლელო-სარასენსი“ ბოლოდროინდელი ტრიუმფების ფონზე ამ სხვაობას ამცირებს და უკვე მეექვსედ იზეიმა პირველობა.

ზემოთ ვახსენეთ, რომ „ლელო-სარასენსმა“ „ლოკომოტივი“ შარშანდელის მსგავსად დაამარცხა, თუმცა ეს მხოლოდ ფაქტობრივ მონაცემებს ეხება. შინაარსობრივად, ეს შეხვედრა შარშანდელისგან სრულად განსხვავდება - თუ შარშან „ლელო-სარასენსმა“ „ლოკომოტივი“ პირწმინდად დაჩაგრა და გამარჯვებულიც ფაქტობრივად საათის თავზე გარკვეული იყო, ამ შემთხვევაში თემურ ბენდიაშვილის შეგირდებმა მაგრად იბრძოლეს და ტიტულის დაბრუნებასთანაც ძალიან ახლოს იყვნენ, მაგრამ უპირატესობის შენარჩუნება ვერ მოახერხეს.

„ლელო-სარასენსს“ გამარჯვება სანდრო მინდიაშვილის ჭკვიანურმა თამაშმა მოუტანა, რომელმაც მცველი ცრუმოძრაობაზე დაიჭირა და მისი ლელო ირაკლი ყიასაშვილმა გარდასახა. მინდიაშვილის ლელო ბოლო იყო, თორემ ჯამში ეს გამარჯვება ყველა მორაგბის თავდადებული ბრძოლის შედეგია - გუჯა სურგულაძემ და ყიასაშვილმა თავისი წილი ლელოები დადეს, სანდრო ქოიავამ ოფლთან ერთად ბლომად სისხლი დაღვარა და ყველა მოთამაშემ, რომელიც მოედანზე იყო, უზარმაზარი სამუშაო გაწია.

თავის მხრივ, მაგრად იომა „ლოკომოტივმა“. დიმიტრი კალანდაძემ და ხვთისო ელოშვილმა ლელოები დადეს, ბექა წიკლაურმა გარდასახვა და ჯარიმა გაიტანა. გუნდმა ითამაშა მისი სტილისგან განსხვავებული, შემტევი, ხელდახელ რაგბი, მატჩის უმეტესი ნაწილი სათამაშო უპირატესობას ფლობდა, მაგრამ მისი მეტოქე ლევან მაისაშვილის დამოძღვრილი „ლელო-სარასენსი“ იყო, რომელმაც ყველაზე ჯერზე შეძლო ანგარიშის სათავისოდ შემობრუნება.

მოკლედ, თამაში იყო ისეთი, როგორსაც ქართული რაგბის გულშემატკივარი ისურვებდა - ლამაზი, შემტევი, უშეღავათო. პირველიდან ბოლო წუთამდე ტემპი წამითაც არ დავარდნილა და მორაგბეებს იშვიათად მოსდიოდათ ტექნიკური წუნი. მოედანზე ყველამ მაქსიმუმი დადო და თუ ასეთი თამაშები საქართველოს ჩემპიონატში ხშირი იქნება, მაშინ დიდ 10-ს მაყურებელი არცერთ ეტაპზე არ მოაკლდება.

მატჩამდე 30-40 წუთით ადრე, თბილისში გაზაფხულის წვიმამ ჩამოასხა და ამან ფინალს მაყურებელი მოაკლო. მაგრამ მერე გამოიდარა და „მიხეილ მესხზე“ მისულებმა 80-წუთიანი სანახაობა იხილეს. თამაში თავიდანვე მაღალ ტემპში დაიწყო პირველმა ლელომაც არ დააყოვნა. ის ბექა წიკლაურის შეცდომას მოყვა, რომელსაც საკუთარი 22-იდან ბურთის ფეხით მოგერიების მცდელობისას თორნიკე ბუბუტეიშვილმა დაუფარა და თავად შეუტია. წიკლაურმა შეცდომა გამოასწორა და მოიერიშე ლელოდან 3-4 მეტრში შეაჩერა, მერე მისმა თანაგუნდელებმა სანდრო თოდუა ადგილზე გააშეშეს, მაგრამ საქმეში გუჯა სურგულაძე ჩაერთო, რაქიდან შეუტია და მისი გამჩერებელი აღარავინ იყო. არცთუ რთული პოზიციიდან ყიასაშვილს გარდასახვა გაუცუდდა.

„ლოკომოტივმა“ თამაშის განახლებისთანავე კარგი იერიშით უპასუხა, ჯარიმის უფლებაც მოიპოვა, მაგრამ წიკლაურს მარცხნიდან დარტყმა გაუცუდდა. გაშვებული ლელოს შემდეგ, რკინიგზელები სრულად დაეუფლნენ სათამაშო და ტერიტორიულ უპირატესობას, ხიფათს უკანახაზელები ქმნიდნენ და მე-15 წუთზე მარჯვენა ფლანგზე დიმიტრი კალანდაძე გაიქცა, რომელიც თემურ ჩიტიძემ შებოჭა. ამ მომენტისთვის „ლელო-სარასენსს“ ჯარიმები უკვე საკმარისად დაუგროვდა, თანაც ირლანდიელმა რეფერიმ ეს ბოჭვა მაღალ ბოჭვად შეაფასა და ჩიტიძე სინბინში გაუშვა.

ბენდიაშვილის შეგირდებმა მეტობა და სათამაშო უპირატესობა მე-20 წუთზე, რამდენიმე მცდელობის შემდეგ გამოიყენეს. რაქიდან ბურთი ფლანგზე გაიშალა, გიორგი შკინინმა კალანდაძეს უპასა, რომელიც ცრუმოძრაობის შემდეგ სამ მცველს შორის გაძვრა და ლელომდე ხელუხლებლად მივიდა. წიკლაურმა გარდასახა და „ლოკომოტივი“ 7:5 დაწინაურდა. განახლდა თუ არა თამაში, უკვე „ლელო-სარასენსი“ გააქტიურდა და 5-მეტრამდეც მივიდა, მერე ჯარიმის კარში დარტყმას ლელოზე თამაში არჩია, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია, თუმცა მეტოქის შერკინებაში ჯარიმის შესრულების უფლება მოიპოვა და ამჯერად ყიასაშვილმა კარში დაარტყა - არცთუ რთული მდგომარეობიდან ბურთი მიზანს ასცდა. ტაიმის მიწურულს მოედნის ცენტრიდან ჯარიმა კარში წიკლაურმა დაარტყა, მაგრამ ბურთმა ძელებსშუა არც ამჯერად გაიარა და ტაიმი „ლოკომოტივმა“ 7:5 მოიგო.

მეორე ტაიმი „ლოკომოტივისთვის“ კვლავ ცუდად დაიწყო - ირლანდიელმა რეფერიმ შენიშნა, რომ გივი ბერიშვილმა მეტოქეს სახეში დაარტყა და სინბინში გაუშვა. „ლელო-სარასენსი“ რიცხობრივი უპირტატესობის გამოყენებისთვის დაირაზმა და მიზანსაც უწია - ცენტრიდან ჯარიმა აუტში გადაიტანა, მეტოქის 22-ში გიორგი ტალახაძემ ყიასაშვილს უპასა, ზურაბ ძნელაძის ბოჭვამ ის ვერ შეაჩერა და უკვე ლელოში შესულ შემტევს მეორე მცველიც წაეტანა, მაგრამ ლელოს დამიწება მხოლოდ ნახევარი წამით შეყოვნდა - 10:7 და გარდასახვა არაზუსტი იყო.

ახლა „ლოკომოტივმა“ მოინდომა და 53-ე წუთზე წიკლაურმა ჯარიმით წონასწორობა აღადგინა, მერე არეკნის შესრულება არ გამოუვიდა და დასკვნით მეოთხედში გუნდები საყაიმო ანგარიშით შევიდნენ. რკინიგზელები უტევდნენ და 64-ე წუთზე ჩათვლის მოედანსაც უწიეს - „ლელომ“ ბრძოლაში დაკარგა ბურთი, ფარნა გასვიანმა ხაზი გაჭრა და ლელოში გადაგორდა, მაგრამ მას ლაშა ხმალაძე ჩაუწვა და ვიდეო-გამეორებაზე გამოჩნდა, რომ ლელო არ შედგა. სამაგიეროდ, რკინიგზელებმა შერკინებაში ჯარიმა მოიპოვეს, ბურთი აუტში გადაიტანეს და ზეწოლა გააგრძელეს. მოლი ჯარიმით ჩაიქაცა, „ლოკომოტივმა“ უპირატესონაზე დარტყმებით ცენტრისკენ გადაინაცვლა, მერე შეტევის მიმართულება კვლავ მარცხნივ დაბრუნდა და პირველხაზელი ხვთისო ელოშვილი სანდრო ხეცოიძემ ვეღარ შეაჩერა. წიკლაურმა ალამთან დადებული ლელო ვერ გარდასახა - 10:15.

შეტევების ესტაფედა „ლელომ“ აიღო, მთელი ძალებით შეუტია და 72-ე წუთზე მეტოქის 22-ში ჯარიმა მოიპოვა. პოზიცია გასატანი იყო, თუმცა ჩემპიონმა ბურთის აუტში გადატანის გადაწყვეტილება მიიღო. ამან შედეგი გამოიღო, რამდენიმე დარტყმის შემდეგ, მიზნიდან 8 მეტრში წარმოქმნილი რაქიდან ბურთი სანდრო მინდიაშვილმა აიღო, მცველი პასის ცრუმოძრაობაზე წამოეგო, შემტევის წინ სივრცე გაჩნდა, „ლელოს“ 9-იანმა ხაზი გაჭრა და ლელოში შეცურდა. ამჯერად ყიასაშვილის გარდასახვა ზუსტი იყო და - 17:15. მატჩის გადასარჩენად „ლოკომოტივს“ დაახლოებით 5 წუთი ჰქონდა, მაგრამ ძალა აღარ ეყო. „ლელო-სარასენსმა“ თავი კარგად დაიცვა, მერე ბურთს დაეუფლა, დრო გაიყვანა და ჩემპიონის თასი ზედიზედ მეოთხედ შემართა.

ახლა მნიშვნელოვანია, რომ „ლელო-სარასენსს“ ეს გამარჯვება მაინც დაუფასდეს და სახელმწიფოს ხელშეწყობით, ან ბიზნესმენების დახმარებით, საქართველოს ჩემპიონს შემოდგომიდან ევროთასებზე ჩართვის საშუალება მიეცეს - ლევან მაისაშვილი და მისი შეგირდები ამას ნამდვილად იმსახურებენ!

დიდი 10. 2015/2016 წლების სეზონი. ფინალი

15 მაისი. თბილისი. „მიხეილ მესხი“. 7 000 მაყურებელი

ლელო-სარასენსი (თბილისი) - ლოკომოტივი (თბილისი) 17:15 (5:7)

ლელო-სარასენსი: 15. ირაკლი ყიასაშვილი, 14. თემურ ჩიტიძე, 13. ალექსანდრე თოდუა, 12. გიორგი ტალახაძე, 11. სანდრო ხეცოიძე, 10. ლაშა ხმალაძე (კაპ), 9. სანდრო მინდიაშვილი; 1. თევდორე მაჭარაშვილი, 2. გიორგი ჭყოიძე, 3. ნიკა პატარაია, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. სანდრო ქოიავა, 6. დაჩი კოპაძე, 7. გუჯა სურგულაძე, 8. თორნიკე ბუბუტეიშვილი.

სათადარიგოები: 16. გიორგი ლომთაძე, 17. რეზო მარგალიტაძე, 18.ლაშა მჭედლიძე, 19. ზურა ხორბალაძე, 20. როლად კვაჭაძე, 21. ოთარ ბარაკალაია, 22.გიორგი ლომინაძე, 23. ზვიად მაისურაძე.

3 ლელო: სურგულაძე, ყიასაშვილი, მინდიაშვილი

1 გარდასახვა: ყიასაშვილი

1 სინბინი: ჩიტიძე

ლოკომოტივი: 15. საბა ნიკოლავა, 14. დიტო კალანდაძე, 13. ზურა ძნელაძე, 12. ვახო კავთიძე, 11. გიორგი შკინინი, 10. ბექა წიკლაური (კაპ), 9. ვაჟა ხუციშვილი; 1. ვახო ქვათაძე, 2. ლევან გენებაშვილი, 3. მირიან ბურდული, 4. გიორგი გეგია, 5. ვასილ მახარაძე, 6. ლაშა ფოფხაძე, 7. გივი ბერიშვილი, 8. ფარნა გასვიანი.

სათადარიგოები: 16. ხვთისო ელოშვილი, 17. ჯონათან პაატაშვილი, 18. არჩილ გაგნიძე, 19. ამირან მიქაძე, 20. თორნიკე ტურაშვილი, 21. შალვა დავითაშვილი, 22. გიორგი ბიწაძე, 23. სანდრო ქავთარაძე.

2 ლელო: კალანდაძე, ელოშვილი

1 გარდასახვა: წიკლაური

1 ჯარიმა: წიკლაური

1 სინბინი: ბერიშვილი

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.092511