ზე-18

14:48 | 15.05.2016 | ნანახია 1551 - ჯერ

არგენტინელების ბოლო წუთი... (+ვიდეო)

გუშინ ღამით სუპერ რაგბის მე-12 რაუნდის დარჩენილი შეხვედრები გაიმართა. საინტერესო აღმოჩნდა რაუნდის ბოლო მატჩი, რომელიც ბუენოს აირესში შედგა - ადგილობრივმა „იაგუარესმა“ სამხრეთაფრიკულ „შარქსს“ უამსპინძლა და ბოლო, მე-80 წუთზე გაშვებული ჯარიმის გამო 22:25 წააგო.

დაპირისპირება წმინდად არგენტინულ-სამხრეთაფრიკული გამოდგა, რადგან არც ერთი გუნდის განაცხადში უცხო ქვეყნის მოქალაქე არ იყო. მასპინძლებმა თამაში კარგად დაიწყეს და მატჩის პირველი მეოთხედი პიწმინდად მოიგეს. მე-7 წუთზე „იაგუარებმა“ პირველი ლელო დადეს - მოედნის ცენტრში არგენტინელთა ფულბეკმა ხოაკინ ტუკულეტმა ცრუმოძრაობებით სამი მეტოქე ჩამოიცილა, 10-12 მეტრით წაწია ბურთი და შემდეგ მეორეხაზელ ტომას ლავანინის უპასა, ამ უკანასკნელმაც ლელომდე მარდად ირბინა, ხოლო გარდასახვა ნიკოლას სანჩესმა გაიტანა - 7:0. ცოტა ხანში სტუმართა კაპიტანსა და მგეზავ პეტ ლემბის ორი ჯარიმა გამოიყენა და სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა, თუმცა მე-18 წუთზე „იაგუარების“ ჰავბეკმა მარტინ ლანდახომ რაქიდან ამოღებული ბურთის ლელოში გადადება მოახრხა და სანჩესის გარდასახვაც კვლავ ზუსტი იყო - 14:6.

27-ე და 29-ე წუთებზე პეტ ლემბიმ კიდევ ორი ჯარიმა გაიტანა, უნდა აღინიშნოს, რომ მასპინძლები ხშირად არღვევდნენ თამაშის წესებს, რის შედეგად არბიტრმა 33-ე წუთზე მათი მესამეხაზელი პაბლო მატერა გაასინბინა. ამით მალევე ისარგებლეს „ზვიგენებმა“ და 35-ე წუთზე მორკინალების რამდენიმე მიძალების შემდეგ ლელოს დანიელ დუ პრესმა უწია, ლემბიმ ზუსტად გარდასახა - 14:19. პირველი ნახევრის დასრულებამდე არგენტინელებმა ჯარიმის გატანა მოახერხეს და ანგარიშის სხვაობა ორამდე დაიყვანეს - 17:19.

მეორე ტაიმი უხვქულიანობით არ გამოირჩეოდა. 49-ე წუთზე აფრიკელთა კაპიტანმა კიდევ ერთი ჯარიმა გაიტანა და ხუთქულიანი უპირატესობა შექმნა. 69-ე წუთზე არბიტრმა ყვითელი ბარათი „შარქსის“ მოთამაშეს უჩვენა - მოედნის დატოვება შეცვლაზე შესულ შუამარბ სთელა სითოლეს მოუწია. რიცხორივი უპირატესობით მალევე ისარგებლეს „იაგუარებმა“, 72-ე წუთზე მეტოქის ხუთმეტრიანთან დანიშნული შერკინებიდან ლანდახომ ბურთ სწრაფად გაიტანა და ბოფელის უპასა, რომელმაც ლელოს ხაზამდე კი მიაღწია, მაგრამ დამიწება ვერ მოახერხა, სამაგიეროდ რამდენიმე წამში სანტიაგო გარსია ბოტამ იყოჩაღა და ლელო მიითვალა - 22:22, რადგან გარდასახვა არაზუსტი იყო. ტურნირის დებიუტანტი არგენტინელები დამაკმაყოფილებელ ფრესთან და ორ ქულასთან ახლოს იყვნენ, თუმცა ბოლო წუთზე იმედები გაუცრუვდათ. 10-მეტრიან წყვეტილ ხაზთან დანიშნული ჯარიმა ლემბიმ ამჯერადაც ზუსტად დაარტყა და „შარქსს“ მცირედით მოაგებინა.

„იაგუარებს“ პრემია ერგოთ, 13 ქულა აქვთ და სუპერ რაგბის ცხრილში მე-14 ადგილზე არიან, ხოლო „შარქსი“ 30 ქულით მე-8 პოზიციაზეა.

არგენტინულ მატჩამდე სამი საათით ადრე ბონუსქულით გაიმარჯვა სამხრეთაფრიკულმა „ლაიონსმა“, რომელმაც „ბლუზს“ უმასპინძლა და 43:5 გაანადგურა. საერთო ჯამში „ლომებმა“ მეტოქეს შვიდი ლელო დაუდეს, საიდანაც ოთხი გარდასახეს. ამ გამარჯვების შემდეგ „ლაიონსს“ 32 ქულა დაუგროვდა და მე-5 ადგილზე გადაინაცვლა, ხოლო ტანა უმაგას შეგირდები 25 ქულით მეთერთმეტენი არიან.

ცხრილის ქვედა ნაწილის ბინადრები ხვდებოდნენ ერთმანეთს ბლუმფონტეინში - ადგილობრივმა „ჩიტასმა“ ბოლოადგილოსანი „კინგსი“ 34:20 დაამარცხა. შეხვედრა მასპინძლეთა უპირატესობით წარიმართა და დამსახურებული ოთხი ქულა ჩაიწერეს აქტივში. „ჩიტასს“ 16 ქულა აქვს და მე-13 პოზიციას იკავებს, ხოლო „კინგსი“ „სანვულვზთან“ მოპოვებული ოთხი ქულით კვლავაც ბოლოა ადგილზეა.

იაგუარსი - შარქსი 22:25

ჩიტასი - კინგსი 34:20

ლაიონსი - ბლუზი 43:5

უჩა გოგიძე


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.093621