ჩემპიონთა თასი

23:30 | 14.05.2016 | ნანახია 2593 - ჯერ

„ლელოს“ მეგობარი ევროპის ჩემპიონია

თბილისის „ლელო-სარასენსის“ მეგობარმა, ლონდონის „სარასენსმა“, ჩემპიონთა თასის ფინალში პარიზული „რასინგი“ 21:9 დაამარცხა და პირველად კლუბის არსებობის ისტორიაში, ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტიტულის მფლობელი გახდა.

ორი წლის წინ ინგლისელები ფინალში კიდევ ერთ ფრანგულ კლუბთან, „ტულონთან“ მატჩში დამარცხდნენ, ამჯერად კი, ყველაფერი მათ სასიკეთოდ დასრულდა. ლიონში, 58 ათასი მაყურებლის წინაშე, ოუენ ფარელიმ შვიდი ზუსტი დარტყმა შეასრულა და ეს საკმარისი აღმოჩნდა.

თამაშმა წვიმის ფონზე ჩაიარა და ამან მის მსვლელობას თავისი კვალი დაატყო. პარიზელებს ბურთი ხელიდან ხშირად უვარდებოდათ და 19 თერნოვერი შეემთხვევათ, რაც ამ დონის გუნდისთვის ძალიან ბევრია. „სარასენსმა“ კარგად ითამაშა დაცვაშიც და შეტევაშიც, მეტოქეს არ მისცა სტატიკურ მდგომარეობებში უპირატესობის მოპოვების საშუალება და რიგ ეპიზოდებში შერკინებებში ფრანგებს დაჯარიმება აიძულა.

„რასინგს“ ვერ გაუმართლეს ლიდერებმა - მაქსიმ მაშენო მძიმე ტვინის შერყევის დიაგნიზოთ ჯერ კიდევ პირველი ტაიმის შუაში შეიქმნა შესაცვლელი, ხოლო მსოფლიოს საუკეთესო მექულე დენ კარტერმა თავი ვერაფრით გამოიჩინა და მოედანი 42-ე წუთზე ტრავმის გამო დატოვა. „სარასენსს“ საკუთარი თავის რწმენა ერთხელაც არ დაუკარგავს, ჭკვიანურად აკონტროლებდა მატჩის მსვლელობას და გახდა პირველი გუნდი, რომელმაც ევროთასების მთელი სეზონი დაუმარცხებლად ჩაამთავრა.

ლიონში გაიმართა დიდი ტაქტიკური ბრძოლა და ის ინგლისელებმა პირწმინდად მოიგეს. მათ ზუსტად იცოდნენ როგორ და როდის ჩაეხურათ თამაში და როგორ გამოეყენებინათ საკუთარი შესაძლებლობები. „სარასენსმა“ მოიგო ყველა პატარა ბრძოლა, ფეხით ტაქტიკური დარტყმები მეტოქეზე უკეთ ასრულა და ასეთ ფონზე გასაკვირი არცაა, რომ ჩემპიონთა თასი შემართა.

ანგარიშის გახსნის პირველი შანსი პარიზელებს ჰქონდათ, მაგრამ ჯარიმა გაუცუდდათ. სამაგიეროდ ფარელიმ შანსი ხელიდან არ გაუშვა და მე-10 წუთზე ზუსტად დაარტყა. მე-18 წუთზე „რასინგის“ სამხრეთ აფრიკელმა შუამარბმა იოჰანეს გუსენმა ჯარიმა თავისი ნახევრიდან, დაახლოებით 55 მეტრიდან გაიტანა და წონასწორობა აღადგინა, მაგრამ „სარასენსის“ უპირატესობა ნელ-ნელა გამოიკვეთა და ფარელიმ 25-ე და 32-ე წუთებზე მონაგარი კიდევ 6 ქულით გაზარდა, ხოლო გუსენის 36-ე წუთზე გატანილ ჯარიმას, შესვენების წინ ასევე ზუსტი დარტყმით უპასუხა - 12:6.

მეორე ტაიმში პირველი ქულები ისევ ფარელიმ მიითვალა. „რასინგმა“ ინგლისელთა 22-ში შესვლა მოახერხა და გუსენმა 62-ე წუთზე ჯარიმით ჩამორჩენა შეამცირა, მერე კი, პარიზელმა მორკინალებმა ორთაბრძოლები გააჩაღეს. ბრიტანელები არ გატყდნენ, უპირატესობის ხაზის გადაკვეთა ხშირ შემთხვევაში საერთოდ ვერ ხერხდებოდა, ან წინსვლა მინიმალური იყო და დიდი ენერგია იხარჯებოდა. წარუმატებელი ფაზებით ანერვიულებულ და მოქანცულ შემტევებს ბურთი წინ უვარდებოდათ, დრო კი, გადიოდა და ლონდონელებზე მუშაობდა. მერე ინგლისელებმა თამაში მეტოქის ნახევარზე გადაიტანეს და 76-ე წუთზე ფარელიმ უპირატესობა 9 ქულამდე რომ გაზარდა, ცხადი გახდა, „რასინგი“ თასს ვეღარ შეწვდებოდა. სულ ბოლოს ფარელიმ ერთიც შეაგდი, „სარასენსმა“ 21:9 მოიგო და გახდა მე-11 გუნდი, რომელმაც ევროპის ყველაზე პრესტიჟული თასი მოიგო - 8-წლიანი შესვენების შემდეგ, ჩემპიონთა თასის მფლობელი ინგლისური კლუბი გახდა.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.075457