დღის პირველ ნახევარში სუპერ რაგბის მე-12 რაუნდის სამი მატჩი გაიმართა. პირველ შეხვედრაში ველინგტონში „ჰარიქეინსმა“ ავსტრალიურ „რედსს“ უმასპინძლა და 29:14 მოიგო. ფავორიტად მასპინძლები ითვლებოდნენ, თუმცა მეორე ტაიმის საწყის ეტაპზე „რედსი“ დამხვდურებს თითქმის წამოეწია და მათ ქომაგს სანერვიულო გაუჩინა.
მატჩში პირველი ქულები მე-3 წუთზე სტუმართა იაპონელმა ფულბეკმა აიუმუ გორომარუმ ჯარიმით მოიპოვა. მე-14 წუთზე „ვესტპაკ სტედიუმზე“ შეკრებილმა ქომაგმა მშვენიერი ლელო იხილა - შერკინებიდან გამოტანილი ბურთი „ჰარიქეინსის“ მგეზავმა ბოდენ ბარეტმა ფეხით მარცხენა ფლანგზე ვეს გუსენს გადაუკიდა, 20 წლის გარემარბმა ოვალი კარგად ჩამოხსნა, მცველს გაექცა და დაალელოვა - 5:3. ამის შემდეგ კვლავ გორომარუმ გაიტანა ჯარიმა და სტუმრები ერთი ქულით წინ გაიყვანა.
მე-40 წუთზე მსაჯმა რაქში წესების დარღვევით თამაშისთვის „რედსის“ მესამეხაზელი ჰენდრიკ ტუი გაასინბინა, რითაც მასპინძლებმა ისარგებლეს, აუტის შემდეგ კარგი მოლი ააგორეს და ხუთი ქულა მიითვალეს, რასაც ბოდენ ბარეტის გარდასახვა მოჰყვა - 12:6.
მეორე ტაიმის პირველი ქულები კვლავ გორომარუმ, ჯარიმით აიღო. თუმცა, მისმა თანაგუნდელებმა დაცვაში მიუტევებელი შეცდომა დაუშვეს, რასაც „ქარიშხლების“ გარემარბ ჯეისონ ვუდვერდის ლელო მოჰყვა. 50-ე წუთზე სტუმრებმა საპასუხო ლელო დადეს, თუმცა გარდასახვები არაზუსტი იყო და ქულათა სხვაობა სამი ქულა დარჩა. ასეთი დაძაბულობა 15 წუთი გაგრძელდა, შემდეგ მასპინძელმა ნგაი ლაუმაპემ დადო ლელო, რასაც ბარეტის გარდასახვა მოჰყვა. მატჩის ბოლო წუთზე კი ვუდვერდმა მეორე ლელოც მიითვალა და მატჩი - 29:14 დაასრულა.
ამ პრემიალური გამარჯვების შემდეგ, „ჰარიქეინსს“ 36 ქულა დაუგროვდა და ლიდერთა ტრიოს ერთი ქულით ჩამორჩება, ხოლო „რედსი“ 12 ქულთ მე-15 ადგილზეა.
დღის მეორე მატჩში ბონუსქულით იმარჯვა ავსტრალიურმა „ვარატასმა“, რომელმაც „ბულსს“ უმასპინძლა და 31:8 მოუგო. მასპინძლებმა სტუმრების ერთი ლელოს წილ ოთხის დადება მოახერხეს, რითაც დამატებით ერთი ქულაც ჩაიწერეს აქტივში. „ვარატასს“ ჯამში 30 ქულა დაუგროვდა და მე-6 ადგილზე გადაინაცვლა, ხოლო სამხრეთაფრიკული „ბულსი“ 28 ქულით მე-8 პოზიციას იკავებს.
დაძაბული და საინტერესო მატჩი შედგა სინგაპურში, სადაც იაპონურმა „სანვულვზმა“ ლიდერობაზე პრეტენზიის მქონე „სტორმერსს“ დიდი ბრძოლა გაუმართა და გამარჯვება მხოლოდ ბოლო წუთზეღა გაუშვა ხელიდან - 17:17.
მატჩი ტურნირის დებიუტანტ „სანვულვზის“ უპირატესობით წარიმართა და სათამაშო დროის ერთი საათის შემდეგ, აზიელები 17:3 (!) იგებდნენ, თუმცა ბოლო შეტევებს ვეღარ გაუძლეს. ბოლო ოც წუთში სამხრეთაფრიკელებმა ორი გარდასახული ლელოს დადება მოახერხეს, მეორე გაწითლებულ დროზე, რითაც ფრეს მიაღწიეს და სახლში ორი ქულა წაიღეს.
იაპონელებს 9 ქულა აქვთ და კვლავ ბოლოსწინა, მე-17 ადგილზე არიან. ხოლო „სტორმერსი“ 31 ქულით მე-4 პოზციაზეა და 5 ქულით ჩამორჩება მე-4 ადგილოსან „ჰარიქეინსს“, მაგრამ აფრიკელებს ერთი მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული.
ჰარიქეინსი - რედსი 29:14
ვარატასი - ბულსი 31:8
უჩა გოგიძე
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია