ჩელენჯ კაპი

11:44 | 14.05.2016 | ნანახია 3317 - ჯერ

ნარიაშვილმა და ქუბრიაშვილმა ევროთასი შემართეს

საქართველოს ნაკრების მორაგბეებმა მიხეილ ნარიაშვილმა და დუდუ ქუბრიაშვილმა, „მონპელიესთან“ ერთად მეორე რანგის ევროთასის, ჩელენჯ ქაფის ფინალში ინგლისური „ჰარლექუინსი“ 26:19 დაამარცხეს და ტურნირის გამარჯვებული გახდნენ.

ლიონში გამართულ თამაშს 28 556 მაყურებელი დაესწრო. როგორც მსგავსი დონის შეხვედრების დროს ხდება ხოლმე, მატჩი სანახაობრივი ვერ გამოდგა, რადგან დაძაბულობა ძალიან დიდი იყო. მორაგბეები ზედმეტად ნერვიულობდნენ და ხშირი იყო ტექნიკური წუნი. სტატისტიკურ მონაცემებს თუ გადავხედავთ, ლონდონელები ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდნენ, ბურთსაც მეტად აკონტროლებდნენ და თითქმის ორჯერ მეტი შეტევა წამოიწყეს, ვიდრე „მონპელიემ“ [112-65]. ინგლისელებმა ბურთით ხელში 370 მეტრი გაიარეს და გააკეთეს 129 პასი, ხოლო ფრანგებმა 213 მეტრი დაფარეს და მეტოქეზე სამჯერ ნაკლები, 40 პასი შეასრულეს. „ჰარლექუინსის“ მორაგბეები 18-ჯერ გაცდნენ მცველებს და 6-ჯერ სუფთად გაჭრეს ხაზი, „მონპელიეს“ მოთამაშეებზე 14 ბოჭვა გაცუდდა და 4-ჯერ სუფთად გაიჭრა ხაზი, მაგრამ ფრანგების შერკინებამ მაგრად იმუშავა, როგორც დაცვაში, ასევე შერკინებასა და სტატიკაში, მათი გამარჯვებაც ამან განაპირობა.

მთლიანობაში, თამაშში ძალიან ბევრი ჯარიმა დაინიშნა, გუნდებმა თამაშის წესი 12-12-ჯერ დაარღვიეს. თავიდან „მონპელიეს“ მოთამაშეები უფრო ნერვიულობდნენ და „ჰარლექუინსი“ უპირატესობას დაეუფლა. მე-3 წუთზე რეფერიმ შერკინებაში ნარიაშვილი დააჯარიმა, თუმცა მთლიანობაში, ქართველმა ბურჯმა უელსელი ადამ ჯონსი სტატიკაში დაჯაბნა. მე-4 წუთზე ნიკ ევანსმა 40 მეტრიდან ჯარიმით ანგარიში გახსნა, მაგრამ ნარიაშვილმა ჯარიმა მალევე გამოასწორა. ბრიტანელებს წნეხის ქვეშ რაქიდან ბურთი გამოუვარდათ, მას ნარიაშვილი დაეუფლა და თანაგუნდელს ამოუგდო, ფეხით შეცურებული ოვალი მცველმა აიღო და საკუთარ ლელოში დაამიწა, თუმცა ის გარედან შეიტანა და ფრანგთა სასარგებლოდ 5-მეტრა შერკინება დაინიშნა. აქ ქართველმა ჯონსთან რევანში აიღო და სამხრეთ აფრიკელმა დემეტრი კატრაკილისმა წონასწორობა აღადგინა.

მე-11 წუთზე ტიმოსი ნაგუსა დაჯარიმდა, თუმცა ამჯერად ევანსის დარტყმული ძელმა აისხლიტა, მე-18 წუთზე კი, „მონპელიეს“ მორკინალებმა მოლით დაახლოებით 15 მეტრი იარეს და ამ კომპონენტში საკუთარ უპირატესობას ხაზი გაუსვეს. ამ ეპიზოდის შემდეგ, ფრანგებმა ლელოდან 7-8 მეტრში ბურთი დაკარგეს და კონტრშეტევა მიიღეს, მაგრამ გადარჩნენ, ოღონდ ბენჟამინ ფოლი დაკარგეს და ის ჯესი მოგმა შეცვალა. ზელანდიელს 4 წუთი დაჭირდა ლელოს დასადებად - „მონპელიემ“ ცენტრალურ ხაზთან გრძელი გადაცემით თამაში მარცხენა ფლანგზე გადაიტანა, იქ მეტობა გამოიყენა და მოგი დაგვიანებულ მბოჭავს გასცდა. კატრაკილისმა ზუსტ გარდასახვას 28-ე წუთზე ჯარიმა მიაყოლა, რომელიც მოლს მოყვა - 3:13, თუმცა დარჩენილ დროში „ჰარლექუინსმა“ ორი დასარტყმელი ჯარიმა გამოიმუშავა და შესვენებამდე ჩამორჩენა 4 ქულამდე დაიყვანა.

თამაში რომ განახლდა ევანსს კიდევ ერთი გასატანი ჯარიმა გაუცუდდა, პასუხად „მონპელიემ“ მძლავრი შეტევა განახორციელა, რამდენიმე დარტყმის შემდეგ ლელოს ხაზამდე მივიდნენ და ჯარიმის უპირატესობა მიიღეს, ამიტომ, შეცვლაზე შესულმა ბენუა პაიუგმა ბურთი ფეხით მარჯვენა ფლანგზე ლელოში ჩაკიდა, იქ ჯესი მოგმა მეტოქეს საჰაერო ორთაბრძოლა მოუგო და მიწაზე დაშვებისას ბურთი დაამიწა. კატრაკილისმა ზუსტი გარდასახვის შემდეგ 54-ე წუთზე ჯარიმაც გაიტანა და ფრანგები 23:9 დააწინაურა.

დასკვნითი მეოთხედის დასაწყისში „ჰარლექუინსს“ გამარჯვების იმედის დაბრუნება შეეძლო, მაგრამ ტიმ ვიზერმა ფეხით ჩაკიდებული ბურთი ლელოდან 5 მეტრში ვერ შეიმაგრა. სამაგიეროდ, კატრაკილისმა 67-ე წუთზე კიდევ ერთი ჯარიმა გაიტანა და მეტოქეს გამარჯვების ოდნავი იმედიც მოუსპო. მაგრამ ამან ფრანგების მოდუნება გამოიწვია, 72-ე წუთზე ივალდმა რატომღაც ბურთი არ აიღო და მერლანდ იარდმა ლელო დადო. ბენჟამინ ბოტიკამ გარდასახვა ზუსტად შეასრულა და 77-ე წუთზე გატანილი ჯარიმით სხვაობა ერთ გარდასახულ ლელომდე დაიყვანა, თუმცა ბოლოს ნერვებმა უმტყუნა, უკვე გაწითლებულ დროზე, საკუთარი ნახევრიდან ხელდახელ შეტევის მცდელობის ნაცვლად, რატომღაც ფეხით შორს დაარტყა, მეტოქემაც ბურთი აუტში მშვიდად მოიგერია და ზეიმს შეუდგა.

ცნობისათვის, ბოტიკა, რომელიც 67-ე წუთზე შეცვლაზე შევიდა, „ჰარლექუინსის“ მაისურით ბოლო თამაშს ატარებდა და მომავალი სეზონიდან „მონპელიეს“ შეუერთდება.

რაც შეეხება ქართველ ლეგიონერებს, ნარიაშვილმა პირველიდან 68-ე წუთამდე ითამაშა და უდიდესი შავი სამუშაო გაწია. ბურთით ხელში მან 3-ჯერ შეუტია და 3 მეტრით წაიწია წინ, 1 პასი და 1 ოფლოუდი გაახერხა, დაცვაში 3 ბოჭვა შეასრულა, 1 გაუცუდდა და ერთი თერნოვერი მოიგო, ერთხელ ითამაშა ფეხით და ორჯერ დაჯარიმდა. ქუბრიაშვილი შეცვლაზე 58-ე წუთზე შევიდა და 2 შეტევით 1 მეტრი დაფარა, 2 პასი და 1 ოფლოუდი გააკეთა, ხოლო დაცვაში მეტოქე 3-ჯერ შებოჭა.

ამრიგად, „მონპელიემ“ პირველად შემართა ჩელენჯ ქაფი და მეორედ მოიგო ევროთასი. 2004 წელს, ამ გუნს მოგებული აქვს „შილდი“, იმ დროისთვის მესამე დონის ტურნირი, რომელიც 2003-2005 წლებში იმართებოდა. მაშინ ფრანგებმა ფინალში იტალიური „ვიადანა“ დაამარცხეს, მაგრამ ჩელენჯ ქაფი „შილდზე“ ბევრად უფრო წონადი და ფასეული ჯილდოა. ამ მოგებამ „მონპელიეს“ გაისად ჩემპიონთა თასის ჯგუფურ ეტაპზე მონაწილეობის უფლებაც მოუტანა, მაგრამ გუნდს ეს უფლება ტოპ 14-იდანაც შეხვდება, სადაც მეორე ადგილზეა და ჩემპიონობისთვის იბრძვის.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
20:25 | 14.05.2016
zura-mesi (33)

ბრავო ბიჭებს! გაიხარეთ.

17:51 | 14.05.2016
პანტელეიმონი (1218)

გილოცავთ ბიჭებო ! ! !

16:33 | 14.05.2016
Kala94 (151)

ბრავო მონპელიეს ! ვულოცავ მიშას და დუდუს !

0.114784