საფრანგეთის პირველი ელიტარული დივიზიონის, ტოპ 14-ის წლევანდელი სეზონის ფინალი ესპანეთში, კერძოდ კატალონიის დედაქალაქ ბარსელონაში, საფეხბურთი კლუბ „ბარსელონას“ 98-ათასიან არენა „კამპ ნოუზე“ სრული ანშლაგით ჩატარდება.
ტოპ 14-ის ფინალური შეხვედრა საფრანგეთში გასამართ 2016 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატს ემთხვევა, რის გამოც ნაციონალური ლიგის ხელმძღვანელობამ წლევანდელი სეზონის დამაგვირგვინებელი მატჩის ბარსელონაში გადატანა გადაწყვიტა. ახლა LNR-ი ადასტურებს, რომ მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია.
თუ დავაზუსტებთ, ჯერჯერობით გაყიდული არაა ფინალისტი კლუბებისთვის გადანახული ბილეთები, რა თქმა უნდა ფინალისტები გარკვეული არაა, მაგრამ ალბათობა იმისა, რომ ამ ბილეთებიდან რომელიმე გასაყიდი დარჩება, ფაქტობრივად ნულის ტოლია.
მოცემული მომენტისთვის საკლუბო რაგბიზე დასწრების რეკორდი 84 068 მაყურებელია და ის გასულ სეზონში, ინგლისის პრემიერშიპში დამყარდა, როდესაც „სარასენსისა“ და „ჰარლექუინსის“ შეხვედრა „უემბლიზე“ ჩატარდა. გასულ სეზონში ტოპ 14-ის ფინალს „სტად დე ფრანსეზე“ 80 ათასი მაყურებელი დაესწრო.
ბოლო წლებში ტოპ 14-ის პოპულარობა როგორც დასწრების, ასევე ტელერეპორტაჟებიდან მიღებული შემოსავლების კუთხით იზრდება. მოცემული მომენტისთვის LNR-სა და ტელეკომპანია Canal +-ს შორის 70-მილიონიანი კონტრაქტია გაფორმებული, რომელიც 2018/19 წლების სეზონისთვის 72 მილიონამდე გაიზრდება.
LNR-ი პოპულარობის გაზრდაზე ზრუნვას განაგრძობს და ბოლო წლებში ნახევარფინალური თამაშები ნანტში, ლილსა და ბორდოში ჩატარდა, წელს კი, შეხვედრებს რენი უმასპინძლებს.
საფრანგეთის ჩემპიონატის ფინალი ქვეყნის ფარგლებს გარეთ პირველად წელს ჩატარდება. ტოპ 14-ის გადამწყვეტი მატჩი 24 ივნისსაა დანიშნული.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია