დღეს საღამოს ლონდონის „სარასენსი“, ან პარიზის „რასინგი“, პირველად გახდება ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის, ჩემპიონთა თასის გამარჯვებული.
ტურნირი 1995 წელს დაარსდა და პირველი გამარჯვებული მომდევნო წელს გამოვლინდა. 2014 წლამდე მას „ჰაინეკენის თასი“ ეწოდებოდა, მერე სახელი შეეცვალა და ჩემპიონთა თასი ეწოდა. 1996 წლიდან, ეს მეექვსე შემთხვევაა როდესაც ტურნირის გადამწყვეტ მატჩში ინგლისურ-ფრანგული დაპირისპირება გაიმართება და მოცემული მომენტისთვის უპირატესობა ბრიტანელების მხარესაა - 3:2
უკვე ვთქვით, რომ ამ გუნდებს ჩემპიონთა თასი არასდროს მოუგიათ, „რასინგი“ კი, სულაც პირველად ითამაშებს ფინალში, რომელსაც ასევე პირველად მასპინძლობს ლიონი. „სარასენსი“ ერთხელ უკვე იყო ფინალში, მაგრამ 2014 წელს „ტულონთან“ 6:23 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ „ტულონი“ ბოლო სამი გათამაშების გამარჯვებულია, თუმცა წელს თასისთვის ბრძოლას მეოთხედფინალიდან მას შემდეგ გამოეთიშა, რაც „რასინგთან“ 16:19 დამარცხდა.
ბრიტანელები ფრანგებს ფინალში გამარჯვებებით კი ჯობნიან, თუმცა მთლიანობაში ფრანგულ კლუბებს თასი 8-ჯერ აქვთ შემართული და 11-ჯერ ითამაშეს ფინალში, მაშინ, როდესაც ინგლისელთა ანგარიშზე 6 მოგება და 5 ფინალია. ამ ქვეყნების დავაში დღემდე მხოლოდ ირლანდიელები ერეოდნენ, რომელთა კლუბების ანგარიშზე ასევე 6 გამარჯვებაა. უშუალოდ კლუბებს შორის, ყველაზე მეტჯერ ჯილდო „ტულუზმა“ მოიგო - 4, „ტულონისა“ და „ლენსტერის“ ანგარიშზე კი 3-3 გამარჯვებაა. ინგლისელთაგან „ჰაინეკენის თასი“ 2-2-ჯერ მოიგეს „ლესტერ თაიგერსმა“ და „ლონდონ უოსპსმა“, ბოლოს კი, ინგლისურმა კლუბმა ევროპის ყველაზე პრესტიჟული ჯილდო 2007 წელს აღმართა.
შეიძლება ითქვას, „სარასენსმა“ ფინალამდე გზა მარტივად განვლო, ვიდრე მისმა მეტოქემ. ინგლისელებს ჯგუფურ ეტაპზე „ოლსტერი“, „ოიონა“ და „ტულუზი“ შეხვდნენ, რომელიც იმ მომენტში ფორმაში არ იყო, ხოლო პლეი ოფებში თანამემამულეებთან, კარგად ნაცნობ „ნორთჰემპტონთან“ და „უოსპსთან“ საკუთარი მოედნის უპირატესობით ისარგებლა.
„რასინგის“ გზა უფრო რთული იყო და ჯგუფურ ეტაპზე „ნორთჰემპტონი“, „გლაზგო“ და „სკარლეტსი“ შეხვდნენ, ხოლო მეოთხედფინალში ჯერ თასის მფლობელ „ტულონს“ სძლია, მერე კი, „ლესტერ თაიგერსს“ ინგლისში აჯობა - 19:16.
ორივე გუნდს ვარსკვლავები საკმარისი რაოდენობით ყავთ, მაგრამ აღსანიშნავია „რასინგის“ მგეზავი დენ კარტერი. პარიზელების გამარჯვების შემთხვევაში, ის გახდება ერთადერთი მორაგბე, რომელსაც მოგებული ექნენა მსოფლიო თასი, სუპერ რაგბი, ოთხი ერი და ჩემპიონთა თასი. გუნდები განსხვავებული სტილის მიმდევრები არიან - „სარასენსი“ გაშლილ, სწრაფ შეტევებზე ორიენტირებულ რაგბის ანიჭებს უპირატესობას, ხოლო „რასინგი“ სტანდარტულ მდგომარეობებზე აკეთებს აქცენტს. სამწუხაროდ, პარიზელთა შემადგენლობაში არაა ქართველი ვეტერანი ბურჯი დავით ხინჩაგიშვილი.
„შესანიშნავი იქნება ევროპის უმთავრესი ტიტულის მოგება. ფინალში თამაში დიდი გამოცდა და პატივია. წარმატებისთვის ყველანი მომართულები ვართ. რამდენიმე წლის წინ „ბეიონში“ ვიყავი და არა თუ ფინალზე, ჩემპიონთა თასზე მოხვედრაზეც ვერ ვიოცნებებდი“ - ამბობს „რასინგის“ გარემარბი როკოკოკო.
„თუ შევძელით ჩვენი გეგმის განხორციელება, კარტერს და მის თანაგუნდელებს არაფერი გამოუვათ. მეტოქეს კარგი შემადგენლობა ყავს, მაგრამ არც ჩვენ ვართ ნაკლები და გვაქვს გამარჯვებების ბრწყინვალე სერია, რომლის გაგრძელებას ვაპირებთ. ვგრძნობ, წელს ტიტულების მოპოვების წელია“ - ეს სიტყვები „სარასენსის“ შერკინების შემკვრელ ბილი ვუნიპოლას ეკუთვნის.
ფინალური შეხვედრა ლიონში გაიმართება და თბილისის დროით 19:45 საათზე დაიწყება.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია