ინგლისი

19:40 | 13.05.2016 | ნანახია 1249 - ჯერ

„უოსპსმა“ ქერთლი ბილი გაიფორმა

ინგლისის პრემიერშიპის „უოსპსმა“ დაადასტურა, რომ 2016/2017 წლების სეზონში მათ რიგებს ავსტრალიის ეროვნული ნაკრების უკანახაზელი ქერთლი ბილი დაიცავს.

27 წლის მორაგბე, რომლის ანგარიშზეც სუპერ რაგბიში 100-ზე მეტი შეხვედრაა, 2009 წლიდან დღემდე კი, „ვოლაბების“ მაისური 60-ჯერ მოირგო, ინგლისელებს სუპერ რაგბის მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ შეუერთდება.

ბილი მსოფლიო დონის მოთამაშეა და ორ მსოფლიო თასზე ითამაშა - 2011 და 2015 წლებში. 2011 წელს უნივერსალი უკანახაზელი ავსტრალიის საუკეთესო მორაგბედ აღიარეს. ქერთლი მერვე მორაგბეა, რომელიც „უოსპსმა“ მომავალი სეზონისთვის გაიფორმა. აქამდე „ბზიკებთან“ კონტრაქტი გააფორმეს გაი ერმიტეჟმა, დენი სიპრიანიმ, ტომ კრუზმა, მარკუს გერეტმა, მარი მორმა, ტომი ტეილორმა და ტომ ვილსენკროფტმა.

პლანეტის ერთ-ერთი უნიჭიერესი მოთამაშის გაფორმების შემდეგ „უოსპსის“ დირექტორმა განაცხადა: „მსოფლიოში ძალიან ცოტაა ისეთი მოთამაშე, რომლის მოქმედებებიც ჟრუანტელს მოგგვრით და ქერთლი ბილი ერთ-ერთი მათგანია. როდესაც ის ბურთს იღებს, არავინ იცის რას მოიმოქმედებს. ჩვენი გუნდი ექსპანსიური, შემტევი რაგბის მიმდევარია და ამ ტოპ-მოთამაშის დამატებით ის უფრო შთამბეჭდავი გახდება. ქერთლის უნივერსალიზმი გასაოცარია. მას საერთაშორისო დონეზე 15, 12 და 10 ნომერზე უთამაშია. ასეთი საერთაშორისო დონის მოთამაშის გაფორმება, წინსვლის საშუალებას მოგვცემს. მისი გამოცდილება ისეთივე მნიშვნელობის იქნება, როგორიც მიმდინარე სეზონში ჯორჯ სმიტისა და ჩარლზ პიუტაუსგან მივიღეთ. წინდაწინ ვიცოდით, რომ ჩარლზი „უოსპსში“ მხოლოდ ერთი სეზონი ითამაშებდა და ქერთლის დამატებით მას მსოფლიო დონის შემცვლელი მოვუძებნეთ“.

საკუთარ მოლოდინზე ისაუბრა ბილმა: „მოუთმენლად ველი ინგლისში გადასვლას. „ვარატასში“ პირველად რომ მოვედი, 16 წლის ვიყავი, აქ ყველაფერი ჩემია და მისი დატოვება გამიჭირდება, მაგრამ ვგრძნობ, შემდგომი ნაბიჯის დრო დადგა. ბევრი რამ იყო, რამაც ეს ნაბიჯი გადამადგმევინა. ინგლისში გამართული მსოფლიო თასი საოცარი იყო და მსურს ევროპული რაგბის ნაწილი ვიყო. ჯერ მხოლოდ 27 წლის ვარ და ყველაფერი წინ მაქვს, როგორც საკლუბო, ასევე სანაკრებო დონეზე. მსურს გუნდთან ერთად მოვიგო პრემიერშიპი და ევროპის ჩემპიონთა თასი, ამავდროულად, ვითამაშო ნაკრების შემადგენლობაში“.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
20:17 | 13.05.2016
გუბერნატორი (11)

აღარ უნდა აიყვანოს ჩეკამ ნაკრებში!

0.082122