სუპერ რაგბის მე-12 რაუნდი „ჰაილენდერსისა“ და „კრუსეიდერსის“მატჩით გაიხსნა. როგორც მოსალოდნელი იყო, ჩემპიონობაზე პრეტენზიის მქონე ორი ახალზელანდიური გუნდის დაპირისპირება დაძაბული და სანახაობრივი აღმოჩნდა, რომელშიც „ჰაილენდერსმა“ 34:26 იმარჯვა, სამით მეტი ლელოსთვის პრემიაც გაიფორმა და ქულათა რაოდენობით ლიდერებს გაუტოლდა.
მატჩის პირველი ნახევარი მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა, „ჰაილენდერსმა“ მეტოქეს სამი ლელო დაუდო, „ჯვაროსნები“ კი მხოლოდ ოთხი ზუსტად შესრულებული ჯარიმით შემოიფარგლნენ. ანგარიში მე-4 წუთზე „ჰაილენდერსის“ მგეზავმა ლიმა საპოაგამ ჯარიმით გახსნა, რასაც სტუმართა მგეზავ რიჩი მოუნგას სამი ჯარიმა მოჰყვა. პირველი ლელო 22-ე წუთზე დაიდო - მეტოქის ოცდაორში მყოფმა საპოაგამ მოედნის შესანიშნავი ხედვა გამოამჟღავანა და მარჯვენა ფრთაზე ვაისაკი ნაჰოლოს ბურთი ფეხით გადაუკიდა, ამ უკანასკნელმა თანაგუნდელის კარგი პასი შეირგო და ლელოში შესრიალდა.
ამის შემდეგ კვლავ მოუნგას ჯერი დადგა, რომელმაც პირველ ტაიმში ბოლოჯერ გაიტანა ჯარიმა - 8:12. 30-ე წუთზე „ჰაილენდერსმა“ მეორე ლელო დადო - შუამარბმა მეტ ფედესმა მეტოქის დაცვის ხაზი გაჭრა და ლამაზი ლელო შემოგვთავაზა. პირველის მსგავსად მეორე გარდასახვაც არაზუსტია - 13:12. შესვენებამდე მესამე ლელო ბოლო დროს ფორმა დაბრუნებულმა ვაისაკი ნაჰოლომ დადო, რომელმაც თავის ფლანგზე რიცხობრივი უპირატესობით ადვილად ისარგებლა, საპოაგას გარდასახვა ამჯერად ზუსტი იყო და ტაიმი 20:12 დასრულდა.
მატჩის მეორე ნახევარში გუნდებმა თანაბარი, 14-14 ქულა დააგროვეს. „მთიელთაგან“ ლელოები მეტ ფედესმა და ლიამ სქუეარმა დადეს, ხოლო „კრუსეიდერსისგან“ ტაუფუა და ისრაელ დეგი გამოირჩნენ, გარდსახვები საპოაგამ და მოუნგამ ზუსტად შეასრულეს. აღშანიშნავია, რომ შეხვედრის არბიტრმა 55-ე წუთზე მასპინძელთა მხტომელი ჯო ვილერი გაასინბინა, რამაც ტაუფუას ლელო განაპირობა, თუმცა „ჰაილენდერსს“ ინიციატივა ხელიდან არ გაუშვია და დამსახურებულად გაიმარჯვა.
ამ გამარჯვების შემდეგ „ჰაილენდერსს“ „კრუსეიდერსისა“ და „ჩიფსის“ მსგავსად 37 ქულა დაუგროვდა, ოღონდ მეტოქეებს ამ რაუნდში ჯერ არ უთამაშიათ. ახალზელანდიური ტრიო სუპერ რაგბის სატურნირო ცხრილს ლიდერობს.
მე-12 რაუნდის მეორე მატჩი მელბრუნში გაიმართა, სადაც ადგილობრივმა „რებელსმა“ „ბრამბისთან“ 22:30 წააგო. მასპინძლებმა იბრძოლეს და საფინალო სასტვენამდე ინარჩუნედბდნენ მოგების შანსს, მაგრამ ხელიდან ბურთი ძალიან ბევრჯერ გაუვარდათ. მეორე ტაიმის ბოლოსკენ „რებელსი“ სტუმრებს მხოლოდ სამი ქულით ჩამორჩებოდნენ, თუმცა 71-ე წუთზე ნაიჯელ ვონგის ლელომ მათი იმედები დაასამარა.
გამარჯვებამ „ბრამბისს“ 29-ე ქულა მოუტანა და კანბერელები მე-5 ადგილზე არიან, ხოლო „რებელსი“ 23 ქულით მე-12-ა.
ჰაილენდერსი - კრუსეიდერსი 34:26
რებელსი - ბრამბისი 22:30
უჩა გოგიძე
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია