დიდი 10

15:55 | 13.05.2016 | ნანახია 2156 - ჯერ

სრკ-ს გამგეობის 5 მაისის გადაწყვეტილება

5 მაისს „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე შედგა საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის სხდომა, რომელზეც განიხილეს დიდი 10-ის (საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგა) 2015/2016 წლის რეგულარული სეზონისმე-17 ტურის მატჩში (ბათუმი - არმია) მომხდარი ინციდენტი.

აღნიშნული ფაქტის მიმართ დიდი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გამგეობამ მიზანშეწონილად მიიჩნია სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება გამოქვეყნებულიყო სრული (მოტივირებული) სახით და არა მხოლოდ მისი ნაწილი, რისთვისაც საჭირო იყო გარკვეული დრო. გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღად დასახელდა 2016 წლის 13 მაისი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე გთავაზობთ ამონაწერს საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის 2016 წლის 5 მაისის № 6 სხდომიდან:

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის

საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის 2016 წლის 5 მაისის №6

სხდომის ოქმიდან ამონაწერი

წინამდებარე ამონაწერი 2016 წლის 5 მაისის გამგეობის სხდომის ოქმიდან ასახავს 2016 წლის 27 მარტს, ფოთში გამართული „დიდი 10“-ს მორიგი XVII ტურის მსვლელობისას მომხდარი ინციდენტის გამგეობის მიერ განხილვის შედეგებს, ასევე გამგეობის დასკვნებს იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად პასუხობს მოქმედი სადისციპლინო კოდექსი ბოლო დროის გამოწვევებსა და პრობლემებს.

„2016 წლის 5 მაისს, საქართველოს რაგბის კავშირის (რეგისტრაციის ნომერი, თარიღი: 00015/12/0013; 25/01/1999 წ. საიდენტიფიკაციო №204874911) (შემდგომში, სრკ) რაგბის კავშირის სანაკრებო ბაზის ტერიტორიაზე, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, ბოგდანხმელნიცკის გამზ. #40 გაიმართა სრკ-ს გამგეობის მორიგი სხდომა (შემდგომში, სხდომა).

სხდომას ესწრებოდა გამგეობის 15 წევრიდან 12 წევრი. სრკ-ს წესდების მე-13 პუნქტის შესაბამისად, სხდომა გამოცხადდა გადაწყვეტილებაუნარიანად. სხდომაზე დამსწრე გამგეობის წევრები:

  1. დიმიტრი კალანდაძე (გამგეობის თავმჯდომარე);
  2. გოჩა სვანიძე (სრკ-ს პრეზიდენტი);
  3. ვასილ კევლიშვილი;
  4. გუგა გეგენავა;
  5. გია ღლონტი;
  6. ზურაბ ზოიძე;
  7. ალექსანდრე ხვედელიძე;
  8. სერგო რამიშვილი;
  9. დავით კილასონია;
  10. გოჩა მაჭავარიანი;
  11. გაიოზ მონიავა;
  12. ალექსანდრე გრიგალავა.

მოწვეული პირების სახით სხდომას ესწრებოდნენ სრკ-ს სადისციპლინო კომისიის თავმჯდომარე, მირიან თავზარაშვილი, მსაჯთა კომიტეტის თავმჯდომარე, დავით შუბითიძე და იურისტი, ედუარდ ნაჭყებია. სხდომას უძღვებოდა გამგეობის თავმჯდომარე დიმიტრი კალანდაძე. სხდომის მდივანი, ხატია შელია.

სხდომაზე დამსწრე გამგეობის წევრებმა განიხილეს დღის წესრიგში შემავალი საკითხები, მოისმინეს სრკ-ს პრეზიდენტის, სადისციპლინო კომისიის თავმჯდომარის, მსაჯთა კომიტეტის თავმჯდომარის მოხსენებები, იმსჯელეს უკლებლივ ყველა წამოჭრილი საკითხისა თუ პრობლემის ირგვლივ და მიიღეს ქვემოთ აღნიშნული გადაწყვეტილებები.

  1. მეხუთე საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ეხებოდა 2016 წლის 27 მარტს, ფოთში გამართული „დიდი 10“-ს მორიგი XVII ტურის მსვლელობისას თბილისის „არმია“-სა და ბათუმის „ბათუმი“-ს მატჩის დასრულების შემდგომ მომხდარი ინციდენტის განხილვას, სხდომამ მოისმინა სრკ-ს პრეზიდენტის, სადისციპლინო კომისიის თავმჯდომარის და მსაჯთა კომიტეტის თავმჯდომარის მოხსენებები ინციდენტის და მის შემდგომ განვითარებული მოვლენების ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით.

პრეზიდენტმა მკაცრი შეფასება მისცა ინციდენტში ჩართული პირების ქმედებებს და აღნიშნა, რომ საკითხის განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე, აუცილებელია მოხდეს გამგეობის მიერ შემთხვევის ზედმიწევნით გამოკვლევა, სადისციპლინო კომისიის მიერ მომზადებული მასალების შესწავლა და მომხდარ დარღვევებზე ადეკვატური რეაგირება.

სრკ-ს პრეზიდენტმა განმარტა, რომ საკითხის განსაკუთრებულობა განპირობებულია შემთხვევის უპრეცედენტო ხასიათით, რა დროსაც შეიბღალა რაგბის კავშირის ქარტიით დაცული სიკეთეები და დაირღვა დეკლარირებული უმნიშვნელოვანესი პრინციპები:

„1. არ ავნო, არ მიაყენო შეგნებულად ტრავმა, არ დაამცირო.“

„2. პატივი ეცი რაგბის მონაწილეების ღირსებას.“

„4. დაემორჩილე წესებს, იმისდა მიუხედავად ეთანხმები თუ არა მათ.“

„7. არასოდეს არავინ წააქეზო არასპორტული აგრესიისკენ.“

პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა ასევე იმ უპრეცედენტო ფაქტზე, რომ ინციდენტს ადგილი ჰქონდა სწორედ თამაშის დასრულების შემდგომ, მაშინ როდესაც თამაშის დროს მომხდარი ყველა დაპირისპირება და უთანხმოება დასრულებული და ამოწურული უნდა ყოფილიყო.

გამოითქვა მოსაზრება (ვ. კევლიშვილი), რომ მიუხედავად იმისა, რომ გადაცდომების ჩამდენთა მიმართ სადისციპლინო კომისიამ გამოიყენა მაქსიმალური სანქციები, რომელთა გამოყენების შესაძლებლობა მას გააჩნდა სადისციპლინო კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, შემთხვევის განსაკუთრებულობიდან გამომდინარე აღნიშნული სანქციები ვერ იქნება მიჩნეული სამართლიანად და დარღვევათა სიმძიმის ხარისხის შესაბამისად. საჭიროა მსჯელობა უფრო მკაცრი სანქციების გამოყენების თაობაზე.

გამგეობამ სრულად გაიზიარა სრკ-ს პრეზიდენტისა და გამგეობის სხვა წევრების მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნული საკითხის განხილვა და გადაწყვეტა თანხვედრაშია გამგეობის უფლებამოსილების ფარგლებთან. ამასთან ერთად, მიზანშეწონილად მიიჩნია გამგეობის მიერ საკითხის განხილვა და გადაწყვეტილების მიღება შემდეგ გარემოებათა გამო:

  1. მომხდარი შემთხვევა არის უპრეცედენტო თავისი შინაარსით, რომელსაც პირდაპირ არ ითვალისწინებს სადისციპლინო კოდექსი;
  2. სადისციპლინო კომისია შეზღუდულია სადისციპლინო კოდექსით განსაზღვრული კომპეტენციით და მიუხედავად იმისა, რომ კომისიის გადაწყვეტილება ფორმალურად სრულად შეესაბამება კოდექსით განსაზღვრულ მოთხოვნებს, დისციპლინარული გადაცდომების სიმძიმის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია გამგეობის მიერ ისეთი სადისციპლინო სანქციების გამოყენება, რომლებიც, ერთის მხრივ, იქნება ადეკვატური და სამართლიანი გადაცდომათა სიმძიმის ხარისხთან მიმართებაში და მეორე მხრივ, მოახდენს მომავალში მსგავსი შემთხვევების განმეორების პრევენციას;
  3. სადისციპლინო კოდექსის მე-5 მუხლის 5.6, 5.7 პუნქტების შესაბამისად, სწორედ გამგეობა წარმოადგენს იმ ორგანოს, რომელსაც გააჩნია უფლება დარღვევის ხასიათისა და მისგან გამომდინარე შედეგების გათვალისწინებით, აგრეთვე ქართული სარაგბო თემის ქარტიაში ჩამოყალიბებულ პრინციპებზე დაყრდნობით, გამოიყენოს ისეთი სახის სანქციები, რაც აუცილებელი იქნება კავშირის მიზნების შესასრულებლად და სამართლიანი თამაშის წესების დასამკვიდრებლად, ხოლო ამავე კოდექსის 5.9 პუნქტის მიხედვით სრკ-ს გამგეობა უფლებამოსილია განსაკუთრებულ შემთხვევებში, რაგბის ინტერესებიდან გამომდინარე გადახედოს დისკვალიფიკაციის პირობებს და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.

გამგეობის წევრებმა შეისწავლეს სხდომაზე წარმოდგენილი საქმის მასალები, იმსჯელეს ინციდენტის ყველა ასპექტზე, მათ შორის იმ ნეგატიურ შედეგებზე, რომელიც შესაძლოა დადგეს არასაკმარისად მკაცრი და პრინციპული რეაგირების შემთხვევაში და მიიჩნიეს, რომ დამრღვევთა ქმედება ბღალავს რაგბის კავშირის ქარტიაში დეკლარირებულ ფასეულობებს, რაგბის საერთაშორისო ტრადიციულ პრინციპებს, რომელთა დაცვა სავალდებულოა რაგბის კავშირის წევრების, კლუბების, გუნდების, მოთამაშეების, მწვრთნელების, მსაჯების, მეთვალყურეების, რაგბის კავშირის სახელით მოქმედი სხვა პირების და გულშემატკივრების მიერ.

შემთხვევის ფაქტობრივი ასპექტების შესწავლისა და დარღვევათა ხასიათის გამოკვლევის შედეგად, ასევე წარმოდგენილ დოკუმენტალურ მასალებზე დაყრდნობით, სხდომა მივიდა დასკვნამდე, რომ თბილისის „არმია“-ს მწვრთნელის ნიკო ჭავჭავაძის, კლუბის წარმომადგენლის ჯაბა კიზირიას, კლუბის წარმომადგენლის გიგა ჩაჩავას, მოთამაშის გიორგი აფციაურის, მოთამაშის ილია სურგულაძის ქმედებები, რომლებიც გამოიხატა კონფლიქტის პროვოცირებასა და ესკალაციაში, მსაჯთან არაკორექტულ აპელირებაში, არაეთიკურ და არასპორტულ ქცევაში, არაჯანსაღ, აგრესიულ, შეურაცხმყოფელ საქციელში და საბოლოოდ, თამაშის დასრულების შემდგომ, მსაჯზე თავდასხმაში და მის ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში, წარმოადგენს მძიმე დისციპლინარულ გადაცდომებს, რომლებზეც გამგეობამ უნდა მოახდინოს შესაბამისი რეაგირება.

სრკ-ს პრეზიდენტმა, გ.სვანიძემ, აღნიშნა, რომ პრევენციის მიზნისათვის საჭიროა არამხოლოდ დამრღვევების მიმართ ქმედითი ღონისძიებების გატარება, არამედ, მომავალში კონფლიქტური სიტუაციების წამოწყებისა თუ ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით, გამგეობის მიერ კლუბებისათვის (გუნდებისათვის), ასევე მსაჯებისათვის რეკომენდაციის მიცემა. გამგეობის ყველა წევრის აზრთა შეჯერების და საკითხის ყოველმხრივი და ობიექტური გამოკვლევის შედეგად, სხდომამ, გამოიყენა რა სადისციპლინო კოდექსის 5.6, 5.7 და 5.9 პუნქტები, ერთხმად დაადგინა:

1) განხილული შემთხვევის განსაკუთრებული ხასიათიდან გამომდინარე, მოხდეს სადისციპლინო კომისიის 2016 წლის 4 აპრილის #25 ოქმში ასახულ გადაწყვეტილებაში ცვლილებების განხორციელება და სადისციპლინო კომისიის მიერ გამოყენებული რიგი სანქციების უფრო მკაცრი სანქციებით შეცვლა;

2) კლუბი თბილისი „არმია“-ს მწვრთნელი, ნიკო ჭავჭავაძე, მწვრთნელისათვის შეუსაბამო და რაგბის აღიარებული პრინციპების შემლახველი საქციელისათვის, რომელიც გამოიხატა კონფლიქტის პროვოცირებაში, დისკვალიფიცირებული იქნას 9 (ცხრა) სათამაშო კვირით, ხოლო კლუბი დაჯარიმდეს 2000 (ორი ათასი) ლარით (მითითებულ თანხაში ჩაითვალოს უკვე გადახდილი 500 (ხუთასი) ლარი). დისკვალიფიკაციის ვადის პერიოდში ჩაითვალოს სადისციპლინო კომისიის მიერ 2016 წლის 4 აპრილის #25 ოქმის საფუძველზე დამრღვევის მიერ უკვე მოხდილი დისკვალიფიკაციის ვადა. დისკვალიფიკაციის პერიოდის დასრულების შემდეგ, ნიკო ჭავჭავაძეს, 2 (ორი) წლის განმავლობაში აეკრძალოს მთავარ მწვრთნელად მუშაობა ნებისმიერ კლუბში (გუნდში). კლუბი, რომელიც დაარღვევს აღნიშნულ აკრძალვას, დისკვალიფიცირებული იქნება. კლუბის დისკვალიფიკაცია, წინამდებარე გადაწყვეტილების მიზნებისათვის, გულისხმობს გუნდის ჩემპიონატიდან მოხსნას, მოხსნილი გუნდის ნათამაშებ მატჩებში მიღებული ქულების და ბურთების ანულირებას და დაქვეითებას ერთი ლიგით, ხოლო ყველაზე დაბალი ლიგის კლუბის შემთხვევაში, - ჩემპიონატიდან მოხსნას;

3) კლუბი თბილისი „არმია“-ს წარმომადგენელი, ჯაბა კიზირია, რაგბის აღიარებულ პრინციპებთან და კავშირის ქარტიასთან შეუსაბამო საქციელისათვის, რომელიც გამოიხატა თამაშის დასრულების შემდგომ კონფლიქტის წამოწყებაში, მსაჯზე თავდასხმასა და მსაჯის ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში, დისკვალიფიცირებული იქნას რაგბიდან 5 (ხუთი) წლით, სანქციის მოხსნის გარეშე, ხოლო კლუბის ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით დარჩეს უცვლელი. რაგბიდან დისკვალიფიკაციის ხუთწლიან პერიოდში ჩაითვალოს სადისციპლინო კომისიის მიერ 2016 წლის 4 აპრილის #25 ოქმის საფუძველზე დამრღვევის მიერ უკვე მოხდილი დისკვალიფიკაციის ვადა. დისკვალიფიკაციის მთელი პერიოდის განმავლობაში, ჯ. კიზირიას ეკრძალება დასაქმება ყველა რაგბის კლუბში (გუნდში) ნებისმიერ პოზიციაზე. კლუბი, რომელიც დაარღვევს აღნიშნულ აკრძალვას, დისკვალიფიცირებული იქნება. კლუბის დისკვალიფიკაცია, წინამდებარე გადაწყვეტილების მიზნებისათვის, გულისხმობს გუნდის ჩემპიონატიდან მოხსნას, მოხსნილი გუნდის ნათამაშებ მატჩებში მიღებული ქულების და ბურთების ანულირებას და დაქვეითებას ერთი ლიგით, ხოლო ყველაზე დაბალი ლიგის კლუბის შემთხვევაში, - ჩემპიონატიდან მოხსნას;

4) კლუბი თბილისი „არმია“-ს წარმომადგენელი, გიგა ჩაჩავას, მსაჯის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის, დისკვალიფიკაცია 1 (ერთი) წლით დარჩეს უცვლელი, ასევე უცვლელი დარჩეს კლუბის ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით. დამატებით, გ. ჩაჩავას დაედოს პირობითი დისკვალიფიკაცია 1 (ერთი) წლის ვადით, რომელსაც გაივლის ძირითადი, რეალური დისკვალიფიკაციის ერთწლიანი პერიოდის დასრულების შემდეგ. პირობითი დისკვალიფიკაციის პერიოდში ახალი დისციპლინარული დარღვევის ჩადენის შემთხვევაში, პირობითი დისკვალიფიკაცია შეიცვლება რეალურით;

5) კლუბი თბილისი „არმია“-ს მოთამაშე #23, გიორგი აფციაურის, არაჯანსაღი, არასპორტული, რაგბის პრინციპებთან შეუსაბამო საქციელისთვის, რომელიც გამოიხატა მსაჯის მიმართ უპატივცემულო, აგრესიულ, შეურაცხმყოფელ საქციელში, მსაჯთან კამათში, დისკვალიფიკაცია 3 (სამი) სათამაშო კვირით დარჩეს უცვლელი, ასევე უცვლელი დარჩეს კლუბის ჯარიმა 200 (ორასი) ლარის ოდენობით. დამატებით, არასპორტული დარღვევისათვის, გ. აფციაურს დაედოს პირობითი დისკვალიფიკაცია 1 (ერთი) წლის ვადით, რომელსაც გაივლის ძირითადი დისკვალიფიკაციის პერიოდის დასრულების შემდეგ. პირობითი დისკვალიფიკაციის პერიოდში სათამაშო, სპორტულ სიტუაციაში ერთ-ერთი ჩამოთვლილი გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში, პირობითი დისკვალიფიკაცია შეიცვლება რეალურით: მსაჯთან აპელირება, მოწინააღმდეგის, მსაჯის, გულშემატკივრის, თანაგუნდელის, რაგბის მონაწილის შეურაცხყოფა და ღირსების შემლახველი საქციელი;

6) კლუბი თბილისი „არმია“-ს მოთამაშე #4, ილია სურგულაძის, არაჯანსაღი, არასპორტული, რაგბის პრინციპებთან შეუსაბამო საქციელისთვის, რომელიც გამოიხატა მსაჯის მიმართ უპატივცემულო, აგრესიულ, შეურაცხმყოფელ საქციელში, მსაჯთან კამათში, დისკვალიფიკაცია 3 (სამი) სათამაშო კვირით დარჩეს უცვლელი, ასევე უცვლელი დარჩეს კლუბის ჯარიმა 200 (ორასი) ლარის ოდენობით. დამატებით, არასპორტული დარღვევისათვის, ი. სურგულაძეს დაედოს პირობითი დისკვალიფიკაცია 1 (ერთი) წლის ვადით, რომელსაც გაივლის ძირითადი დისკვალიფიკაციის პერიოდის დასრულების შემდეგ. პირობითი დისკვალიფიკაციის პერიოდში სათამაშო, სპორტულ სიტუაციაში ერთ-ერთი ჩამოთვლილი გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში, პირობითი დისკვალიფიკაცია შეიცვლება რეალურით: მსაჯთან აპელირება, მოწინააღმდეგის, მსაჯის, გულშემატკივრის, თანაგუნდელის, რაგბის მონაწილის შეურაცხყოფა და ღირსების შემლახველი საქციელი;

7) გამგეობის გადაწყვეტილებით დადგენილი სანქციები ამოქმედდეს წინამდებარე სხდომის ოქმის საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნების დღიდან.

8) დაევალოს სრკ-ს პრეზიდენტს და მსაჯთა კომიტეტს უზრუნველყონ მსაჯებისათვის რეკომენდაციების გაწევა, მათი ფსიქოლოგიური მომზადება, იმგვარი ქცევითი უნარების განვითარება, რაც შესაძლებელს გახდის გაანეიტრალოს კონფლიქტური სიტუაციები ან მნიშვნელოვნად შეამციროს ასეთი სიტუაციებით გამოწვეული უარყოფითი შედეგები.

საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობა განმარტავს ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებას, რითაც მოუწოდებს რაგბის კლუბებს, გუნდებს, მოთამაშეებს, მსაჯებს, გულშემატკივრებს, მომავალში მსგავსი დარღვევების პრევენციის მიზნით, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ მიღებულ დასკვნებს. გამგეობაზე წარმოდგენილი, შესწავლილი და გაანალიზებული ინციდენტის ამსახველი მასალებიდან დადგინდა, რომ:

მიმდინარე წლის 27 მარტს, ფოთში გამართულ „დიდი 10“-ს რიგით XVII ტურის მსვლელობისას, თბილისის „არმია“-სა და ბათუმის „ბათუმი“-ს მატჩი მიმდინარეობდა უკიდურესად დაძაბულ ვითარებაში, რა დროსაც ადგილი ჰქონდა თბილისი „არმია“-ს წარმომადგენლების მხრიდან არაკორექტულ, არასპორტულ, შეურაცხმყოფელ და კონფლიქტის მაპროვოცირებელ ქმედებებს, რამაც მატჩის დასრულების შემდგომ კიდევ უფრო დაძაბა ვითარება და გამოიწვია მატჩის მთავარი მსაჯისათვის, ნიკა ამაშუკელისათვის, მძიმე სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება.

კერძოდ, თბილისი „არმია“-ს მწვრთნელმა, ნიკო ჭავჭავაძემ, ისედაც მიმდინარე დაძაბული თამაშის პირობებში, სპორტული სტანდარტებისა და წესების საწინააღმდეგოდ, თამაშის მსვლელობისას მთავარ მსაჯთან გაუთავებელი აპელირებით, გამოიწვია მატჩის სხვა მონაწილეთა მხრიდან, მათ შორის მოთამაშეთა და გულშემატკივართა მხრიდანაც, არაჯანსაღი, არასპორტული აგრესიის გაჩენა, რითაც მოახდინა კონფლიქტის ესკალაცია და მატჩის შემდგომი ინციდენტის პროვოცირება;

თბილისი „არმია“-ს მოთამაშეებმა, გიორგი აფციაურმა და ილია სურგულაძემ, რომლებიც არამარტო შედიოდნენ მსაჯთან კამათში, არამედ თავისი აგრესიული საქციელით და არაკორექტული ქმედებებით შეურაცხყოფას აყენებდნენ მსაჯს, გამოიჩინეს სრული უპატივცემულობა სპორტული სტანდარტებისა და რაგბის მონაწილეთა მიმართ;

თბილისი „არმია“-ს წარმომადგენელმა, კლუბის მარკეტინგის მენეჯერმა გიგა ჩაჩავამ, მიაყენა მსაჯს სიტყვიერი შეურაცხყოფა, რითაც ასევე დაარღვია დამკვიდრებული კორექტულობისა და რაგბის მონაწილეთა მიმართ პატივისცემის მოთხოვნები;

თბილისი „არმია“-ს წარმომადგენელი, ასაკობრივი გუნდის მწვრთნელი, ჯაბა კიზირია, რომელიც მოცემულ მატჩზე ახორციელებდა წყლის მიტანას მოთამაშეებისათვის, მთელი მატჩის მსვლელობისას თავისი არაკორექტული, აგრესიული საქციელით, მსაჯთან მუდმივი აპელირებით, იჩენდა უპატივცემულობას რაგბის დადგენილი წესებისა და მონაწილეთა მიმართ, რის გამოც იგი რამოდენიმეჯერ იქნა გაფრთხილებული მატჩის მეთვალყურის მიერ და ბოლოს, გაძევებული მოედნიდან. გამოკვლევის შედეგებით უტყუარად დგინდება, რომ ჯაბა კიზირიამ, მატჩის დასრულების შემდგომ წამოიწყო მსაჯთან კონფლიქტი, რა დროსაც მიაყენა მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.

თბილისი „არმია“-ს გუნდის წევრებისა და წარმომადგენლების მიმართ სანქციების შეფარდებისას, გამგეობა ხელმძღვანელობდა შემდეგი მოსაზრებებით:

რაიმე გზით, შეგნებულად რაგბის მონაწილის დამცირება, ტრავმის მიყენება, ღირსების შელახვა, რაგბის წესებისადმი დაუმორჩილებლობა, არასპორტული აგრესიის გამოვლენა და ასეთისკენ წაქეზება პირდაპირ წინააღმდეგობაშია რაგბის კავშირის ქარტიის სულისკვეთებასთან და ამიტომ, ასეთი მოქმედება გასაკიცხი და ყოვლად დაუშვებელია. ამასთანავე, გამგეობა განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს გუნდის მწვრთნელის, ნიკო ჭავჭავაძის, ქმედების სიმძიმეზე, რომელიც გამგეობის მიერ შეფასდა, როგორც კონფლიქტის პროვოცირება. გამგეობა აცხადებს, რომ ყოველთვის მკაცრ შეფასებას მისცემს რაგბის მონაწილეთა მხრიდან ისეთ ქმედებებს, რომლებიც ხელს უწყობენ კონფლიქტის წარმოქმნას და/ან გაღვივებას. კონფლიქტის ნებისმიერი სახით პროვოცირება განხილული იქნება, როგორც მძიმე დისციპლინარული გადაცდომა, რომლისთვისაც ასეთი გადაცდომის ჩამდენს დაეკისრება მკაცრი დისციპლინარული სანქცია.

უპრეცედენტოდ მძიმედ იქნა მიჩნეული კლუბის წარმომადგენლის, ჯაბა კიზირიას, გადაცდომა. კერძოდ, თამაშის დასრულების შემდგომ, მაშინ როდესაც რაგბის „დაუწერელი კანონის“ შესაბამისად, მონაწილეებმა უნდა გამოხატონ პატივისცემა და მეგობრული დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ, ჯ. კიზირია გახდა მომხდარი ინციდენტის ერთადერთი მონაწილე, რომელმაც ფიზიკური ზემოქმედება განახორციელა მსაჯზე. სწორედ ამიტომ, გამგეობამ შეაფასა მისი ქმედება, როგორც უკიდურესად მძიმე დისციპლინარული გადაცდომა და შეუფარდა ჯ.კიზირიას შემთხვევის სხვა მონაწილეებთან შედარებით ყველაზე მკაცრი დისციპლინარული სანქცია.

აქვე, გამგეობა შეახსენებს რაგბის ყველა მონაწილეს 2010 წლის 12 ოქტომბრის საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის გადაწყვეტილებაში ასახულ გამგეობის რეკომენდაციას და მოუწოდებს კლუბებისა და გუნდების ხელმძღვანელებს, მწვრთნელებს კიდევ ერთხელ არამარტო გაეცნონ გამგეობის რეკომენდაციას, არამედ დაუყოვნებლივ დაიწყონ ზრუნვა საკუთარ კლუბებსა და გუნდებში აღწერილი სტანდარტებისა და წესების დანერგვაზე:

„სრკ-ის გამგეობა აცხადებს, რომ განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა არასპორტულ ქმედებებზე, მათ შორის გაუმართლებელ (არასპორტულ) აგრესიაზე რეაგირებას. რაგბის კლუბების, გუნდების ხელმძღვანელობამ და მწვრთნელებმა უნდა დაიყვანონ თითოეულ მოთამაშემდე, რომ რაგბი არის სპორტული თამაში და არა ჩხუბი, და რომ კონკრეტულ მატჩში ან ტურნირში გამარჯვება მაშინ არის ფასეული, როდესაც ეს კარგი, მაღალხარისხიანი თამაშის შედეგად არის მიღწეული. ღირსეული გამარჯვების მიღწევა კი მეტოქის პატივისცემის გარეშე შეუძლებელია. შესაბამისად, გამკაცრდება სასჯელები იმ მოთამაშეთა მიმართ, ვინც შეურაცხყოფს მოწინააღმდეგეს, თანაგუნდელს მსაჯს ან გულშემატკივარს როგორც სიტყვიერად, ასევე ფიზიკურად.“

2011 წლის 30 იანვარს, საქართველოს რაგბის კავშირმა მიიღო რაგბის ქარტია, რომელშიც განამტკიცა ის სულისკვეთება, რაც გადმოცემულია 2010 წლის 12 ოქტომბრის გამგეობის გადაწყვეტილებაში და მოახდინა დეკლარირება იმ ძირითადი ფასეულობების, რომელთა გარეშეც რაგბი, როგორც თამაში და რაინდობის სკოლა, დაკარგავს თავის ღირსებასა და გამორჩეულობას. გამგეობა რეკომენდაციას აძლევს ასევე მსაჯებს, რათა მათ კონფლიქტური სიტუაციის ესკალაციის თავიდან ასაცილებლად, გამოიჩინონ ფსიქოლოგიური მდგრადობა და არცერთ შემთხვევაში არ შევიდნენ პოლემიკაში მატჩის მონაწილეებთან, იმოქმედონ იმდაგვარად, რომ ხელი არ შეუწყონ კონფლიქტური სიტუაციების ესკალაციას.

  1. დღის წესრიგში შემავალ მეექვსე, მეშვიდე და მერვე საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც ეხებოდა ა) მატჩის მეთვალყურეთა დებულების და მოხალისე მეთვალყურეთა დებულების პროექტების განხილვას; ბ) მატჩის მეთვალყურეთა დებულებიდან გამომდინარე სადისციპლინო კოდექსში ცვლილებების პროექტის განხილვას; გ) სადისციპლინო კოდექსით გათვალისწინებული სანქციების მომხდარ დარღვევებთან შესაბამისობის საკითხის განხილვას, გამგეობამ მიიჩნია, რომ აღნიშნული საკითხების გადაწყვეტა მოითხოვს დამატებით მომზადებას. ამასთან, დღის წესრიგში შემავალი საკითხების მოცულობისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით, გამგეობა მოკლებულია შესაძლებლობას ერთი სხდომის პირობებში სათანადო ყურადღება დაუთმოს ყველა საკითხის განხილვას.

სადისციპლინო კოდექსთან მიმართებაში, გამგეობამ მიიჩნია, რომ მოქმედი სადისციპლინო კოდექსი მოძველებულია და საჭიროებს ცვლილებებს, რადგან ბოლო დროს მომრავლდა რაგბის მონაწილეთა მხრიდან ისეთი გადაცდომების ჩადენა, რომლებიც მოითხოვს კოდექსში მათ პირდაპირ ასახვას და რიგ შემთხვევებში, სანქციათა დამძიმებას.ამიტომ, სხდომამ ერთხმად დაადგინა:

1) მოიხსნან მიმდინარე სხდომაზე განხილვიდან მატჩის მეთვალყურეთა დებულების და მოხალისე მეთვალყურეთა დებულების პროექტები, ასევე მატჩის მეთვალყურეთა დებულებიდან გამომდინარე სადისციპლინო კოდექსში ცვლილებების პროექტი;

2) დაევალოს სრკ-ს პრეზიდენტს და სადისციპლინო კომიტეტს არაუგვიანეს მიმდინარე წლის ივლისის თვისა გამგეობას განსახილველად წარუდგინონ ახალი სადისციპლინო კოდექსის პროექტი, რომელშიც ასახული იქნება ყველა ის პრობლემატური საკითხი, რომელზეც გაამახვილა ყურადღება გამგეობამ მიმდინარე სხდომაზე.

სხდომის თავმჯდომარე: დიმიტრი კალანდაძე

სხდომის მდივანი: ხატია შელია


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
17:47 | 14.05.2016
პანტელეიმონი (1218)

გამგეობის გადაწტვეტილება ადექვატურია, მთავარია პრინციპულობა შეინარჩუნოთ.

0.08514