ჩელენჯ კაპი

12:20 | 13.05.2016 | ნანახია 2090 - ჯერ

ნარიაშვილი იწყებს, ქუბრიაშვილი თადარიგშია

რაგბის გულშემატკივარს სამდღიანი ფინალური მატჩების სერია ელის. დღეს ლიონში რანგით მეორე ევროპის საკლუბო ტურნირ ჩელენჯ ქაფის ფინალია, ხვალ იქვე ჩემპიონთა თასის ახალი მფლობელი გამოვლინდება, ხოლო ზეგ „მიხეილ მესხზე“ დიდი 10-ის გამარჯვებული გაირკვევა.

მეშვიდედ 1997 წლიდან, მეორე დონის საკლუბო ტურნირის გადამწყვეტ მატჩში ფრანგულ-ინგლისური დაპირისპირება შედგება. „ჰარლექუინსი“ გამოცდილი გუნდია და ჩელენჯ ქაფის ფინალში მეოთხედ თამაშობს, თანაც სამივე წინა ჯერზე ფრანგების ძლევით თასის მფლობელი გახდა და ამ მაჩვენებლით ტურნირის რეკორდსმენია, ხოლო „მონპელიე“ ევროთასების ფინალში პირველადაა [2004 წელს ამ გუნდმა ეგრეთწოდებული „შილდი“ მოიგო, მაგრამ მისი სათვალავში მიღება უადგილოა, რადგან ტურნირში ინგლისისა და საფრანგეთის ჩემპიონატების აუტსაიდერები, ასევე იტალიური, პორტუგალიური, ესპანური და რუმინული კლუბები მონაწილეობდნენ]. ფინალს სასტარტო შემადგენლობაში იწყებს საქართველოს ნაკრების ბურჯი მიხეილ ნარიაშვილი, დუდუ ქუბრიაშვილი კი თადარიგშია.

მთლიანობაში, ჩელენჯ ქაფის ფინალში პრემიერშიპისა და ტოპ 14-ის გუნდების დაპირისპირებაში სტატისტიკა აშკარად ინგლისელთა მხარესაა. მხოლოდ ერთხელ, 2007 წელს შეძლო „კლერმონმა“ ფრანგთა ღირსების დაცვა და „ბათის“ 22:16 ძლევით თასი შემართა. დანარჩენ ხუთ შემთხვევაში გამარჯვება ინგლისელებს დარჩათ და როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სამჯერ თასი „ჰარლექუინსის“ მოთამაშეებმა შემართეს - ლონდონელებმა 2001 წელს „ნარბონი“ 42:33, 2004 წელს „კლერმონი“ 27:26 და 2011 წელს „სტად ფრანსე“ 19:18 დაამარცხეს.

„ჰარლექუინსი“ და „მონპელიე“ მიმდინარე სეზონში ერთმანეთს მესამედ ხვდებიან. მათი დაპირისპირებები ჯგუფურ ეტაპზე შედგა და საკუთარი მოედნის უპირატესობა ორივემ სათანადოდ გამოიყენა. ინგლისელებმა პირველ რაუნდში ლონდონში 41:18 იმარჯვეს, დასკვნით ტურში კი, ფრანგებმა საკუთარ მოედანზე ღირსეული რევანში აიღეს - 42:9. ამ თამაშებში უელსელ ადამ ჯონსს თავი დაამახსოვრა ნარიაშვილმა - ქართველი მას მიწოლაში ყველა ჯერზე საგრძნობლად ჯაბნიდა.

კონორ ოშისთვის ეს ბოლო თამაშია „ჰარლეუქინსის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე. ამის შემდეგ ის კონტინენტურ ევროპაში დარჩება და იტალიის ეროვნულ ნაკრებს ჩაიბარებს. ჯეკ უაითს შეუძლია გუნდთან ერთად პირველი ტიტული მოიპოვოს და ისტორიაში შევიდეს, თუმცა ჩელენჯ ქაფის ფინალის შემდეგ მას და მის გუნდს ტოპ 14-ის თამაშები და პლეი ოფები ელის.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
21:32 | 13.05.2016
meleksa (132)

ლინკი არ გაქვთ ვინმეს?

0.091734