20-წლამდელები

10:13 | 13.05.2016 | ნანახია 4835 - ჯერ

ლობჟანიძის კაპიტნობით და "საზოგადოებრივი მაუწყებლით" [+ვიდეო]

წელს მანჩესტერში მსოფლიო რაგბის 20 წალმდელთა ჩემპიონატის სტარტამდე თვეზე ნაკლები რჩება. ტურნირში, რომელშიც მსოფლიოს 12 ელიტარული ახალგაზრდული ნაკრები ასპარეზობს, საქართველო, ჩვენი რაგბის ისტორიაში პირველად მიიღებს მონაწილეობას. აქამდე უმცროსი ბორჯღალოსნები რანგით უფრო დაბალ, მსოფლიო რაგბის ალაფაზე მონაწილეობდნენ, რომელშიც შარშან გაიმარჯვეს და ამით მოიპოვეს ელიტის საგზური.

წელს მსოფლიოს საუკეთესო 12 გუნდს შორის ასპარეზობა იმითაც მნიშვნელოვანია, რომ გაისად ჩემპიონატს საქართველოში ვმასპინძლობთ, შესაბამისად უმცროს ბორჯღალოსნებს უკვე ექნებად მსოფლიოში საუკეთესოებთან თამაშის გამოცდილება. შეგახსენებთ, რომ მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი მნიშვნელობით მეორეა კაცთა მსოფლიო თასის შემდეგ.
მატჩები საზოგადოებრივზე
მსოფლიო უმცროსი ბორჯღალოსნები ჯგუში საკმაოდ ძლიერ მეტოქეებს, ახალ ზელანდიას, ირლანდიასა და უელსს ერკინებიან. ახალი ზელანდია, რომელიც მსოფლიოში უფროსებში და 20-წლამდელებში მსოფლიო ჩემპიონია, უდაოდ ჩვენი ყველაზე ძლიერი მეტოქეა, მაგრამ 20-წლამდე ექვს ერში რეგულარულად მონაწილე ირლანდია და უელსიც არანაკლებად სახიფათონი არიან. შესაბამსად წლევანდელ მსოფლიოზე იოლი თამაშები ნამდვილად არ გველის.
მანჩესტერში უმცროს ბორჯღალოსანთა მატჩებისა და ტურნირის ფინალის პირდაპირ რეპორტაჟებს თი ბი სი ბანკი და საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი წარმოგვიდგენენ, რისთვისაც მათ ქართული სარაგბო თემისა და ქომაგების სახელით დიდ მადლობას ვუხდით!
ჯგუფური ეტაპის მატჩების განრიგი:
7 ივნისი - ახ. ზელანდია - საქართველო, 22:45 სთ. ეი ჯეი ბელ სთედიუმი;
11 ივნისი - უელსი - საქართველო, 18:45 სთ. მან. სითის აკადემიის სტადიონი;
15 ივნისი - ირლანდია - საქართველო, 20:30 სთ. მან. სითის აკადემიის სტადიონი;
შეკრების მე-4 კვირა
20-წლამდელები მსოფლიოსთვის მზადების ბოლო, მეოთხე შეკრებას 7 აპრილს შევარდენის სანაკრებო ბაზაზე შეუდგნენ. უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ჯერ ორი კვირა ივარჯიშეს, შემდეგ კი ერთი კვირით სააღდგომოდ შეისვენეს. შეკრების მეორე ეტაპზე, რომელიც პირველ მაისს დაიწყო გუნდს ლეგიონერები დაემატნენ. ლეგიონერებიდან მხოლოდ ორმა ვერ შეძლო ჩამოსვლა, რომლებიც ნაკრებს ტურნირის დაწყებამდე 5 დღით ადრე მანჩესტერში დაემატებიან. ესენი არიან ლიონის ესპუართა გუნდის მხტომელი გიორგი ჯავახია და 20-წლამდელთა ვიცე-კაპიტანი, ფრანგული მონდემარსანის მესამე ხაზელი ბექა გორგაძე, რომელმაც ეროვნულ ნაკრებში უკვე 7 კეპი მოიხვეჭა და ერთი ლელო დადო.
ტურნირზე უმცროს ბორჯღალოსნებს, კაცთა მსოფლიო თასების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მორაგბე, 19 წლის ვასკა ლობჟანიძე უკაპიტნებს. ვასკას ზურგს უკვე 15 სანაკრებო კეპი უმაგრებს. მან შარშან მაისში 20-წლამდელთა ალაფაზე მიიღო მონაწილეობა, რომელშიც ჩვენმა ნაკრებმა ერთი ამოსუნთქვით გაიმარჯვა. მანამდე კი, წლის დასაწყისში შედგა მისი დებიუტი ‘უფროს’ ბორჯღალოსნებში და რაც მთავარია, 2015 წლის მსოფლიო თასზე ბორჯღალოსანთა ოთხივე მატჩში ითამაშა.
ნაკრები სატურნირო შეკრებას 25 მაისს დაასრულებს და 30 მაისს გაემგზავრება მანჩესტერში. მსოფლიო ჩემპიონატი 4 ივნისს გაიხსნება, ხოლო პირველი სატურნირო დღე 7 ივნისს გაიმართება.
20-წლამდელთა დღიურები, ეპიზოდი 3
ვაგრძელებთ 20-წლამდელების დღიურებს. მე-3 ეპიზოდში:
გიორგი მელიქიძე მზადების და დიდ ნაკრებში მისი დებიუტის შესახებ
ვასკა ლობჟანიძე 2015 წლის მსოფლიო თასის და 20-წლამდელთა კაპიტნობის შესახებ

საქართველოს რაგბის კავშირი


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
20:31 | 14.05.2016
zura-mesi (33)

კარგი სანახაობა იქნება

11:09 | 13.05.2016
BEERTRANCE (1073)

აბა თქვენ იცით

0.106705