6 ერი

21:40 | 12.05.2016 | ნანახია 4914 - ჯერ

ბომონტმა ექვს ერში ცვლილებები დააანონსა

„მსოფლიო რაგბის“ პრეზიდენტად ახლადარჩეულმა ბილ ბომონტმა ექვს ერს ტურნირის ვადების ერთი თვით გადაწევისკენ მოუწოდა.

64 წლის ბომონტს 1975-82 წლებში ინგლისის ნაკრებში 34 თამაში აქვს ჩატარებული, მოთამაშის კარიერის დასრულების შემდეგ კი, ინგლისის რაგბის კავშირისა და ექვსი ერის ხელმძღვანელი იყო. რამდენიმე წლის წინ, მას ამ კომერციულ ტურნირში ცვლილებების ხსენებაც არ უნდოდა, ახლა კი, ის მსოფლიოში რაგბის განვითარებაზეა პასუხისმგებელი და ისეთი გადაწყვეტილებების მიღებაც მოუწევს, რასაც ადრე კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა.

„თამაში შეიცვალა და ეჭვგარეშეა, ჩვენ წინსვლა უნდა განვაგრძოთ. ვფიქრობ, ყველა უნდა მოემზადოს ექვს ერში ცვლილებებისთვის. ვიცი, რომ ტურნირის ორგანიზატორებს ცვლილებები არ უყვართ, თუმცა ვფიქრობ, კომპრომისის გამონახვა შსაძლებელია“ - ამბობს ბომონტი და აზუსტებს, რომ ჯონ ფიენს ვერაფერს დააძალებს.

ჯერჯერობით საუბარია ტურნირის ვადების ერთი თვით გადაწევაზე და ნაცვლად თებერვალი-მარტისა, მატჩების მარტსა და აპრილში გამართვაზე. რადგან ბომონტს ფიენთან კარგი ურთიერთობა აქვს, არაა გამორიცხული ეს გარიგება შედგეს და რადგან ცვლილებები დაიწყება, მერე ეგებ მისი კარიც გაიხსნას, მით უმეტეს, რომ ბილს თავის პროგრამაში უწერია - მეორე დონის ქვეყნებს განვითარებისთვის მეტი საშუალება უნდა მიეცეთ.

შესაძლოა, შეიცვალოს ზაფხულის ტესტ-მატჩების ჩატარების პერიოდიც. სამხრეთ ნახევარსფეროს წარმომადგენლების სურვილია, რომ სუპერ რაგბის თამაშები უწყვეტად ჩატარდეს და ტესტ-მატჩების ჩატარების ვადებმა ივნისიდან ივლისში გადაიწიოს.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
11:06 | 13.05.2016
BEERTRANCE (1073)

ღმერთმა ქნას

0.076299