ტესტ-მატჩები

11:24 | 31.03.2016 | ნანახია 2235 - ჯერ

კლენსი ივნისშიც არ აგვცდა
ტესტ-მატჩებზე მსაჯები დაგვიმტკიცდა

ივნისის ტესტ-მატჩებზე საქართველოს ნაკრების მატჩებს ახალ ზელანდიელი და ინგლისელი მთავარი მსაჯები მოემსახურებიან.

11 ივნისს აპიაში საქართველოს ნაკრები სამოას ეთამაშება და მთავარი მსაჯი ზელანდიელი ბენ ო’კიფი იქნება. ეს პროფესიით ოფთალმოლოგი ო’კიფისთვის სადებიუტო საერთაშორისო შეხვედრაა. მას ასისტენტობას ავსტრალიელი ენდრიუ ლისი და ჯეიმს ლაკი გაუწევენ.

18 ივნისს „ბორჯღალოსნები“ სუვაში ტონგას ეთამაშებიან და რეფერი აქაც ზელანდიელი, ნიკ ბრაიენი იქნება, რომელსაც ასისტენტობას ფრანგი პასკალ გუზე და სამოელი ფაავაე ნერუ გაუწევენ.

25 ივნისს სუვაში საქართველო ფიჯის ხვდება და მთავარი მსაჯი ინგლისელი ჯი-პი დოილია, რომელსაც კიდეებიდან ჩვენთვის ცუდად ნაცნობი ირლანდიელი ჯორჯ კლენსი და ავსტრალიელი ჯეიმს ლაკი დაეხმარებიან.

უელსელი ნაიჯელ ოუენსი ივნისში ორ ტესტ-მატჩს იმსაჯებს - 11 ივნისს სუვაში ფიჯი-ტონგას და 25-ში სიდნეიში ავსტრალია-ინგლისს, რითაც მისი ნამსაჯი მატჩების რაოდენობა 70 გახდება და გაუტოლდება რეკორდსმენს, სამხრეთ აფრიკელ ჯონათან კაპლანს. ნაიჯელმა პირველი საერთაშორისო შეხვედრა 2003 წელს იმსაჯა, ლისაბონში პორტუგალიასა და საქართველოს ნაკრებებს შორის. ოუენსმა ექვსი ერის 16 შეხვედრა იმსაჯა, 12-12 შემთხვევაში იყო რეფერი მსოფლიო თასისა და სამი ერის მატჩებისას, შარშან კი, მსოფლიო თასის ფინალი ანდეს: „მოუთმენლად ველი ფიჯიზე გამგზავრებას, რადგან იქ აქამდე არასდროს მიმსაჯია“ - ამბობს ნაიჯელი.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
12:53 | 31.03.2016
jora84 (183)

ჯი-პი დოლიც არანაკლებად მწარედ გვახსოვს, ირლანდია 2014 ში და არგენტინა 2015 ში

0.089313