საერთაშორისო

14:28 | 12.05.2016 | ნანახია 2484 - ჯერ

ახალი ზელანდიის „კარგი ბალანსი“

ახალი ზელანდიის 20-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სკოტ რობერტსონმა ის 28 მორაგბე შეარჩია, რომელთა მეშვეობითაც ინგლისში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის შენარჩუნებას ეცდება.

შემადგენლობაში მოხვდნენ როგორც გამოცდილი მოთამაშეები, ასევე ახალი სახეები და მწვრთნელი ამბობს, რომ გუნდში „კარგი ბალანსი“ დამყარდა. საბოლოოდ ჩამოყალიბებამდე, რობერტსონმა კანდიდატები 20-წლამდელთა ოკეანეთის ჩემპიონატში, ავსტრალიასთან გამართულ ორ მატჩში შეამოწმა. პირველ მათგანში ახალგაზრდა „ოლ ბლექსმა“ 30:10 იმარჯვა, ხოლო მეორეში 24:25 დამარცხდა.

„სუპერ რაგბის გუნდებიდან ექვსი მოთამაშე გვყავს, ორი ბიჭი შარშანდელი შემადგენლობიდანაა, ხოლო 9 მოთამაშე ახალგაზრდაა და მათ მომავალ მსოფლიოს ჩემპიონატშიც მოუწევთ თამაში. ეს ძალიან კარგი ბალანსია - ცოტა გამოცდილება, ახალი სისხლი და ეიფორია ახალგაზრდებისგან, ასევე პროფესიონალისზმი სუპერ რაგბის მოთამაშეებისგან“ - ამბობს რობერტსონი, რომელმაც გუნდში მუშაობის პირველ წელიწადს, ახალი ზელანდიის 20-წლამდელთა ნაკრებს 2015 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი მოაგებინა.

მიტჩელ იაკობსონი გახდება პირველი ახაზელანდიელი, რომელიც მესამედ ითამაშებს 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე. წელს მიტჩელის მხარდამხარ მისი უმცროსი ძმა, ლუკიც ითამაშებს. ძმები ვახსენეთ და შემადგენლობაშია „ოლ ბლექსის“ წევრის, მსოფლიოს ჩემპიონის ბოდენ ბარეტის ძმა ჯორდი. ბოდენმა 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატი 2011 წელს მოიგო, ხოლო მწვრთნელებს თავი ოკეანეთის 20-წლამდელთა ჩემპიონატის შეხვედრებისას მოაწონა - მისი თამაში შთამბეჭდავად შეფასდა. გუნდშია ყოფილი „ოლ ბლექსის“ და „მაორი ოლ ბლექისის“, ჯარედ ჰოეატას ძმა ფინიც.

ახალი ზელანდია ტიტულის დაცვას 7 ივნისს, საქართველოსთან თამაშით იწყებს, 11-ში ირლანდიას ეთამაშება, ხოლო ჯგუფურ ეტაპს 15 ივნისს უელსთან მატჩით დაასრულებს. 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატში 12 გუნდი მონაწილეობს და თასის ნახევარფინალში თითოეული ჯგუფის გამარჯვებული და ერთიც საუკეთესო მეორეადგილოსანი გადის.

„ურთულეს ჯგუფში ვართ. გვყავს ექვსი ერის გამარჯვებული უელსი და ირლანდია, რომელმაც ძალიან კარგი თამაში აჩვენა. მათ გარდა ჯგუფშია საქართველო. ისინი დებიუტანტები არიან, „ალაფა“ მოიგეს და ვიცით, რომ უყვართ შერკინებითა და მოლით თამაში, ასევე, ყავთ ფიზიკურად დიდი ბიჭები. მაგრამ ჩვენ მსოფლიოს ჩემპიონატზე წასვლას და ტიტულის მოგებას ვაპირებთ. ძალიან კარგი შემადგენლობა გვყავს, ამ ბიჭების გვწამს და თავისუფლად შეგვიძლია დასახული ამოცანის შესრულება“ - ამბობს რობერტსონი.

ახალი ზელანდიის 20-წლამდელთა ნაკრები 27 მაისს შეიკრიბება და რამდენიმე დღეში გეზს ინგლისისკენ აიღებს.

ახალი ზელანდია: Ayden Johnstone, Shaun Stodart, Sean Paranihi, Alex Fidow, Sosefo Kautai, Leni Apisai (captain), Asafo Aumua, Quinten Strange, Hamish Dalzell, Isaia Walker-Leawere, Fin Hoeata, Mitchell Jacobson, Luke Jacobson, Dalton Papali’I, Marino Mikaele Tu'u, Hapakuki Moala-Liava'a, Jonathan Taumateine, Sam Nock, Stephen Perofeta, TJ Va’a, Orbyn Leger, Jordie Barrett, Patelesio Tomkinson, Jonah Lowe, Malo Tuitama, Caleb Makene, Shaun Stevenson, Jordan Trainor.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.086317