საქართველოს ნაკრების კაპიტანი, ფრანგული „ტულონის“ მეორე-მესამეხაზელი მამუკა გორგოძე ამბობს, რომ ტოპ 14-ის რეგულარულ გათამაშებაში მისი გუნდის მიზანი მეორე ადგილის დაკავებაა.
31 წლის მორაგბე „კასტრთან“ 17:7 მოგებული მატჩით კმაყოფილი იყო. მას განსაკუთრებით ის მოეწონა, რომ სასტარტო შემადგენლობაში ერთბაშად სამი ქართველი მოხვდნენ - თვითონ, ლევან ჩილაჩავა და კოტე მიქაუტაძე.
„გვსურდა ძლიერად გვეთამაშა შერკინებასა და მოლში. ეს გამარჯვების გასაღები იყო და ყველაფერი კარგად გამოგვივიდა. მე ქართველებით ვიყავი გარშემორტყმული, რაც ძალიან კარგია, რადგან ჩვენ ერთი ოჯახი ვართ. სიმართლეა რასაც ამბობენ - ქართველებს ერთმანეთთან სხვაგვარი დამოკიდებულება გვაქვს. თუმცა, გუნდში ყველანი მეგობრები ვართ და ამ კუთხით ქართველები და ფრანგები არ განვსხვავდებით“.
გორგოძის თქმით, ძლიერ „კასტრთან“ გამარჯვება მნიშვნელოვანი იყო, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც „ტულონი“ მანამდე ზედიზედ ორ საშინაო მატჩში დამარცხდა - „კლერმონთან“ და „ტულუზთან“:
„მთელი კვირის განმავლობაში, ჟაკ დელმასთან დიდი სამუშაო გავწიეთ. ბედნიერები ვართ, რადგან „კასტრის“ დამარცხება იოლი არაა, ძლიერი გინდია და ახლა აღმასვლას განიცდის. ესაა გუნდი, რომელიც დიდ პატივისცემას იმსახურებს. მაგრამ მოვიგეთ და ეს უმნიშვნელოვანესია, მით უმეტეს იმის ფონზე, რომ მანამდე ზედიზედ ორი საშინაო მატჩი დავთმეთ. მართალია აქ დიდი ხანი არაა რაც ვთამაშობ, მაგრამ არც კი მახსენდება ბოლოს „ტულონი“ საკუთარ მოედანზე ორჯერ ზედიზედ როდის დამარცხდა. ტოპ 14-ში მოგება ურთულესი საქმე გახდა და ფაქტობრივად ყველა გუნდმა პროგრესი განიცადა“.
„ტულონს“ საჩემპიონო პლეი ოფში თამაში პრაქტიკულად დაბევებული აქვს, თუმცა გუნდის მიზანი რეგულარული პირველობის მე-2 ადგილზე დასრულებაა, რომელსაც მოცემული მომენტისთვის 1 ქულით ჩამორჩება. აღსანიშნავია, რომ ეს გუნდები ბოლოსწინა ტურში, 29 მაისს მონპელიეში ითამაშებენ:
„მიზანი რეგულარული გათამაშების მეორე ადგილზე დასრულებაა. „მონპელიეს“ ძალიან დიდ პატივს ვცემთ, რადგან ესაა ძალიან კარგი გუნდი და ამ მიზნის მიღწევა ურთულესი იქნება“.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია