სტატიები

18:09 | 11.05.2016 | ნანახია 2525 - ჯერ

საქართველო "მსოფლიო რაგბის" საბჭოში!

საერთაშორისო რაგბისთვის ამ ისტორიულ დღეს მსოფლიო რაგბი მიესალმება საქართველოს, რუმინეთსა და აშშ-ს გაფართოებულ საბჭოში.

მმართველობის ახალი მოდელი შესაძლებელს ხდის გაიზარდოს წარმომადგენლობა საბჭოში და ამ სამმა კავშირმა წარმატებული მართვის ყველა საჭირო კრიტერიუმი დააკმაყოფილა, რომლებიც შარშან ნოემბერში მიღებული დადგენილებებით იყო გათვალისწინებული.

ახალი წევრების მიღება სხვა კავშირებისთვისაც წარმოადგენს მოტივაციას, რათა მიაღწიონ საჭირო დონეს და ადგილი დაიკავონ საბჭოში. ნოემბერში გამართულ შუალედურ შეხვედრაზე შემდეგი გადაწყვეტილებები მიიღეს:

  • ვინაიდან საქართველომ, რუმინეთმა და აშშ-მ დადგენილებების მიხედვით გათვალისწინებული კრიტერიუმები დააკმაყოფილეს თითოს ეყოლება თითო წარმომადგენელი ორი ხმით
  • არგენტინას, კანადასა და იტალიას, რომლებიც უკვე წარმოდგენილნი არიან საბჭოში, თითო წარმომადგენელი და ხმა დაემატებათ
  • საბჭოს წევრ ექვს რეგიონალურ ასოციაციას დამატებითი ხმა მიეცემა
  • ახალი სტრუქტურა მიმდინარე წლის ნოემბერში, შუალედურ კრებაზე აიღებს სტარტს

8 წლიანი სამსახურის შემდეგ, ვიდრე ივნისის ბოლოს ბერნარ ლაპასე მსოფლიო რაგბის თავმჯდომარის თანამდებობას დატოვებს, იგი მიესალმება რეფორმას და მიაჩნია, რომ ეს მნიშვნელოვან კვალს დატოვებს.

"ეს ისტორიული დღეა ჩვენი სპორტისთვის, რომელიც ზრდას და განვითარებას არ წყვეტს. ბედნიერი ვარ, რომ დღეს საქართველოს, რუმინეთსა და აშშ-ს საბჭოში მივესალმებით, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს რაგბის განვითარებაში და აღწევენ პროგრესს, როგორც მოედანზე, ასევე მის მიღმა. დარწმუნებული ვარ, რომ ისინი კიდევ უფრო მეტს გააკეთებენ, ვინაიდან ამ სპორტს ყველა ერთად ვზრდით.

“ეს ამტკიცებს იმას, რომ მოდელი მუშაობს, გასავლელი გზაც ცნობილია და რაც მთავარია, კარი ღიაა ყველა კავშირისთვის, რომლებსაც საბჭოში მოხვედრა სურთ. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა კავშირს მაგალითი აიღონ საქართველოსგან, რუმინეთისგან და აშშ-სგან, გაეცნონ მათი მართველობის სისტემასა და მოდელს და ეცადონ მიაღწიონ საჭირო კრიტერიუმებს."

საქართველო, სადაც რაგბი ლამისაა ეროვნული სპორტია და შარშანდელ მსოფლიო თასზე არნახულ წარმატებას მიაღწია, საბჭოში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა, გოჩა სვანიძემ განაცხადა: "ეს განსაკუთრებული დღეა ქართული რაგბისთვის და იმ ქვეყნებისთვი, რომელთაც გააჩნიათ ჯანსაღი ამბიცია, სწორი ორგანიზაციული მართვით მოიპოვონ გამარჯვებები როგორც მოედანზე, ასევე მის მიღმა - იმ ფასეულობების დასამკვიდრებლად და დასაცავად, რაც ამ რაინდული თამაშის განუყოფელი ნაწილია.“

"მადლობა მსოფლიო რაგბს და მის ამჟამინდელ თავმდომარეს ბერნარ ლაპასეს იმ თანამშრომლობისათვის და თანადგომისათვის, რასაც მუდმივად ვგრძნობდით განვლილი წლების მანძილზე. ასეთი პოლიტიკა მსოფლიო რაგბის შემდგომი განვითარების მძლევრი იმპულსია.“

„ვულოცავ ჩვენს მეგობრებსა და პარტნიორებს რუმინეთისა და აშშ-ს რაგბის კავშირებს მათი საქმიანობის შედეგების ამგვარ დაფასებას და მსოფლიო რაგბის საბჭოში გაწევრიანებას.“

rugby.ge


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
19:38 | 11.05.2016
test (124)

გილოცაბთ მეგობრებო !!!

0.080399