ინტერვიუ

10:18 | 30.03.2016 | ნანახია 6925 - ჯერ

მამუკა გორგოძე: „გვათამაშეთ ექვსი ერის ბოლოადგილოსანთან“

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ფრანგული „ტულონის“ მესამეხაზელი მამუკა გორგოძე ფრანგულ გამოცემა Midi-olympique-თან ინტერვიუში კლუბსა და ნაკრებში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება.

  • ტოპ 14-ის განვლილ ტურში „ტულონმა“ „რასინგი“ დაამარცხა. თქვენ ამ მატჩში მონაწილეობა არ მიგიღიათ, მაგრამ მაინც საინტერესოა, თუ რას ფიქრობთ ამ გამარჯვების შესახებ?
  • გასულ და ამ სეზონშიც, ბევრი თამაში გამოვტოვე, თუმცა,„ტულონის“ მსგავსი კონკურენცია არცერთ სხვა კლუბში არაა და ამაში გასაკვირი არაფერია. ხსენებული მატჩის შემადგენლობას თუ გადახედავთ, იქ რამდენიმე ახალ გვარს აღმოაჩენთ და იტყვით, გუნდმა მეორე შემადგენლობით ითამაშაო, მაგრამ ისინი სხვებს არაფრით ჩამოუვარდებიან. უბრალოდ, მათ დანარჩენებზე ნაკლები გამოცდილება აქვთ. საკითხს უფრო თუ ჩავუღრმავდებით, დიდი გუნდები ჩემპიონატს დაბალ ტემპში იწყებენ და ბოლოსკენ უმატებენ. არიან გუნდები, რომლებმაც გათამაშება ძლიერად დაიწყეს, თუმცა ახლა პოზიციების შენარჩუნება უჭირთ. „ტულონი“ მუდამ უმატებს და სეზონის ბოლოს საუკეთესო ფორმაში იქნება.
  • „ტულონში“ მეორე ხაზში გადაგიყვანეს...
  • თამაში მესამე ხაზში მირჩევნია, მაგრამ გუნდს მეორეში ვჭირდები. მთავარია, მოედანზე ვიყო და სულერთია, სად დამაყენებენ. გუნდის წევრი ვარ და სადაც მეტყვიან, იქ ვითამაშებ, ეს ჩვეულებრივი ამბავია. ბერნარმა (ბერნარ ლაპორტი - „ტულონის“ მთავრი მწვრთნელი - ზ. ქ.) მკითხმა, თუ შევძლებდი მეორე ხაზში თამაშს და რა თქმა უნდა, თანხმობით ვუპასუხე. ამ პოზიციაზე ძალიან ბევრი ტრავმირებული გვყავს. მორაგბის კარიერა სწორედ მეორე ხაზში დავიწყე, საქართველოს ნაკრებსა თუ „მონპელიეში“, ამ პოზიციაზე არაერთხელ მითამაშია და ეს ჩემთვის სიახლე არაა.
  • მეორე წელია,„ტულონში“ ირიცხებით. შარშანდელი, არცთუ კარგი სეზონის შემდეგ, როგორც ჩანს, გუნდში ადგილი იპოვეთ...
  • გასული სეზონის სტარტზე უმძიმესი ტრავმამივიღე და დიდი პერიოდი გამიცდა, რის შემდეგაც ფორმის აღდგენა და დაბრუნება გამიჭირდა. ეს არცაა გასაკვირი, რადგან „ტულონში“ შესანიშნავი ბიჭები თამაშობენ. კონკურენციაწელსაც მაღალია, მაგრამ უფრო ხშირად მიწევს მოედანზე გასვლა. აქ ისეთი სიტუაციაა, რომ სასტარტოში ადგილის მოსაპოვებლად ვარსკვლავებიც იბრძვიან.
  • თქვენ სხვა მოთამაშეებს „ვარსკვლავებად“ მოიხსენიებთ, თუმცა, ჩვენი აზრით, თქვენც ამ კატეგორიას მიეკუთვნებით...
  • მე ვარსკვლავი არ ვარ. იმ ბიჭების თამაშს, რომელთა მხარდამხარაც ახლა თავად ვთამაშობ, ცოტა ხნის წინ ტელევიზორში ვუყურებდი. მათ პატივს ვცემ, თუმცა კუმირი არასდროს მყოლია. მოედანზე, ან მის მიღმა, არასდროს არავისთვის მიმიბაძავს. მაქვს ჩემი პლუსები, დიდი ხანია ვთამაშობ და ვიცი, ისინი როგორ გამოვიყენო. მიხარია, რომ მსოფლიო თასზე თუ საფრანგეთში თამაშისას, ყურადღების ცენტრში ვარ, მაგრამ ეს არ მცვლის. შესაძლოა, ჩემზე ბევრ კარგს ამბობენ, თუმცა ამას ყურადღებას ნაკლებად ვაქცევ. ისეთივე მონდომებული ვარ, როგორიც 17-18 წლის ასაკში ვიყავი.
  • ცოტა ხნის წინ ნაკრების შემადგენლობაში ითამაშეთ. ბოლო წლებს და თვეებს თუ გადავხედავთ, რაგბი საქართველოში პოპულარობით ფეხბურთს უტოლდება. თქვენც ამ აზრის ხართ?
  • ძალიან კარგი ფეხბურთელები გვყავს, მაგრამ თამაშებს აგებენ და ხალხიც სტადიონზე იტალიის და საფრანგეთის სანახავად დადის... ჩვენს ბოლო თამაშს თბილისში 55 ათასი მაყურებელი დაესწრო. დღესაც გაოცებული ვარ, წარმოიდგინეთ, 55 ათასი ბილეთი გაიყიდა ერთა თასზე რუმინეთთან მატჩზე. ადრეც შეგვიკრები ამხელა აუდიტორია, ოღონდ რუსეთთან თამაშზე. მაგრამ მსოფლიო თასის შემდეგ სიტუაცია შეიცვალა და სულ მალე რაგბი საქართველოში სპორტისნომერ პირველი სახეობა გახდება.
  • მსოფლიო თასზე წარმატებული თამაშის შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა ერთა თასი ერთი ამოსუნთქვით მოიგო...
  • ვფიქრობ, დროა, საქართველომ უფრო მაღალი დონის ტურნირში ითამაშოს. შესაძლოა, ეს არ იყოს ექვსი ერი, მაგრამ რაღაც გარდამავალში ექვს ერსა და ერთა თასს შორის. კონკრეტულს ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ უნდა ვთამაშობდეთ ისეთ გუნდებთან, როგორებიც იაპონია, კანადა, აშშ, ტონგა და ფიჯი არიან. ჩვენ არ ვართ დიდი გუნდი, თუმცა ასეთად გახდომის პოტენციალი გვაქვს. ერთა თასის მონაწილე ყველა გუნდის პატივისცემის მიუხედავად, ეს ტურნირი ჩვენი განვითარებისთვის უკვე აღარაფრის მომტანია.
  • ბოლო დროს გახშირდა საუბრები იმის თაობაზე, რომ ხომ არ სჯობს იტალიის ნაცვლად ექვს ერში საქართველოს ინტეგრირება მოხდეს...
  • მაგრამ ამას არ ეთანხმება პარისე... ვფიქრობ, მისი გადასაწყვეტი არაა, ვინ რომელ ტურნირში ითამაშებს. მისი საქმე მოედანზე გასვლა და თამაშია და არა ამ საკითხის პრესაში განხილვა. შესაძლოა, ჩვენ ექვს ერში სათამაშოდ მზად არ ვართ, მაგრამ დანამდვილებით შემიძლია გითხრათ: საქართველო უელსისგან 70 ქულას არ მიიღებს. ჩვენ რომ 17 წელი გვეთამაშა ამ ტურნირში, ბევრად დიდი პროგრესი გვექნებოდა, ვიდრე იტალიას აქვს. იტალიის ნაკრები კარგი გუნდია, ძლიერი მოთამაშეებით, რომლებიც მთელი გულით თამაშობენ... ჩვენ არ ვსაუბრობთ ამ საკითხზე პრესასთან, მაგრამ თუ ასე დარწმუნებულები ხართ საკუთარ უპირატესობაში, დაგვიმტკიცეთ ეს მოედანზე. შედგეს თამაში ექვსი ერის ბოლოადგილოსანსა და ერთა თასის გამარჯვებულს შორის და ვნახოთ, რა შედეგი დადგება. საქართველოში ყველამ ცუდად მიიღო მისი განცხადება - თურმე, ჩვენი ადგილი ერთა თასზე ყოფილა. პარისე მსოფლიო დონის მოთამაშეა, თუმცა მან თავისი სიტყვებით შეურაცხყოფა მოგვაყენა.

მოამზადა ზურა ქსოვრელმა


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
23:15 | 23.07.2016
krasni (587)

ისე ვტყობ იტალიას მსოფლიოზე თუ შევხვდებით ჯგუფში, თუ არა ისე არ გვაღირსებენ.

0.086602