საქართველოს რაგბის კავშირის ახალი პრეზიდენტი გოჩა სვანიძე, ქომაგებს „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე 17 მაისს, სამშაბათს, 19 საათზე ელოდება.
ესაა სრკ-ს ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი ნიჟარაძის მიერ დანერგილი სასიამოვნო და რაც მთავარია, ნაყოფიერი ტრადიციის გაგრძელება. როგორც წესი, შეხვედრები გარკვეული პერიოდულობით და დიდი ტურნირების წინ და შემდგომ იმართებოდა. საუბრები იყო ღია და გულშემატკივარი ნებისმიერ საკითხთან მიმართებაში პირველი პირისგან იღებდა ამომწურავ ინფორმაციას, მათ შორის არაოფიციალურ ინფორმაციასაც. ხდებოდა საკუთარი იდეების გაზიარება და აზრთა გაცვლა.
ახლა ესტაფეტა სვანიძემ გადაიბარა, როგორც სრკ-ს მმართველობის, ასევე გულშემატკივართა ინფორმირების კუთხით. გარდა იმისა, რომ ახალი პრეზიდენტი ქომაგს აქამდე არ შეხვედრია და საინტერესო უნდა იყოს ქართული რაგბის განვითარების მისეული ხედვის გაცნობა, წინაა რამდენიმე უმნიშვნელოვანესი ტურნირი - პირველად ქართული რაგბის ისტორიაში, „ბორჯღალოსნების“ ტურნე წყნარი ოკეანის კუნძულებზე; 20-წლამდელთა ნაკრების სამზადისი მსოფლიოს ჩემპიონატისთვს, სადაც „უმცროსი ბორჯღალოსნები“ პირველად ითამაშებენ; 7-კაცა ნაკრების ევროპული სერია და სვანიძის საარჩევნო პროგრამაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან პუნქტად სწორედ 7-კაცა რაგბის განვითარება ეწერა.
გარდა ამისა, 17 მაისს ახალი დასრულებული იქნება საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი, რომლის მიწურულსაც გახმაურებელი ამბავი მოხდა. მოკლედ, სასაუბრო თემები ასარჩევადაა და ვფიქრობ, შეხვედრა ორივე მხარისთვის ნაყოფიერი იქნება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
როგორც იქნა, მადლობა გოჩას შეხვედრისთვის.
ჩემთვის საწყენია რომ 17 მაისს არ ვიქნები საქართველოში. იმედია კარგად გააშუქებენ.