სხვა

14:05 | 10.05.2016 | ნანახია 2737 - ჯერ

სუთიაშვილმა „ანგულემი“ ელიტას დაუახლოვა (+ვიდეო)

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა შალვა სუთიაშვილმა, ფედერალ 1-ის პლეი ოფში, ნახევარფინალური ეტაპის პირველ მატჩში „ბრესანს“ გამარჯვების მომტანი ლელო დაუდო და საკუთარი გუნდი პრო დ2-ის საგზურს დაუახლოვა.

შეგახსენებთ, პრო დ2-ში ფედერალ 1-იდან ორი საუკეთესო გუნდი ადის და ორრაუნდიანი ნახევარფინალი დასკვნითი ფაზაა. „ანგულემი“ პირველ თამაშს სტუმრად ატარებდა და საფრანგეთის მესამე დივიზიონის მატჩს 8 200 მაყურებელი დაესწრო. მასპინძლებმა ტაიმი 11:6 მოიგეს. 14:12 იგებდნენ, როდესაც სუთიაშვილმა მეტოქეს ფეხით თამაშისას, მისსავე 22-ის ხაზთან დაუფარა, ბურთს თავად დაეუფლა, მცველს შემოურბინა და ლელო ძელებსუკან დაამიწა.

ამ ეპიზოდში „ანგულემი“ პირველად დაწინაურდა (19:14), მერე გუნდებმა თითო ჯარიმა გაცვალეს, რეფერიმ თამაშის დასრულებას მთელი 9 წუთი გადააცილა, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა და სუთიაშვილის, საბა ქართველიშვილის და ლაშა თავბერიძის გუნდმა 22:17 იმარჯვა. ქართველთაგან განაცხადში მხოლოდ სუთიაშვილი იყო და სრულად ითამაშა. განმეორებით შეხვედრას „ანგულემი“ 15 მაისს, საკუთარ მოედანზე გამართავს და თუ 5 და მეტი ქულის სხვაობით არ დამარცხდა, გაისად პრო დ2-ში აღზევდება.

„ანგულემზე“ ვსაუბრობთ და ცოტა ხნის წინ, ამ გუნდის ნახევარფინალში მონაწილეობა კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა - მიზეზი ფედერალ 1-ის გუნდებისთვის ტრადიციული, ფინანსური პრობლემებია. კლუბის ხელმძღვანელობამ გარანტიები გასცა და იმედია, სპორტული შედეგის მიღწევის შემთხვევაში ელიტაში აღზევდება და ისე არ დაემართება, როგორც შარშან ქართველების „ლილს“, რომელმაც ფინანსურ მხარეს ვერაფერი მოუხერხა და სისხლის და ოფლის ფასად ნაშოვნი საგზური გაუუქმდა.

მეორე ნახევარფინალური წყვილის პირველ მატჩში, ვიქტორ დიდებულიძის მიერ გაწვრთნილი ვახტანგ ახობაძის, დავით აშვეთიას, დავით დადუნაშვილისა და ხვიჩა ბუჯიაშვილის „მასი“ „ვანს“ დაუხვდა და ბოლო წუთზე გაშვებული ლელოთი 31:32 დამარცხდა. ახობაძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და 70-ე წუთზე აშვეთიამ შეცვალა, ხოლო დადუნაშვილმა პირველიდან 59-ე წუთამდე ითამაშა.

შეხვედრას 3 115 მაყურებელი დაესწრო და მასპინძლებმა ტაიმი 19:16 მოიგეს. სტუმრებმა წონასწორობა ჯარიმით აღიდგინეს, „მასიმ“ 50-ე წუთზე ლელო დადო, მაგრამ გარდასახვა არაზუსტი იყო 4 წუთში ჯარიმით სხვაობა 2 ქულამდე დავიდა. 69-ე წუთზე „ვანი“ ლელოთი დაწინაურდა, რასაც „მასიმ“ 78-ეზე თავისი მესამე ლელოთი უპასუხა, გარდასახვაც გაიტანა და თითქოს გამარჯვებაც დაიბევა, მაგრამ დამატებულ წუთებზე დუპლენმა ჰეთ თრიკი შეასრულა, სტუმართა მესამე ლელო დადო და „ვანს“ 32:31 მოაგებინა.

„მასი“ განმეორებით თამაშს 14 მაისს სტუმრად ჩაატარებს.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.151947