ბორჯღალოსნები

9:36 | 10.05.2016 | ნანახია 9512 - ჯერ

ბუჯელალის ულტიმატუმი - ნაკრები, ან ხელფასი

ფრანგული „ტულონის“ ის მორაგბეები, რომლებიც ივნისის სანაკრებო ტესტ-მატჩების პერიოდში საკუთარი ქვეყნის ღირსების დასაცავად ეროვნულ გუნდებში გაემგზავრებიან, ივნისის ხელფასს ვერ მიიღებენ. ასეთია „ტულონის“ პრეზიდენტის, მურად ბუჯელალის გადაწყვეტილება.

„კლუბი არ აპირებს მათ უხადოს ხელფასი, ვინც ივნისში ჩვენთან არ იქნება. წავიდნენ სადაც მოესურვებათ, მაგრამ არა ჩვენი თანხებით“ - აცხადებს კლუბის პრეზიდენტი.

„ტულონის“ შემადგენლობაში ერთაბაშად ხუთი ქართველი მორაგბე ირიცხება - ლევან ჩილაჩავა, მამუკა გორგოძე, კონსტანტინე მიქაუტაძე, იური ნატრიაშვილი და ბადრი ალხაზაშვილი. ამ მოთამაშეთაგან სამი (ჩილაჩავა, მიქაუტაძე, გორგოძე) „ბორჯღალოსანთა“ ლიდერებად ითვლებიან და დიდია ალბათობა იმისა, რომ ივნისის ტესტ-მატჩებისთვის გამოძახებულნი იქნებიან. ყოველ შემთხვევაში, ეს უნდა გამხდარიყო მოლაპარაკების საგანი კლუბსა და ნაკრების ხელმძღვანელობას შორის, ახლა კი...

ტოპ 14-ის წლევანდელი სეზონი 2015 წლის მსოფლიო თასის გამო დაგვიანებით დაიწყო, ამიტომ პლეი-ოფის მატჩები ჩვეულებრივზე გვიან იწყება და 24 ივნისს მთავრდება, მაშინ, როცა ეროვნულ ნაკრებებს დიდი ბურთაობა ექნებათ. შეგახსენებთ, რომ ტრადიციად ქცეული ივნისის სანაკრებო ტესტებში, წელს საქართველოს ნაკრები პირველად გაემგზავრება ტურნეზე წყნარი ოკეანის კუნძულებზე და სამ თამაშს გამართავს - „ბორჯღალოსნები“ 11, 18 და 25 ივნისს შესაბამისად, სამოას, ტონგასა და ფიჯის ნაკრებებს შეხვდებიან.

ბუჯელალის განცხადება საქართველოს ნაკრების გარდა პრობლემას უქმნის უელსელ ლი ჰაფპენის, ასევე სამხრეთ აფრიკის და საფრანგეთის ნაკრების მორაგბეებს. არადა, „მსოფლიო რაგბის“ წესდების მე-9 პუნქტში პირდაპირ წერია, რომ სანაკრებო მატჩების ფანჯრის პერიოდში, ყველა კლუბი ვალდებულია მოთამაშეები ეროვნულ გუნდში დაბრკოლებების გარეშე მიავლინოს. ბუჯელალი ამ პრობლემის მოგვარებას სასამართლოს მეშვეობით აპირებს.

„მზად ვართ სასამართლო გარჩევებისთვის. ჩვენ არ ვარღვევთ მე-9 პუნქტის წესებს. არავის ვაკავებთ და გავუშვებთ ყველას, ვისაც ამისი სურვილი ექნება, მაგრამ არ ვაპირებთ მათი ნაკრებში თამაში დავაფინანსოთ“ - ამბობს პრეზიდენტი.

უჩა გოგიძე


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
12:13 | 10.05.2016
BEERTRANCE (1073)

რა დდშ ტიპია. მსოფლიო რაგბმა მიუჩინოს ამას 1 ადგილი თავად თუ აქვთ 1 ადგილი.

0.135525