საფრანგეთი პრო დ2

16:24 | 9.05.2016 | ნანახია 3716 - ჯერ

შარიქაძის პასი და მოხერხებული გორგაძე

სეზონის მიწურულს ფრანგულ კლუბებში მოთამაშე ქართველი ლეგიონერები საუცხოო ფორმაში არიან და გასულ უქმეებზე, ტოპ 14-ის გარდა თავი პრო დ2-შიც გამოიჩინეს.

დასაწყისისთვის ვთქვათ, რომ ელიტა 1-ში ასასვლელ პლეი ოფში თამაშის უფლება უკვე დაიბევა ანტონ ფეიქრიშვილის „ბეიონმა“, მიზანთან ძალიან ახლოსაა ლევან დათუნაშვილის, მერაბ შარიქაძის, ნიკოლოზ ხატიაშვილისა და გიორგი შარაშიძის „ორიაკი“, გამსვლელ ზონაში ფეხი მყარად მოიკიდა ბექა გორგაძის „მონ დე მარსანმა“, ხოლო დიმიტრი ბასილაიასა და გიორგი მჭედლიშვილის „პერპინიენს“, ასევე ლაშა ლომიძის „ბეზიეს“, მოწინავე ხუთეულისგან მოლოდ ქულა აშორებს.

ტურის ცენტრალურ მატჩში „ორიაკი“ „პერპინიენს“ დაუხვდა და 19:6 დაამარცხა, რითაც მესამე ადგილზე დამკვიდრდა და მე-6 საფეხურზე მყოფი კონკურენტი 9 ქულით ჩამოიტოვა. ეს იმის მაუწყებელია, რომ „ორიაკს“ პლეი ოფში გასასვლელად ორი ქულაც ეყოფა, ან ისიც არ დაჭირდება, თუ მდევრებმა ორივე თამაში ბონუს-ქულებით არ მოიგეს.

ამ საინტერესო შეხვედრაში ოთხმა ქართველმა მიიღო მონაწილეობა. შარიქაძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და 76-ე წუთზე შეცვალეს; თამაში ძირითადში დაიწყო და 67 წუთი იომა დათუნაშვილმა; შეცვლაზე შევიდა და დასკვნითი 20 წუთი ირჯებოდა მასპინძელთა ბურჯი ხატიაშვილი, ხოლო სტუმართა შორის ასევე შეცვლაზე, 46-ე წუთიდან ითამაშა მჭედლიშვილმა.

მნიშვნელობიდან გამომდინარე შეხვედრა დაძაბული გამოდგა. „ორიაკი“ მე-6 წუთზე ჯარიმით დაწინაურდა, ხოლო 28-ეზე შარიქაძემ ლელო შექმნა - საქართველოს ნაკრების შუამარბმა 22-ის ხაზი გადაკვეთა და პასი მიიღო, ორ მცველს შორის სუფთად გაძვრა, დაახლოებით 10 მეტრი ირბინა და უკნიდან ფეხებში შებოჭილმა სამოელ რობერტ ლილომაიავას უპასა, რომელიც მეტოქის 9 ნომერს იოლად გასცდა. ეს მატჩის ერთადერთი ლელო გამოდგა, მასპინძლებმა ტაიმი 13:3 მოიგეს, მეორეს დასაწყისში ერთი ჯარიმა კიდევ გაუშვეს, რაზეც ორი ზუსტი დარტყმით უპასუხეს და უმნიშვნელოვანესი გამარჯვებით დამსახურებულად გაიხარეს.

კიდევ ერთ ქართულ დერბიში, „ბეიონმა“ ვახტანგ მაისურაძისა და ბექა შეყლაშვილის „ალბის“ 48:26 მოუგო, პრემიალური ქულაც ჩაიწერა და ნახევარფინალიც ვადაზე ადრე გაინაღდა. თამაშში სამივე ქართველმა მიიღო მონაწილეობა და სამივე შეცვლაზე შევიდა - ფეიქრიშვილი 58-ე, ხოლო მაისურაძე და შეყლაშვილი 46-ე წუთიდან. შეყლაშვილი მე-60 წუთზე სინბინით დაისაჯა და მაისურაძე 10 წუთით სხვა პირველხაზელმა შეცვალა.

მასპინძლები თავიდანვე დაეუფლნენ საგრძნობ უპირატესობას, 4 ლელო დადეს და 31:9 იგებდნენ, როდესაც სამოელი მეორეხაზელი მაღალი ბოჭვისთვის გაუსინბინეს და ზედ შესვენების წინ ლელო მიიღეს. მერე შეყლაშვილი და მისი ვიზავი შერკინებაში ვერ მორიგდნენ და ორივე სინბინით დაისაჯა, „ალბიმ“ კი, მეორე ლელო დადო და გარდასახვით ჩამორჩენა 10 ქულამდე დაიყვანა - 31:21. ამას მასპინძლების აფეთქება და 6 წუთში სამი ლელოს დადება მოყვა, რის შემდეგაც ყველაფერი დასრულდა და შეცვლაზე შესული ტონგელი ტავალეას ლელომ მხოლოდ საბოლოო შედეგი დააფიქსირა.

„მონ-დე-მარსანის“ ახალგაზრდა შერკინების შემკვრელმა ბექა გორგაძემ, მიუხედავად ასაკისა, რაგბის ცოდნის მაგალითი აჩვენა. ერთ-ერთ ეპიზოდში მან გუნდი გაშვებული ლელოსგან იხსნა, თანაც ისე, რომ კონტრშეტევა წამოიწყო და 80-მეტრიანი რეიდი ლელოთი საპირისპირო ჩათვლის მოედანში დასრულდა. მისმა გუნდმა სტუმრად ელიზბარ ყუფარაძის „დაქსი“ 40:16 დაამარცხა და პრემიალური ქულაც ჩაიწერა.

„დაქსს“ ამ შეხვედრამდე ზედიზედ ორი ლიდერი - „ორიაკი“ და „ბეზიე“ ჰყავდა დამარცხებული, თუმცა „მონ-დე-მარსანი“ სეზონის დასასრულს ბრწყინვალე ფორმაში ხვდება და ზედიზედ მე-7 გამარჯვება მოიპოვა, წაუგებელი მატჩების სერია კი, 9-მდე გაზარდა. გორგაძემ მთელი თამაში სრულად ჩაატარა, ხოლო ყუფარაძე შეცვლაზე 52-ე წუთიდან შევიდა.

პირველ ტაიმში გუნდებმა ორ-ორი ჯარიმა გაცვალეს - 6:6. თამაშის განახლებიდან 3 წუთში სტუმრებმა პირველი ლელო დადეს და გარდასახვაც გამოიყენეს. 50-ე წუთზე მასპინძლებს ანგარიშის გათანაბრების, ან შემცირების იმედი ჰქონდათ, როდესაც ბურთი ფეხით მეტოქის მოშიშვლებულ ზურგში გადაკიდეს, მაგრამ გორგაძემ სწრაფად დაიწია უკან და მისი აღება მოასწრო. მას ორი მცველი „ხელზე აჯდა“, დამხმარე კი არ ჰყავდა და ასეთ დროს მინიმუმ ჯარიმა თითქოს გარდაუვალი მოჩანდა, თუმცა გორგაძე ცრუმოძრაობით ჯერ ერთ მბოჭავს დაუსხლტა, მერე მეორეს გაექცა და უკან დაწეულ თანაგუნდელს უპასა. კარგია, რომ ამ კონტრშეტევის შედეგად ლელო დაიდო, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში გორგაძის ესოდენ ეფექტური თამაში ასეთი შესამჩნევი არ იქნებოდა.

„დაქსმა“ ლელოთი, გარდასახვით და ჯარიმით, მე-60-ე წუთისთვის ჩამორჩენა 4 ქულამდე დაიყვანა, თუმცა მომდევნო 10 წუთში ორი ჯარიმა თავადაც გაუშვა, ხოლო დასკვნით 3 წუთში „მონ-დე-მარსანმა“ ორი ლელო დადო, აქედან მეორე გაწითლებულ დროზე, ლელოებში სხვაობა 4:1 დააფიქსირა, დიდი ანგარიშით მოიგო და პლეი ოფში დარჩენის იმედი გაუჩნდა. საქმე ისაა, რომ დასკვნით ორ ტურში გორგაძის გუნდი ჯერ „ორიაკს“ მასპინძლობს, მერე „ბეიონს“ სტუმრად ეთამაშება და 5-ქულიანი უპირატესობა შესანარჩუნებელია.

ლაშა ლომიძის „ბეზიემ“ „ბურგუენს“ სტუმრად, 70-ე წუთზე გატანილი ჯარიმით 22:19 აჯობა, 68 ქულა მოაგროვა და „პერპინიანთან“ მეექვსე-მეშვიდე ადგილებს იყოფს. ქართველ მესამეხაზელს განვლილ მატჩში მონაწილეობა არ მიუღია.

მხიარული შეხვედრა გაიმართა ლიონში ადგილობრივი „ლიონისა“ და „ბიარიცს“ შორის. ჯამში გუნდებმა 92 ქულა მოაგროვეს. „ლიონმა“ მეტოქეს 10 ლელო დაუდო, 4 გაუშვა და 61:31 იმარჯვა. ზაზა ნავროზაშვილი ტრავმის შემდეგ აღდგენით პროცესს გადის, ხოლო გიორგი ჯავახიამ შეცვლაზე 61-ე წუთიდან ითამაშა.

ტარიელ რატიანიძის „ნარბონი“ „კარკასონს“ ეწვია და 20:26 დამარცხდა. ვეტერანმა ქართველმა ბურჯმა შეცვლაზე დასკვნითი 15 წუთი ითამაშა. მის გუნდს გავარდნის საფრთხე აღარ ემუქრება.

გიორგი ზაქაშვილის „ექს-ან-პროვანსმა“ გიორგი ნემსაძის, ირაკლი მირცხულავას და კახა კობერიძის „ტარბი“ 24:8 დაამარცხა. ნემსაძე, რომელსაც თვეზე მეტია არ უთამაშა, სასტარტო შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად გაისარჯა, ოღონდ მოედანზე 70 წუთი გაატარა. 67-ე წუთზე რეფერიმ მას სახიფათო ბოჭვაში დასდო ბრალი. სასტარტო შემადგენლობაში იყო და 57 წუთი იბურთავა მირცხულავამ, ხოლო ზაქაშვილი შეცვლაზე 64-ე წუთზე შევიდა.

„ექსმა“ ტაიმი 7:8 დათმო, მაგრამ შეხვედრის განახლებისთანავე ლელო დადო და 74-ე წუთამდე ანგარიში 14:8 იყო. დარჩენილ დროში მასპინძლებმა ჯარიმა, ლელო და გარდასახვა გაიტანეს და თეორიულად, ლიგაში დარჩენის შანსს ჯერ კიდევ ინარჩუნებენ. „ტარბს“ გასავარდნ ზონასთან 5 ქულა აშორებს და დარჩენილ მატჩებში მასაც საბრძოლო აქვს.

საფრანგეთი. პრო დ2. XXVIII ტური

ორიაკი - პერპინიენი 19:6

ბურგუენი - ბეზიე 19:22

ექსი - ტარბი 24:8

ბეიონი - ალბი 48:26

კარკასონი - ნარბონი 26:20

ლიონი - ბიარიცი 61:31

მონტობანი - კოლომიე 20:23

დაქსი - მონ-დე-მარსანი 16:40

1.

ლიონი

28

24

0

4

917:455

111

15

2.

ბეიონი

28

18

1

9

623:549

82

8

3.

ორიაკი

28

17

0

11

682:561

77

9

4.

მონ-დე-მარსანი

28

16

1

11

602:570

73

7

5.

კოლომიე

28

14

3

11

565:575

69

7

6.

პერპინიენი

28

14

1

13

638:578

68

10

7.

ბეზიე

28

15

1

12

687:637

68

6

8.

ბიარიცი

28

13

0

15

620:609

59

7

9.

მონტობანი

28

12

0

16

534:564

58

10

10.

ბურგუენი

28

11

0

17

545:581

57

13

11.

ალბი

28

12

2

14

537:594

57

5

12.

ნარბონი

28

12

0

16

563:614

55

7

13.

კარკასონი

28

11

0

17

454:682

49

5

14.

ტარბი

28

12

0

16

509:574

49

9

15.

დაქსი

28

9

1

18

512:691

44

6

16.

ექსი

28

9

0

19

513:667

42

6

„ტარბს დაკლებული აქვს 8 ქულა

XXIX ტური. 12, 13, 15 მაისი

ბეზიე - ბეიონი, პერპინიენი - ექსი, ალბი - კარკასონი, ბიარიცი - მონტობანი, კოლომიე - ბურგუენი, ნარბონი - ლიონი, ტარბი - დაქსი, მონ-დე-მარსანი - ორიაკი

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.101767