შალვა მამუკაშვილის „გლაზგო უორიორსი“ „კელტების ლიგის“, იგივე პრო 12-ის რეგულარული გათამაშების დასკვნით ტურში ირლანდიაში, „სპორტსგრაუნდზე“ „კონახტთან“ 7:14 დამარცხდა და ერთი კვირის წინ მოპოვებული ლიდერობა დაკარგა.
შოტლანდიურ გრანდს ამ შეხვედრამდე 9-მატჩიანი მოგებათა სერია ჰქონდა და საჩემპიონი პლეი ოფში თამაშიც ვადაზე ადრე დაიბევა, თუმცა დასკვნით ტურში წყდებოდა, ნახევარფინალში სტუმრად ითამაშებდა თუ საკუთარი მოედნის უპირატესობა ექნებოდა. 7 800 გულშემატკივარი დაძაბული ბრძოლის მომსწრე გახდა, რომლის დასაწყისში ფინ რასელმა ორი ჯარიმა გააცუდა და სტუმართა ადრეული ზეწოლა უშედეგოდ დასრულდა. მე-18 წუთზე ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს, როდესაც ზელანდიელი ბუნდე აკის ლელო ამერიკელმა ალან მაკგინთმა გარდასახა - 7:0.
შესვენებამდე რასელს მესამე დარტყმა გაუცუდდა და ანგარიში აღარ შეცვლილა, 47-ე წუთზე კი, გორდონ რიდმა ლელო გაქვითა და ფინ რასელმა გარდასახვით წონასწორობა აღადგინა. მაგრამ ერთ წუთში „გლაზგო“ უმძიმეს სიტუაციაში აღმოჩნდა - ტონგელი ბურჯის, სილა პუაფისის რაქში უხეში თამაში, რეფერიმ წითელი ბარათით შეაფასა. ასეთ სიტუაციაში „კონახტმა“ ჯარიმით 3 ქულის აღებას ლელოზე თამაში არჩია და არც შემცდარა - რამდენიმე ფაზის შემდეგ მე-60 წუთზე ლელო დადო და გარდასახვაც ზუსტი იყო.
დასკვნით მეოთხედში სქოთებმა მოინდომეს, მაგრამ შერკინებაში მასპინძლები საგრძნობ უპირატესობას ფლობდნენ და „კონახტმა“ 14:7 მოგებით ლიდერობა ვერა, თუმცა მეორე ადგილი და საკუთარი მოედნის უპირატესობა დაიბრუნა. ახლა „გლაზგოს“ 21 მაისს იმავე „სპორტსგრაუნდზე“, იმავე „კონახტთან“ მოუწევს ერთრაუნდიან ნახევარფინალში ბრძოლა, რათა ტიტულის შენარჩუნებისთვის გადამწყვეტ მატჩში თამაშის უფლება მოიპოვოს. განვლილ შეხვედრაში მამუკაშვილი განაცხადში არ იყო.
პირველ ადგილზე ირლანდიური „ლენსტერი“ გავიდა, რომელმაც დასკვნით ტურში იტალიური „ბენეტონი“ პრემიალური ქულით, 50:19 დაამარცხა, სატურნირო ქულებით „კონახტს“ გაუტოლდა [73-73], მაგრამ თანამემამულეებს დამატებითი მაჩვენბლებით აჯობა. „ლენსტერმა“ თითო ტაიმში 4-4 ლელო დადო და სამი დასკვნით მეოთხედში გაუშვა. ტრევიზოელები ამ თამაშის მოგებით გაისად ჩემპიონთა თასის საგზურს მიიღებდნენ, მაგრამ რა მოგებაზეა საუბარი, როდესაც საათის თავზე 0:36 აგებდნენ.
ნახევარფინალში ერთი შოტლანდიური კლუბი და სამიც ირლანდიური გავიდა - მესამე „ოლსტერია“, რომელმაც უელსში „ოსპრეიზს“ 46:26 მოუგო და მეოთხე პოზიცია შეინარჩუნა. 10 ათასი ქომაგით ზურგგამაგრებულმა უელსელებმა იბრძოლეს, მაგრამ მეტოქის მოტივაცია ძალიან მაღალი იყო. პირველ ტაიმში მასპინძელთა ორის წილ, სტუმრებმა სამი ლელო დადეს და 21:14 დაწინაურდნენ. მეორე ტაიმში „ოსპრეიზის“ ორი ლელოს საპირწონეს „ოლსტერმა“ კვლავ სამი გაიტანა და უპირატესობა შიგადაშიგ ჯარიმებითაც გაზარდა.
ჩემპიონთა თასზე ირლანდიელები ოთხი გუნდით იქნებიან წარმოდგენილი. „მანსტერმა“ დასკვნით ტურში უელსურ „სკარლეტს“ 31:15 მოუგო, პრემიალური ქულაც აიღო და ექვსეულში დამკვიდრდა. საწყის 25 წუთში სტუმრების ორ ჯარიმას მასპინძლებმა ორი ლელოთი და გარდასახვით უპასუხეს, მაგრამ შესვენებამდე კიდევ ორი ჯარიმა გაუშვეს - 14:12. მეორე ტაიმის საწყისი 20 წუთი უქულოდ მიილია, „მანსტერის“ ლელოს „სკარლეტსი“ ჯარიმით გამოეპასუხა, სხვაობა 4 ქულამდე დაიყვანა და მატჩს ინტრიგა შეუნარჩუნა, თუმცა დასკვნით 10 წუთში კიდევ ორი ლელო გაუშვა და „მანსტერმა“ 31:15 იმარჯვა.
ამრიგად, ჩემპიონთა თასზე მოწინავე ოთხეულის გუნდები - „ლენსტერი“, „კონახტი“, „გლაზგო“ და „ოლსტერი“, ასევე ირლანდიური „მანსტერი“, უელსური „სკარლეტსი“ და იტალიური „ძებრე“ ითამაშებენ. ამ უკანასკნელმა „ბენეტონის“ მარცხით ისარგებლა, დასკვნით ტურში უმოტივაციო „ნიუპორტი“ 47:22 დაამარცხა და თანამემამულეებს ცხრილის ფსკერზე ადგილი გაუცვალა. მასპინძლები სრულად ფლობდნენ უპირატესობას და ხუთი ლელოც დადეს, თავად კი სამი გაუშვეს.
ტურის კიდევ ერთ მატჩში შოტლანდიური „ედინბურგი“ უელსის „კარდიფს“ პირველი ტაიმის შემდეგ 17:7 ამარცხებდა, მაგრამ 3 წუთის ინტერვალით - 62-ე და 65-ე წუთებზე ლელოები გაუშვა, გარდასახვებიც ზუსტი იყო და მას შემდეგ ანგარიში აღარ შეცვლილა - 21:17 „კარდიფის“ სასარგებლოდ.
კელტების ლიგა. პრო 12. XXII ტური
კონახტი - გლაზგო 14:7
ედინბურგი - კარდიფი 17:21
ლენსტერი - ბენეტონი 50:19
მანსტერი - სკარლეტსი 31:15
ოსპრეიზი - ოლსტერი 26:46
ძებრე - ნიუპორტი 47:22
1. | ლენსტერი | 22 | 16 | 0 | 6 | 458:290 | 73 | 9 |
2. | კონახტი | 22 | 15 | 0 | 7 | 507:406 | 73 | 13 |
3. | გლაზგო | 22 | 14 | 1 | 7 | 557:380 | 72 | 14 |
4. | ოლსტერი | 22 | 14 | 0 | 8 | 488:307 | 69 | 13 |
5. | სკარლეტსი | 22 | 14 | 0 | 8 | 477:458 | 63 | 7 |
6. | მანსტერი | 22 | 13 | 0 | 9 | 459:417 | 63 | 11 |
7. | კარდიფი | 22 | 11 | 0 | 11 | 542:461 | 56 | 12 |
8. | ოსპრეიზი | 22 | 11 | 1 | 10 | 490:455 | 55 | 9 |
9. | ედინბურგი | 22 | 11 | 0 | 11 | 405:366 | 54 | 10 |
10. | ნიუპორტი | 22 | 4 | 0 | 18 | 353:492 | 26 | 10 |
11. | ძებრე | 22 | 5 | 0 | 17 | 308:718 | 24 | 4 |
12. | ბენეტონი | 22 | 3 | 0 | 19 | 320:614 | 20 | 8 |
ნახევარფინალები
20 მაისი
ლენსტერი - ოლსტერი
21 მაისი
კონახტი - გლაზგო
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია