ინგლისი

11:54 | 8.05.2016 | ნანახია 1333 - ჯერ

პრემიერშიპში ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ

ინგლისის პრემიერშიპის რეგულარული გათამაშების დასკვნით ტურს უნდა გაერკვია, თუ როგორ დაწყვილდებოდა საჩემპიონო ოთხეული, ვინ იქნებოდა მასპინძელი და რომელი გუნდები შეძლებდნენ ჩემპიონთა თასის საგზურის მოპოვებას.

„ლელოს“ მეგობარ „სარასენსისთვის“ დასკვნითი ტური აზრს კარგავდა, რადგან მას წინდაწინ ჰქონდა დაბევებული პირველი ადგილი. მაგრამ სტუმრები არ მოდუნდნენ, ჯაბა ბრეგვაძისა და ვალ რაფავა-რუსკინის „ვუსტერს“ საბრძოლო შემადგენლობით ეწვივნენ და 9 700 მაყურებლის წინაშე 43:19 დაამარცხეს. ბრძოლა მხოლოდ საწყისი 30 წუთი გაგრძელდა. ამ პერიოდში მასპინძლები ლელო-გარდასახვით ორჯერ დაწინაურდნენ, სტუმრებმა ორივეჯერ ლელოთი უპასუხეს და მეორე შემთხვევაში გარდასახვა ვერ გამოიყენეს, თუმცა 30-ე წუთზე ჯარიმით წინ გავიდნენ და შესვენებამდე კიდევ ორი ლელო გაიტანეს - 29:14.

ამით „სარასენსმა“ მოგებაც დაიბევა და პრემიაც, რის შემდეგაც თამაშში სათადარიგოები ჩაერთვნენ და კიდევ ორი ლელო დადეს, ბოლოს კი, ერთი თავად გაუშვეს. სტუმართაგან ჰეთ-თრიკი შეასრულა კრის ეშტონმა, რაშიც მას დიდი დახმარება გაუწია ალექს გუდმა. ბრეგვაძემ შეცვლაზე 47-ე წუთიდან ითამაშა, 3-ჯერ შეუტია და 10 მეტრი მოიგო, 5 პასი გააკეთა და ერთი ოფლოუდი გაახერხა. დაცვაში მის ანგარიშზე 4 ბოჭვაა, ხოლო დერეფანში 5-ჯერ ააგდო ბურთი და ყველა შემთხვევაში უშეცდომოდ.

ჩელენჯ ქაფის ფინალისტი „ჰარლექუინსი“, რომელიც 13 მაისს მიხეილ ნარიაშვილისა და დუდუ ქუბრიაშვილის „მონპელიეს“ თასისათვის ლიონში უნდა ეთამაშოს, „ექსეტერს“ დაუხვდა. ამ თამაშში ორი რამ წყდებოდა - „ექსეტერს“ ისტორიაში პირველად პლეი ოფში თამაში დაბევებული ჰქონდა, მაგრამ მეორე ადგილის და შესაბამისად, საკუთარი მოედნის უპირატესობის შენარჩუნებისთვის მოგება ჭირდებოდა, ხოლო „ჰარლექუინსის“ ამოცანა ექვსეულში დამკვიდრება იყო, რათა გაისად ჩემპიონთა თასზე თამაშის უფლება მიეღო.

შეხვედრას 14 800 მაყურებელი დაესწრო, თუმცა, როგორც ჩანს, მათი საყვარელი გუნდი უკვე ფინალზე ფიქრობდა და შედეგიც შესაბამისი დადგა - 62:24 „ექსეტერის“ სასარგებლოდ. სტუმრებმა ჯამში 10 ლელო გაიტანეს, თავად კი, 3 გაუშვეს. მათი გამარჯვება ეჭვქვეშ წამითაც არ დამდგარა. 10-დან 3 ლელო ჯეკ ნიუელის ანგარიშზეა. ამრიგად, „ექსეტერი“ ნახევარფინალში მასპინძელი იქნება, ხოლო „ჰარლექუინსმა“ მეექვსე ადგილი დაკარგა და ახლა ლიონში ჩელენჯ ქაფის ჯილდოსთან ერთად, ჩემპიონთა თასის საგზურისთვისაც იბრძოლებს.

მას ეს ადგილი „სეილ შარქსმა“ ჩამოართვა, რომელიც უმოტივაციო „ნიუკასლს“ ეწვია და მართალია ლელოებით 2:3 ჩამორჩა, მაგრამ ჯამში 21:15 იმარჯვა. მასპინძელთა სამივე ლელო ტონგელი 8 ნომრის, ნილი ლატუს ანგარიშზეა და სამივე მოლით შეტევას მოყვა, მაგრამ გარდასახვებიდან მიზანში ერთიც არ წავიდა. „სეილმა“ ორივე ლელო 23-ე წუთამდე დადო, თანაც მეორე ძალიან ლამაზი და 15:5 იგებდა. „ნიუკასლმა“ წონასწორობა რომ აღადგინა, მერე „ზვიგენებმა“ ორი ჯარიმა გაიტანეს და ჩემპიონთა თასზე გააღწიეს.

„უოსპსმა“ დაქვეითებული „ლონდონ აირი“ პრობლემების გარეშე, 38:12 დაამარცხა და პრემიალური ქულაც ჩაიწერა, მაგრამ რადგან პარალელურ მატჩში „ექსეტერმაც“ იმარჯვა, მესამე ადგილზე დარჩა და ნახევარფინალში მას სტუმრად შეხვდება. „ბზიკები“ ორი ადრეული ჯარიმით დაწინაურდნენ, ტაიმის შუაში ლელო გაუშვეს და გარდასახვის შემდეგ 6:7 ჩამორჩნენ. აი აქ მასპინძლებმა იფეთქეს და შესვენებამდე სამი, ხოლო შესვენების შემდეგ კიდევ სამი ლელო დადეს.

მხიარული საყურებელი გამოდგა „ბათისა“ და „ლესტერის“ შეხვედრა. მასპინძლებს მოტივაცია არ ჰქონდათ და გულშემატკივართან ლამაზი თამაშით სურდათ დამშვიდობება. „ლესტერი“ მეოთხე ადგილს ვერ ასცდებოდა და არც დაკარგავდა, შესაბამისად, „ბათს“ სანახაობრივ მხარეში აყვა. შედეგად, მაყურებელმა მასპინძელთა ხუთი და სტუმართა ოთხი ლელო იხილა. „ვეფხვებმა“ ტაიმი 19:10 მოიგეს, მაგრამ მატჩის განახლებისთანავე ლელო გაუშვეს, 51-ე წუთზე კი, „ბათი“ უკვე 24:22 დაწინაურდა და საქმე გამარჯვებამდე მიიყვანა - 38:27.

„ნორთჰემპტონი“ უმოტივაციო „გლოსტერს“ ეწვია და 28:20 დაამარცხა. სტუმრებისთვის ეს გამარჯვება ჩემპიონთა თასის საგზურის მომტანი იყო. გადამწყვეტი უელსელი ჯორჯ ნორტის დუბლი აღმოჩნდა. სტუმრები 8:20 აგებდნენ და უელსელმა შესვენების წინ მის გუნდს ჩამორჩენა 5 ქულამდე დააყვანინა, ხოლო 47-ე წუთზე წონასწორობა აღადგინა და სტეფან მიულერმა ზუსტ გარდასახვას 53-ე წუთამდე კიდევ ორი ჯარიმა შემატა - 28:20 და ამის შემდეგ ანგარიში აღარც შეცვლილა.

ამრიგად, ორ კვირაში, 21 მაისს, საჩემპიონო ნახევარფინალში „სარასენსი“ „ლესტერ თაიგერსს“ დაუხვდება, ხოლო „ექსეტერი“ „უოსპს“ მასპინძლობს. ამ ოთხეულს ჩემპიონთა თასზე გაყვნენ „ნორთჰემპტონი“ და „სეილ შარქსი“, „ჰარლექუინსის“ ბედი კი, მოგვიანებით გაირკვევა.

ინგლისი. ავივა პრემიერშიპი. XXII ტური

ბათი - ლესტერი 38:27

გლოსტერი - ნორთჰემპტონი 20:28

ჰარლექუინსი - ექსეტერი 24:62

ნიუკასლი - სეილი 15:21

უოსპსი - ლონდონ აირიში 38:12

ვუსტერი - სარასენსი 19:43

1.

სარასენსი

22

17

1

4

580:376

80

10

2.

ექსეტერი

22

15

0

7

585:361

74

14

3.

უოსპსი

22

15

0

7

598:397

72

12

4.

ლესტერი

22

14

0

8

509:475

65

9

5.

ნორთჰემპტონი

22

12

0

10

455:392

60

12

6.

სეილი

22

11

2

9

456:459

58

10

7.

ჰარლეუქინსი

22

10

1

11

547:583

55

13

8.

გლოსტერი

22

10

1

11

429:423

49

7

9.

ბათი

22

9

0

13

435:460

48

12

10.

ვუსტერი

22

7

0

15

420:597

35

7

11.

ნიუკასლი

22

5

1

16

357:556

27

5

12.

ლონდონ აირიში

22

4

0

18

328:620

20

4

21 მაისი. საჩემპიონო ნახევარფინალები

სარასენსი - ლესტერი

ექსეტერი - უოსპსი

ფინალი. 28 მაისი

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.107339