საქართველოს ჩემპიონატის შარშანდელი ფინალის მსგავსად, დიდი 10-ის წლევანდელი გადამწყვეტი მატჩიც „მიხეილ მესხზე“ გაიმართება და ფინალში კვალ თბილისური კლუბები - „ლელო-სარასენსი“ და „ლოკომოტივი“ ითამაშებენ.
მოქმედმა ჩემპიონმა და ბოლო სამგზის გამარჯვებულმა „ლელო-სარასენსმა“, 15 მაისის ფინალში თამაში უფლება 24 აპრილს, „ლოკომოტივის“ 14:3 ძლევით მოიპოვა, ხოლო „ლოკომოტივმა“ მცირე ფინალში გორის „ჯიქი“ 11:3 დაამარცხა და როგორც შარშანდელ ფინალში, ასევე ორი კვირის წინ შესარჩევ ფინალში მარცხისთვის, რევანშის აღებას ვაკეში ეცდება.
„ავჭალაზე“ შეხვედრა ძლიერ ქარში გაიმართა და როგორც ასეთ ბუნებრივ პირობებში საქართველოს ჩემპიონატში ხშირად ხდება ხოლმე, სანახაობრივად დიდი ვერაფერი გამოდგა. ეს უმეტესად საწყის საათს ეხება და დასკვნით მეოთხედში ტემპმა მნიშვნელოვნად იმატა, მაგრამ საერთო სურათი მთელი 80 წუთით იქმნება და არა ერთი მეოთხედით.
ზოგადად, საქართველოს ჩემპიონატში ტექნიკური წუნი დიდია და ბუნებრივი პირობების ზეგავლენის ფონზე ის ყოველთვის მატულობს. თუმცა რაგბი დარბაზში არ ითამაშება და ამაზე მწვრთნელებმა და თავად მორაგბეებმა უნდა იზრუნონ, მაგრამ არის სხვა, გარეშე პირობებიც. ფაქტია, რომ მიჯრით ჩატარებული თამაშებისას, გუნდების შეთამაშების დონე მაღლდება და ეს სანახაობრივ მხარეზეც აისახება, ხოლო ჩვენი ჩემპიონატი, სამწუხაროდ, „დაჩეხილად“ ტარდება.
ასე იყო ამჯერადაც - „ლოკომოტივს“ ბოლო ხუთი კვირიდან სამში უქმობა მოუწია, ხოლო „ჯიქს“ ორი კვირა ჩაუვარდა, ფინალისტ „ლელო-სარასენსს“ კი, თვენახევარში სულაც ორი თამაშის ჩატარება მოუწევს. ეს ის პრობლემაა, რომლის მოგვარებაც საქართველოს რაგბის კავშირის, მისი საშეჯიბრო კომიტეტის მოსაგვარებელია და იმედია, მომავალში მსგავსი „პაუზები“ შეძლებისდაგვარად მინიმუმამდე შემცირდება.
მცირე ფინალში „ლოკომოტივმა“ „ჯიქზე“ არანაკლები შეცდომები დაუშვა, მაგრამ გამოცდილების თუ უფრო მაღალი სათამაშო კლასის ხარჯზე, საკუთარი გამარჯვება ეჭვქვეშ ერთხელაც არ დაუყენებია. „რკინიგზელებმა“ მეტოქეს აჯობეს შერკინებაში და ეს გადამწყვეტი აღმოჩნდა, „ჯიქს“ კი, ლელოს გატანის პრაქტიკული შანსი თითქმის არ ჰქონია. კარში დარტყმები ორივე გუნდს საკმარისად გაუცუდდა, თუმცა გადაწყვეტილებების მიღებაში ვფიქრობ, „ლოკომოტივი“ უფრო სცოდავდა.
საწყის 40 წუთში ქარი თბილისელთა სასარგებლოდ ქროდა და თამაში თითქმის სრულად „ჯიქის“ ნახევარზე მიდიოდა. გორელებმა ორ-სამჯერ შეძლეს ცენტრალური ხაზის გადაკვეთა, ისიც ისე, რომ 22-ს არ მიახლოვებიან. ასეთ ფონზე მათ შეძლეს და შესვენებაზე სარაგბო საზომებით მინიმალური ჩამორჩენით გავიდნენ.
ზევით „ლოკომოტივის“ შეცდომები ვახსენეთ, რომელიც გადაწყვეტილებებს უკავშირდებოდა და ასეთი საწყის 10 წუთში ორი იყო. თბილისელებმა თავიდანვე განიზრახეს მეტოქის გატეხა, ჯარიმები კარში არ დაარტყეს და მერე ვერც ლელო დადეს. მე-10 წუთზე მგეზავად მოთამაშე ბექა წიკლაურმა ფეხით ითამაშა, გიორგი შკინინი ვარდნაში დაეუფლა ბურთს, სწრაფად წამოხტა და იერიში გააგრძელა, მაგრამ სიჩქარე ვეღარ აკრიფა და 22-ში შეაჩერეს. მერე მამუკა ნინიძე დაჯარიმდა უბურთოზე თამაშისთვის, ამჯერად თითქმის კარის წინ 22-ის ხაზიდან წიკლაურმა 3 ქულის აღება განიზრახა და ალბათ გაიტანდა კიდეც, მაგრამ ბურთი სადგამიდან მაშინ გადავარდა, როდესაც ბექას ფეხი უკვე მოქნეული ჰქონდა.
ხელდახელ შეტევების მცდელობა შეცდომებით სრულდებოდა და ანგარიშის გაზრდა მხოლოდ 32-ე წუთზე მოხერხდა. ამჯერად თითქმის იმავე პოზიციიდან წიკლაურს ბურთი თანაგუნდელმა დაუფიქსირა და დამრტყმელიც არ შეცდა. სამიოდე წუთში გურამ შენგელია დაჯარიმდა სახიფათო ბოჭვისთვის და თავად სინბინს გადაურჩა, მაგრამ მისი გუნდი მომდევნო 3 ქულას ვერა - წიკლაურმა 30 მეტრიდან ზუსტად დაარტყა. ზედ შესვენების წინ „ჯიქმა“ მეტოქის ნახევარზე პრაქტიკულად პირველად გადაკვეთა 10-მეტრიანი წყვეტილი ხაზი, ჯარიმა გამოიმუშავა და პირქარში, დაახლოებით 30 მეტრიდან რამაზ ხარაზიშვილმა ზუსტად დაარტყა - 6:3.
თამაში „ჯიქმა“ ზურგქარში განაახლა და პირველსავე წამებზე ჯარიმით წონასწორობის აღდგენის შანსი მიიღო, მაგრამ ხარაზიშვილის მარცხნიდან დარტყმული არაზუსტი იყო. მერე გორელები 49-ე წუთზე მოედანზე კაცნაკლული დარჩნენ, როდესაც ვლადიმერ გოგოლიძე რაქში დროულად არ გადაგორდა და ირლანდიელმა რეფერიმ სინბინით დასაჯა. „ლოკომოტივმა“ მეტობა მალევე გამოიყენა, ჯარიმიდან ბურთი აუტში გადაიტანა, მოლით რამდენიმე მეტრი მოიგო, 22-ში წარმოქმნილი რაქიდან ბურთი საპირისპირო, მარცხენა ფლანგამდე სწრაფად ჩაათამაშა, შკინინი ხარაზიშვილს ერთი-ერთზე გაექცა და ბურთი ალამთან დაამიწა - 11:3.
წიკლაურს გარდასახვა გაუცუდდა, მომდევნო ხუთ წუთში ორივე გუნდის დამრტყმელს ჯარიმები გაუცუდდა და დასკვნით წუთებში ორივე გუნდი გააქტიურდა. შემოქმედებითმა მხარემ და გადაბმულმა ფაზებმა იმატა, თუმცა ბოლოს ყველაფერი მაინც ტექნიკური წუნით და არაზუსტი გადაცემებით სრულდებოდა. 73-ე წუთზე „ლოკომოტივის“ 22-ში წარმოქმნილი რაქიდან ბურთი გამოვარდა, ის რეაქტიულმა შკინინმა აიტაცა და კიდითი ხაზის გასწვრივ ირბინა, მცველი გზას რომ უჭრიდა ფეხით ითამაშა და 5-მეტრიან ხაზთან შეაჩერეს, რამდენიმე მიძალების შემდეგ უკვე ზურაბ ძნელაძემ გადაიკადა ფეხით და თითქოს ლელო გარდაუვალი იყო, მაგრამ ოვალი ორჯერ აუხტა ცხვირწინ შემტევებს და „ჯიქი“ ლელოს გადაურჩა.
მაგრამ რკინიგზელები მეტოქის წითელ ზოლში დარჩნენ, შერკინებებში მოპოვებული ჯარიმებით დაახლოებით 5 წუთი გაიყვანეს და გორელთა ბურჯი ოთარ ქარჩავა სინბინით დაისაჯა, მაგრამ იერიში უქულოდ დასრულდა. ბოლო წუთებზე კაცნაკლულმა „ჯიქმა“, ისე, როგორც წინა მატჩში, თავისი ნახევრიდან ხელდახელ შეუტია და წითელ ზონაში შევიდა. ჯარიმის სწრაფად გათამაშების შემდეგ, საბა ნიკოლავა 10 მეტრის წესის დარღვევისთვის სინბინით დაისაჯა, თუმცა პრესტიჟის ლელოს დადება ვერ მოხერხდა და „ლოკომოტივმა“ 11:3 მოგებით ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.
ამრიგად, უკვე მეოთხედ, საქართველოს ჩემპიონის ტიტულს თბილისური გუნდები - „ლელო-სარასენსი“ და „ლოკომოტივი“ გაითამაშებენ. შეხვედრა 15 მაისს „მიხეილ მესხზე“ გაიმართება და იმედია, ის ისეთივე სანახაობრივი იქნება, როგორც შარშან.
დიდი 10. მცირე ფინალი
თბილისი. „ავჭალა“. 1500 მაყურებელი
ლოკომოტივი (თბილისი) - ჯიქი (გორი) 11:3 (6:3)
ლოკომოტივი: 15. ნიკოლავა, 14. კალანდაძე, 13. ძნელაძე, 12. გაგოშვილი, 11. შკინინი, 10. წიკლაური, 9. ვ. ხუციშვილი; 1. ქვათაძე, 2. გენებაშვილი, 3. ბურდული, 4. გეგია, 5. მიქაძე, 6. გასვიანი, 7. ბერიშვილი, 8. მახარაძე.
სათადარიგოები: 16. გაგნიძე, 17. პაატაშვილი, 18. კაკაურიძე, 19. ტურაშვილი, 20. ელოშვილი, 21. დავითაშვილი, 22. კავთიძე, 23. გ. ბიწაძე.
1 ლელო: შკინინი
2 ჯარიმა: წიკლაური
1 სინბინი: ნიკოლავა
ჯიქი: 15. კიკნაძე, 14. დევსურაშვილი, 13. გაბროშვილი, 12. ჯინჯიხაძე, 11. ხარაზიშვილი, 10. ნინიძე, 9. ზაბახიძე; 1. კაკოვინი, 2. ორაგველიძე, 3. გურგენაძე, 4. გოგოლიძე, 5. ტრაპაიძე, 6. დიდებულიძე, 7. მჭედლიშვილი, 8. შენგელია.
სათადარიგოები: 16. ქარჩავა, 17. მამრიკიშვილი, 18. ჩირგაძე, 19. კიკნაძე, 20. ტუჩაშვილი, 21. რ. ხუციშვილი, 22. ნ. ბიწაძე, 23. სამხარაძე.
1 ჯარიმა: ხარაზიშვილი
2 სინბინი: გოგოლიძე, ქარჩავა
15 მაისი. ფინალი
თბილისი. „მიხეილ მესხი“. 17:00 საათი
ლელო-სარასენსი (თბილისი) - ლოკომოტივი (თბილისი)
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ყველა ზომა უნდა მივიღოთ, რომ "დიდი 10" დონე გაიზარდოს.