ზე-18

23:02 | 7.05.2016 | ნანახია 1098 - ჯერ

„ჰარიქეინსი“ სამეულს ვერ შეწვდა (+ვიდეო)

ავსტრალიურ-სამხრეთაფრიკული დაპირისპირება შედგა სიდნეიში, სადაც „ვარატასმა“ „ჩიტასს“ უმასპინძლა და მარტივად, 21:6 დაამარცხა. იაპონური „სანვულვზის“ განადგურების (92:17) შემდეგ, „ჩიტასი“ სუპერ რაგბიში მოგებას ვეღარ ახერხებს, ხოლო „ვარატასისთვის“ ეს ზედიზედ მე-3 გამარჯვება იყო.

მატჩში ყველაფერი პირველ ტაიმში გაირკვა, სტუმართა მგეზავ ფრედ ზეილინგას მსგავსად, „ვარატასის“ ათიანმა ბერნანდ ფოლიმაც ორი ჯარიმა გაიტანა. თუმცა, მასპინძლები შერკინებაში დიდ უპირატესობას ფლობდნენ და ეს კარგად გამოიყენეს. ფოლიმ 27-ე წუთზე დადებულ ლელოში დიდი წვლილი შეიტანა, მოგებული შერკინების შემდეგ, ბურთი მარჯვნივ ჩათამაშდა, სადაც ფოლიმ რის რობინსონს კარგად უპასა და მანაც მეტოქე დაალელოვა. შვიდი წუთის შემდეგ ლელო თავად ფოლიმ დადო - ის მეტოქეს სხარტად დაუძვრა და ბურთი ძელებს უკან დაამიწა, ამჯერად მისი გარდასახვაც ზუსტი იყო. გუნდები შესვენებაზე ამ ანგარიშით გავიდნენ - 18:6.

მეორე ტაიმში სტადიონზე შეკრებილმა არცთუ მრავალრიცხოვანმა მაყურებელმა მხოლოდ ერთი გატანილი ჯარიმა იხილა. „ვარატასმა“ ჯარიმის გატანა 42-ე წუთზე შეძლო, თავი კვლავ ფოლიმ გამოიჩინა. შეხვედრის ბოლომდე არაფერი შეცვლილა და ავსტრალიელებმა გამარჯვება იზეიმეს - 21:6.

ამ მატჩის შემდეგ „ვარატასს“ 25 ქულა მოუგროვდა და სატურნირო ცხრილში მე-10 ადგილს იკავებს, ხოლო აფრიკელები 12 ქულით მე-13 პოზიციაზე არიან.

სამეულში შესვლის შანსი გაუშვა ხელიდან ახალზელანდიურმა „ჰარიქეინსმა“, რომელმაც „შარქსთან“ 15:32 წააგო. პირველ ტაიმში თანაბარი ბრძოლა იყო და გუნდებმა 8-8 ქულა დააგროვეს. „ზვიგენებმა“ უპირატესობა მეორე ნახევარში მოიპოვეს და სამი ლელოს გატანა მოახერხეს. „შარქსი“ ამ გამარჯვების შემდეგ მე-8 ადგილზეა, „ჰარიქეინსი“ მე-4 ადგილზე რჩება და ლიდერებს - „კრუსეიდერსსა“ და „ჩიფსს“ 6 ქულით ჩამორჩება.

დღის ბოლო მატჩში ბოლოადგილოსანმა „საუთერნს კინგსმა“ „ბლუზს“ უმასპინძლა, სტუმრებმა 34:18 იმარჯვეს. ცხრა შეხვედრის შემდეგ აფრიკელებს მხოლოდ ერთი მოგება აქვთ და ბოლო, მე-18 ადგილს იკავებს, ხოლო „ბლუზმა“ მე-11 ადგილზე გადაინაცვლა.

ვარატასი - ჩიტასი 21:6

უჩა გოგიძე


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.203265