დღეს დილით სუპერ რაგბის მე-11 რაუნდის მატჩში, ტოკიოში „სანვულვზმა“ ავსტრალიურ „ფორსს“ უმასპინძლა და 22:40 წააგო. სტუმართა გამარჯვებაში ლომის წვლილი დაიდო „ფორსის“ გარემარბმა მარსელ ბრეჩმა, რომელმაც 13 წუთში სამი ლელოს დადება მოახერხა.
არადა იაპონელთათვის ყველაფერი კარგად დაიწყო, მე-4 წუთზე მათ ბურთი კარგად ჩაათამაშეს მარცხენა ფრთაზე, სადაც აკიჰიტო იამადამ გამოიჩინა სიმარდე და ლელოთი ანგარიში გახსნა. ამ ეპიზოდიდან ორი წუთიც არ იყო გასული, რომ იაპონელებმა ლელო საკუთარ ჩათვლის მოედანში მიიღეს. ისინი საკუთარი ოცდაორიდან ცდილობდნენ ხელდახელ თამაშით შეტევის წამოწყებას, თუმცა მარსელ ბრეჩმა მასპინძლებს გადაცემა ჩაუჭრა და სტუმრებს ხუთი ქულა მოუტანა, თანაც ამჯერად გარდასახვაც ზუსტი იყო - 5:7. მე-13 და მე-19 წუთებზე ავსტრალიელთა სამხრეთაფრიკელმა ლეგიონერმა კიდევ ორჯერ გაიბრწყინა, პრიორმა ორიდან მხოლოდ ერთი ლელო გარდასახა - 5:19.
26-ე წუთზე „ფორსმა“ მეოთხე ლელო დადო, ამჯერად თავი მესამეხაზელმა ბრინარდ სტენდერმა გამოიჩინა - მეტოქის ოცდაორში სტუმართა მორკინალებმა კარგად იმუშავეს, შემდეგ ხაზის მოთამაშეებმა მარცხენა ფრთაზე სწრაფად ჩაათამაშეს ბურთი, სადაც სტენდერი აღმოჩნდა და ლელოს მიწვდა, გარდასახვა ზუსტია და გუნდები შესვენებაზე ასეთი ანგარიშით გავიდნენ - 5:26.
მეორე ტაიმში იაპონელები უკეთ გამოიყურებოდნენ ვიდრე პირველში. მათ სტუმართა ორი გარდასახვიანი ლელოს წილ, სამი ლელოს დადება მოახერხეს, საიდანაც მხოლოდ ერთი გარდასახეს. საბოლოო ჯამში მეორე ნახევარში „სანვულვზმა“ 17:14 მოიგო, თუმცა ეს, რა თქმა უნდა, მატჩის მოსაგებად საკმარისი არ იყო.
„ფორსს“ მოგებისთვის ოთხი ქულა დაემატა და 18- გუნდიან სუპერ რაგბის ცხრილში მე-16 ადგილზეა, ხოლო იაპონელებს ერთი მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული და მე-17 პოზიციაზე არიან.
დღის მეორე მატჩი ჰამილტონში გაიმართა, სადაც წელს კარგ ფორმაში მყოფი „ჩიფსი“ მოულოდნელად უშანსოდ დამარცხდა „ჰაილენდერსთან“ - 13:26. ამ მატჩამდე „ჩიფსს“ შვიდმატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდა, „მთიელები“ კი, ნელ-ნელა იკრებენ ძალებს და ცხრილის სათავისკენ მიდიან.
„ჩიფსი“ განსაკუთრებით დისციპლინაში მოიკოჭლებდა, მატჩის რეფერის მასპინძელთა ორი მორაგბის გასინბინება მოუწია. ძველ, კარგ ფორმაში შედის „ჰაილენდერსის“ გარემარბი ვაისაკე ნაჰოლო, რომელმაც მასპინძლების ორჯერ დალელოვება მოახერხა.
ამ გამარჯვების შემდეგ „მთიელებმა“ 32 ქულა დააგროვეს, მე-3 ადგილზე აინაცვლეს და 5 ქულით ჩამორჩებიან „ჩიფსს“, რომელსაც „კრუსეიდერსის“ მსგავსად 37 ქულა აქვს და პირველ-მეორე ადგილებს იყოფს.
სანვულვზი - ფორსი 22:40
ჩიფსი - ჰაილენდერსი 13:26
უჩა გოგიძე
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია