საფრანგეთი ტოპ-14

13:53 | 7.05.2016 | ნანახია 3662 - ჯერ

გიორგი ჟღენტი: „გუნდისთვის ყოველთვის 100%-ით ვიხარჯებოდი“

ქართველმა ბურჯმა გიორგი ჟღენტმა საფრანგეთში გატარებული 10 წლის განმავლობაში არაერთი კლუბი გამოიცვალა. ის იმედოვნებდა, რომ კარიერას ამჟამინდელ გუნდ „ბრივში“ დაასრულებდა, მაგრამ გუნდმა მასთან კონტრაქტის გახანგრძლივება არ ისურვა.

ამრიგად, 30 წლის მორაგბეს ახალი გუნდის ძებნა უწევს და იმედოვნებს, რომ ახალი გუნდი მალე გამოჩნდება და კარიერასაც იქ დაასრულებს. ფრანგულმა პრესამ ძლიერ ბურჯს, რომელმაც ვერსად, მათ შორის ვერც საქართველოს ნაკრებში შეძლო ფეხი მოკიდება, სტატია მიუძღვნა:

„ბრივის“ ბურჯ გიორგი ჟღენტს ჩემოდნების ჩალაგება მოუწევს. „ბეიონში“ გატარებული ურთულესი ექვსი თვის შემდეგ, ის გასული სეზონის შუაში „ბრივს“ შეუერთდა და იმედოვნებდა, რომ კარიერასაც აქ დაასრულებდა. შარშან მას ტოპ 14-ში დარჩენისთვის მოუწია ბრძოლა და გუნდის გადარჩენაში დიდი წვლილი შეიტანა. ის იბრძოდა „ლიონთან“(22:20) და „მონპელიესთან“ (15:10) უმძიმესი გამარჯვებებისთვის და „სტად ფრანსესთან“ (27:0) მოგებისთვის, რამაც გუნდს მიზნის მიღწევა დაუბევა.

რადგან გიორგის საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 2011 წლის შემდეგ აღარ იწვევდნენ და შესაბამისად, შარშან ინგლისში გამართული მსოფლიო თასისთვისაც ვერ მოხვდა შემადგენლობაში, მიმდინარე სეზონის დასაწყისში გუნდისთვის ძალიან ბევრი გააკეთა. შედეგად, ოქტომბერში დაიწყო საუბრები მასთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე, თუმცა, თებერვლის მიწურულს, „ბრივის“ მენეჯერმა ნიკოლა გოდინიუმ განაცხადა, რომ ბურჯი გუნდში აღარ დარჩებოდა. ეს დიდი დარტყმა იყო ჟღენტისთვის, რომელმაც განაცხადა:

„იმედგაცრუებული ვარ. „ბრივში“ საქმეები კარგად ამეწყო, ყველაფერი იდეალურად მიდიოდა. უკვე ვფიქრობდი, რომ კარიერის ბოლომდე აქ დავფუძნდებოდი...“

მარჯვენა ბურჯი ცოტა არ იყოს დაიღალა ამდენი ცვლილებით. 20 წლის ასაკში, საფრანგეთში ჩამოსვლის დღიდან, მან ძალიან ბევრი გუნდი გამოიცვალა. ყველაფერი „კლერმონში“ მოხვედრის იმედით დაიწყო, მერე „ბიარიცს“ შეუერთდა და მალევე „ორიაკში“ გადაბარგდა. 2008/2009 წლებში მან ერთ კლუბში თავისი პირველი სრული სეზონი ჩაატარა. მომდევნო სეზონში იმჟამად პრო დ2-ში მოთამაშე „ოიონას“ მაისურით ირჯებოდა.

„ოიონაში“ ძალიან დიდი პროგრესი მქონდა. კრისტოფ ურიოსთან ყველაფერი კარგად მიდიოდა“ - თვლის ჟღენტი, მაგრამ მან მაინც გადაწყვიტა გუნდის გამოცვლა, რათა ძალები ტოპ 14-ში მოესინჯა. ის „მონპელიეში“ გადავიდა, სადაც ფაბიენ გალტიე ახალი მისული იყო.

„მონპელიეში“ გატარებული სამი სეზონი საუკეთესო იყო ჩემს კარიერაში. ფაბიენთან და ერიკ ბუშესთან (გარდაიცვალა 2013 წელს) მუშაობამ ძალიან ბევრი რამ შემძინა“ - ამბობს ქართველი.

პირველსავე სეზონში მან გუნდთან ერთად საფრანგეთის ჩემპიონატის ფინალში ითამაშა („მონპელიე“ „ტულიზთან“ 10:15 დამარცხდა).

„ის აღმოჩენა იყო“ - იხსენებს ჟღენტს ფაბიენ გალტიე - „მან ჩვენთან ორი უმაგრესი სეზონი ჩაატარა“.

მაგრამ ხერხემლის მალებს შორის გაჩენილმა თიაქარმა და სხვა ფიზიკურმა პრობლემებმა გიორგის პროგრესი შეაჩერა. ასეთ სიტუაციაში ჟღენტმა „პერპინიენისგან“ ძალიან კარგი წინადადება მიიღო და გუნდთან ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა - „მე იქ სახლიც ვიყიდე, რადგან ძალიან დიდი ხნით ვაპირებდი ამ ქალაქში დაფუძნებას“.

მაგრამ კატალონიური კლუბი პირველსავე სეზონში პრო დ2-ში დაქვეითდა და ქართველს „ბეიონში“ მოუწია გადასვლა, სადაც მწვრთნელთან ურთიერთობა თავიდანვე ვერ აეწყო. აქ თავი ჟღენტის ტემპერამენტმა იჩინა. მართლა რთულია ამ მორაგბესთან გამკლავება? გიორგი ამაზე პასუხობს:

„ვინც კარგად არ მიცნობს, ჩემზე ასე არ უნდა ილაპარაკოს. ადამიანები ხედავენ ჩემს დაუმორჩილებელ ხასიათს და ასკვნიან, რომ მოედანზეც ასე ვიქცევი. მაგრამ ეს არასწორია. ყოველთვის, ყველა თამაშში, გუნდისთვის სრული 100%-ით ვიხარჯებოდი“.

„ის ემოციური მოთამაშეა და ხშირად გამოდის წყობილებიდან. საჭიროა მის ხასიათს მოერგო“ - თვლის გალტიე.

ბოლო დროს გიორგი ჟღენტი „ბრივის“ შემადგენლობაში ვეღარ ხვდება და ახალი გუნდის მოსაძებნად საკმარისზე მეტი დრო რჩება. და მაინც, ქართველი ფიქრობს, სეზონის ბოლომდე კიდევ მოუწევს თამაში. ის იმედოვნებს, რომ „ბრივს“ ფინალში გასვლაში დაეხმარება.

„თამაში რომც არ მომიწიოს, ტირილს არ დავიწყებ. მთავარია, რომ გუნდმა მიზნის მიღწევა შეძლოს“ - ასეთია ჟღენტის დასკვნითი სიტყვა“.

მოამზადა ზურა ქსოვრელმა


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
18:46 | 08.05.2016
პანტელეიმონი (1218)

გიორგი, კარგი კაცი ხარ, წარმატებას გისურვებ ! ! !

0.083594