6 ერი

20:23 | 29.03.2016 | ნანახია 1570 - ჯერ

Heraldscotland: რატომ არ იყოს 8 ერი? ადრე თუ გვიან ისინი ჩვენთან იქნებიან

გასულ კვირაში, როდესაც ექვსი ერის და ერთა თასის გათამაშება ახალი დასრულებული იყო, ცხელ-ცხელზე ექვსი ერის გახსნზე, გადათამაშების სისტემის დანერვაზე, თუ ტურნირის გაფართოებაზე, უცხოურ პრესაში არაერთი სტატია დაიწერა.

ამ საკითხთან მიმართებაში ყველა მხარეს თავისი მოსაზრება აქვს, უმრავლესობა ცვლილებების აუცილებლობაზე აპელირებს, მათ შორის შოტლანდიელებიც. თუმცა, ბოლო წლების შედეგების გათვალისწინებით, როდესაც მათ უმეტესად „ხის კოვზისგან“ თავის არიდებისთვის უწევდათ ბრძოლა და 2004 წლიდან დღემდე ოთხჯერ დარჩნენ ბოლო ადგილზე, ისინი უფრო მონაწილეთა რაოდენობის 8-მდე გაზრდას ემხრობიან, რა თქმა უნდა საქართველოსა და რუმინეთის ხარჯზე.

აი რას წერს heraldscotland-ი:

„თავდაპირველად იყო ორი გუნდი, რომლებიც საერთაშორისო რაგბის თამაშობდნენ, მერე შოტლანდიას და ინგლისს უელსი და ირლანდია შეუერთდა და 1883 წელს Home Nations დაარსდა. 1910 წელს ის საფრანგეთმა ხუთ ერად აქცია, ახლა კი, ექვსნი ვართ.

თუ ისტორია რამეს გვასწავლის, როგორც რაგბიში ასევე სამყაროში მიმდინარე მოვლენებზე, უწინარესი ისაა, რომ მუდმივი არაფერია და გარკვეული დროის შემდეგ ყველაფერი იცვლება. ამიტომ, დარწმუნებით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ექვსი ერის ამჟამინდელი ფორმატი, რომელიც 2000 წელს იტალიის დამატების შედეგად შეიქმნა, საბოლოო ჯამში შეიცვლება.

და რა იქნება მომავალში? ბოლო წლებში გახშირდა მოწოდებები, რომ ექვსი ერის ბოლო ადგილზე გასული გუნდი ქვედა დივიზიონში უნდა ვარდებოდეს. გასულ სეზონში ფსკერზე შოტლანდია აღმოჩნდა და იყო მისი გაძევების თავშეუკავებელი მოთხოვნები, წელს ამ სიმწვავემ იტალიაზე გადაინაცვლა.

ამავდროულად, გაჩნდა ფართო მოსაზრება იმისა, რომ ექვსი ერის მონაწილეები დონეებად იყოფიან. გახსოვთ რა დაწერა ინგლისელმა კლაივ ვუდვორდმა პირველ ორ ტურში „მარიფილდზე“ შოტლანდიასთან და მერე სტუმრად იტალიასთან გამარჯვების შემდეგ?: „აქამდე ინგლისის ნაკრები ექვსი ერის მეორე დონის ნაკრებებს ეთამაშებოდა, მაგრამ წინ პირველი დონის გუნდებთან თამაშები გველის“.

როგორც შემდგომში აღმოჩნდა, „დიდი სლემის“ გზაზე ინგლისი ეგრეთწოდებულ პირველი დონის გუნდებსაც გაუსწორდა, ვუდვორდის ანალიზი კი, გარკვეულწილად შოტლანდიამ გაანადგურა, როდესაც საფრანგეთი დაამარცხა და ტურნირი მასზე მაღალ საფეხურზე დაასრულა.

და მაინც, გაუმჯობესებული სეზონის ფონზეც, შოტლანდიაზე ზეწოლა არ შენელდება და ეს ზეწოლა კიდევ უფრო დიდია იტალიაზე. ასე გაგრძელდება მანამ, სანამ იტალია დანარჩენებთან მნიშვნელოვან ჩამორჩენას არ გააუმჯობესებს.

ამავდროულად, საქართველოს რეპუტაცია სულ უფრო იზრდება და არა მხოლოდ როგორც ქვედა დივიზიონის საუკეთესო გუნდის, არამედ, როგორც ქვეყნის, სადაც რაგბი სულ უფრო მასობრივი და პოპულარული სპორტის სახეობა ხდება. ამ ზრდის დემონსტრირება 19 მარტს კიდევ ერთხელ მოხდა, როცა 52 ათასი მაყურებელი ადევნებდა თვალს საქართველოს გამარჯვებას რუმინეთთან, რის შემდეგაც გუნდმა ზედიზედ მეექვსედ მოიგო ერთა თასი და კვლავ რჩება ამ ტურნირზე ბოლო წლებში დაუმარცხებელ გუნდად.

და რა ვქნათ ახლა? გავაგდოთ იტალია და მივიღოთ საქართველო?

თუ მიზანი ევროპის მოწინავე ტურნირზე მხოლოდ ექვსი გუნდის შენარჩუნებაა და ერთადერთ კრიტერიუმად სპორტულ მიღწევებს მივიჩნევთ, ეს ლოგიკური ნაბიჯი იქნებოდა. მაგრამ აქ საქმე ცოტა რთულადაა და სხვა კრიტერიუმების ინგნორირებას ვერ მოვახდენთ.

უწინარესად, ექვსი ერი უფრო მეტია, ვიდრე რაგბი: ესაა უდიდესი ტურისტული ინდუსტრია. იმ ადამიანების უმრავლესობა, რომლებიც გუნდებს გასვლით თამაშებზე დაყვებიან, ამას აკეთებენ არა მხოლოდ სტადიონზე გატარებული 80 წუთისთვის, არამედ, მაგალითად, დუბლინში ჩადიან სპირტიანი სასმელების დასაგემოვნებლად, იტალიაში ვატიკანის დასათვალიერებლად, სხვაგან უიკ-ენდის სასიამოვნოდ გასატარებლად. უნდა ვაღიაროთ, რომ რაგბის ქომაგთა მნიშვნელოვანი ნაწილისთვის, თამაშის შედეგს ნაკლები მნიშვნელობა აქვს, ვიდრე მათთვის, ვინც გავარდნა-ასვლის სისტემას ემხრობა.

ამ საკითხს სუფთა სარაგბო კუთხით თუ შევხედავთ, რა მოხდება იტალიის გაძევების შემთხვევაში? დიახ, შესაძლოა, საქართველომ აამაღლოს ექვსი ერის სათამაშო დონე, მაგრამ რას ვაკეთებთ ერთი, ან ორი სეზონის შემდეგ? მსოფლიოში რაგბის ძალიან ბევრ ქვეყანაში თამაშობენ და ვერ მივცემთ თავს იმის უფლებას, ისინი უყურადღებოდ დავტოვოთ. ექვსი ერის გარეშე დარჩენილი იტალია, დაკარგავს იმ დონეს რასაც ამ დრომდე მიაღწია და ეს ჯამში არავის წაადგება.

მაშ როგორ მოვიქცეთ? ჩვენის აზრით, იტალიის გავარდნისა და საქართველოს მოწვევის ნაცვლად, სჯობს იტალია დავტოვოთ, საქართველო მოვიწვიოთ და ექვსი ერი გადავაკეთოთ შვიდ ერად. მოგვიანებით, როდესაც რუმინეთის სათამაშო დონე ისეთი გახდება, როგორიც 1980-იან წლებში იყო, ტურნირს ისიც დავამატოთ და გავხადოთ რვა ერი.

საერთაშორისი თამაშების ასეთი ზრდის ფონზე, მთავარ პრობლემად მოთამაშეთა გადაღლის რისკი ჩნდება. ჩემპიონატში მინიმუმ 22 თამაში, შემოდგომის ტესტები, ექვსი ერი, ზაფხულის ტური, მოთამაშეთათვის თამაშების რაოდენობა ისედაც ზღვარზეა და მეტს ისინი უბრალოდ ვერ შეძლებენ.

აქ საკითხის გადაწყვეტის რამდენიმე ვარიანტია. შეგვიძლია შევამციროთ გუნდების რაოდენობა უმაღლეს ლიგებში, მაგრამ ამას კლუბები შეეწინააღმდეგებიან. შეგვიძლია გავზარდოთ ერთ სეზონში საერთაშორისო რაგბიში ჩართული მოთამაშეების რიცხვი და გარკვეულ თამაშებში დასვენების საშუალება მიეცეთ ვარსკვლავებს, მაგრამ ეს წინააღმდეგობაში მოდის მწვრთნელების, გულშემატკივრების და სპონსორების ინტერესებთან.

შეგვიძლია სხვანაირად მოქცევაც. ორი-სამი წლის შემდეგ ეგრეთწოდებული საინკუბაციო პერიოდის შედეგად, შემუშავდეს სქემა, რომლის თანახმადაც რვა გუნდი ორ ჯგუფად გაიყოფა - ზედა და ქვედა დივიზიონებად თითო ამსვლელ-ჩამსვლელით. ალბათ, ამ მოსაზრებასაც ეყოლება მოწინააღმდეგეები, თუმცა, შემდეგი ნაბიჯისთვის მისი ერთ-ერთ ვარიანტად განხილვა სავსებით შესაძლებელია“.

მოამზადა ზურა ქსოვრელმა


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.077618