ფრანგულმა გამოცემა L’Equipe-მ აპრილის ბოლოს საქართველოს ნაკრებისა და „ტულონის“ მორაგბე მამუკა გორგოძესთან ვრცელი ინტერვიუ გამოაქვეყნა.
რამდენიმე დღის წინ შემოგთავაზეთ ის ნაწილი, სადაც „გორგოძილა“ საქართველოზე, „ტულონში“ გატარებულ პირველ სეზონზე და ბაკის ბოთასთან ურთიერთობაზე საუბრობდა. ახლა მისი ბრძოლისუნარიანობის, თანამედროვე რაგბის და მისი განვითარების შეფასებების ჯერია.
ფრანგული გამოცემის თქმით, გორგოძე ცნობილია თავისი ტემპერამენტით და ბრძოლისუნარიანობით მატჩის მსვლელობისას, მოედნას მიღმა კი, მორიდებული ადამიანია. და მაინც, რადგან ქომაგი მას მეტწილად მოედანზე ნაჩვენები თამაშით იცნობს...
„ჩემი რეპუტაციის მსხვერპლი ვარ. რა თქმა უნდა, დისციპლინასთან დაკავშირებული პრობლემები მქონდა, მაგრამ გავიზარდე. მსაჯებთანაც კარგი ურთიერთობა ჩამომიყალიბდა, მეუბნებიან, რომ ვპროგრესირებ და ხელს მიწყობენ. მინდა, რომ ქომაგებმა ჩემს მიმართ დამოკიდებულება შეცვალონ და ჩემი თამაშის გასამართლებას მოეშვან. რაგბი რთული თამაშია, მატჩის დროს იმპულსები მატულობს. რაგბი უფრო რთული სპორტის სახეობაა, ვიდრე ჭიდაობა, ან კრივი“.
ჟურნალისტმა მამუკას რაგბის ბოლოდროინდელ განვითარებაზეც ჰკითხა. გორგოძის აზრით, ვიდეორეფერიმ და სხვა ნოვაციებმა რაგბი დაამახინჯა და რაგბიში ამ სპორტისთვის უცხო რამ - სიმულაცია გახშირდა.
„მორაგბეს აღარ შეუძლია თამაშისას იმდენი აგრესია გამოავლინოს, რამდენიც ადრე. ისეთი შეგრძნებაა, თითქოს ხელბორკილი გადევს. რაგბი ნელ-ნელა სიმულაციის მხრივ ფეხბურთს ემსგავსება. სადისციპლინო კომიტეტი მორაგბეებს მკაცრად სჯის და აცხადებს, რომ ახალგაზრდა მორაგბეებს ცუდი მაგალითი არ უნდა მივცეთ, თუმცა ის უფრო ცუდი არ არის მორაგბე რომ სიმულიანტობს? ასე თუ გაგრძელდა მალე მორაგბეების ნაცვლად ბალერინები გვეყოლება. როდესაც ბრძოლაში ხარ, ძნელია ბევრი რამის განსაზღვრა - მაგალითად სად არის ზღვარი სხეულის ზედა ნაწილსა და მხარს შორის“ - აცხადებს მამუკა გორგოძე.
მოამზადა უჩა გოგიძემ
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
სიმულაციის მხრივ ვეთანხმები მაგრა გახშირდა განსაკუთრებით ე.წ ლათინოსების (იტალია პორტუგალია ესპანეთი სამხრეთ ამერიკელები) მხრიდან და ვიდო რეფერიზე არ ვეთანხმები !არა მგონია სიმულანტობა ვიდეო რეფერის ბრალი იყოს პირიქით ვიდეო რეფერი რომაა იმიტომაცაა რაგბი ფეხბურთთან შედარებით უფრო სამართლიანი და საინტერესო !