სუპერ რაგბის მე-11 რაუნდის პირველი მატჩი დღეს დილით კრაისტჩერჩში გაიმართა, სადაც ადგილობრივმა „კრუსეიდერსმა“ ავსტრალიური „რედსი“ მიიღო და დამაჯერებლად - 38:5 სძლია.
ფავორიტად, რა თქმა უნდა, მასპინძლები ითვლებოდნენ, რომლებიც შარშანდელისგან განსხვავებით წელს ძალიან კარგ ფორმაში არიან და ამ მატჩში ბონუსქულით მოგების შემდეგ, სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე გადავიდნენ, ხოლო „რედსი“ წელსაც ცხრილის ქვედა ეშელონში ტრიალებს.
პირველ ტაიმში „ჯვაროსნებმა“ სამი ლელო დადეს, სამივე გარდასახეს და 21:0 დაწინაურდნენ. პირველი ლელო უკვე მე-5 წუთზე დაიდო - შერკინებიდან გამოტანილი ბურთი „კრუსეიდერსმა“ მარცხენა ფლანგზე ჩაათამაშა, სადაც მას გარემარბი ჯონი მასილაი დახვდა და „თავისუფლად“ მყოფმა ფიჯელმა მეტოქე ადვილად დაალელოვა. აღსანიშნავია, რომ ამის გარდა 25 წლის მასილაიმ ამ შეხევდრაში კიდევ ორი ლელო დადო და ჰეთ-თრიკი შეასრულა.
მე-8 წუთზე ხუთი ქულა ისევ ფიჯელმა მიითვალა და თითქმის ისეთივე ვითარებაში, როგორც პირველში. 34-ე წუთზე ლელო მეორეხაზელმა სკოტ ბარეტმა დადო და სამივეჯერ რიჩი მოუნგამ გარდასახა.
მეორე ტაიმის დასაწყისში ლელო კვლავ ახალზელანდიელებმა დადეს, 43-ე წუთზე ჯონი მასილაიმ თავისი მეთხუთმეტე ქულა მიითვალა, ამჯერად გარდასახვა არაზუსტია - 26:0.
46-ე წუთზე „რედსმა“ თავისი პირველი და უკანასკნელი ლელო დადო - მოედნის ცენტრში ჯეკ მაკინტაიერის ფეხით მოკლეზე გადაკიდებულს შუამარბი კემბელ მეგნი წამოეწია და ლელომდე ყოჩაღად ირბინა - 26:5.
64-ე და 76-ე წუთებზე მასპინძლებმა კიდევ უფრო გაზარდეს ანგარიშის სხვაობა, ლელო ჯერ ტაუფუამ, შემდეგ კი კოდი ტეილორმა გაიტანეს, მარტინ მაკკენზიმ მხოლოდ ერთი გარდასახა - 38:5.
ამ გამარჯვების შემდეგ „კრუსეიდერსს“ „ჩიფსის“ მსგავსად 37 ქულა დაუგროვდა და პირველ ადგილზე გადავიდა („ჩიფსს“ ბურთების შეფარდებით ჯობნის), ხოლო „რედსი“ 12 ქულით მეთხუთმეტეა.
დღის მეორე მატჩი კანბერაში გამართა - „ბრამბისმა“ „ბულსს“ უმასპინძა და „კრუსეიდერსის“ მსგავსად, მანაც იოლად 23:6 მოიგო. მატჩში სულ ორი ლელო დაიდო და ორივე მასპინძლების ანგარიშზეა. გამარჯვებამ „ბრამბისს“ 4 ქულა შემატა და მე-8 ადგილზე გადავიდა, ხოლო „ბულსი“ მე-6 პოზიციაზე იმყოფება.
კრუსეიდერსი - რედსი 38:5
ბრამბისი - ბულსი 23:6
უჩა გოგიძე
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია