ტესტ-მატჩები

14:54 | 6.05.2016 | ნანახია 1515 - ჯერ

ფიჯი ოსბორნით გაძლიერდება [+ვიდეო]

სუპერ რაგბის ზელანდიური ფრანშიზის, „ჰაილენდერსის“ გარემარბმა პატრიკ ოსბორნმა ფიჯის ნაკრებში თამაშზე დასტური მისცა და მისი საერთაშორისო დებიუტი 2016 წლის ივნისში შედგება.

შეგახსენებთ, რომ სწორედ ამ პერიოდში კუნძულებზე ტესტ-მატჩების სერია საქართველოს ნაკრებს ექნება და 25 ივნისს სწორედ ფიჯის ეთამაშება. „მფრინავებს“ მანამდე ტონგასა და სამოას ნაკრებებთან 2019 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპის შეხვედრები ელის და შესაძლოა, ოსბორნის დებიუტი ფიჯის ნაკრებში „ბორჯღალოსნებთან“ მატჩამდე შედგეს. ნაკრების მთავარი მწვრთნელი ჯონ მაკი ამ სიახლემ გაახარა და განაცხადა, რომ მიმდინარე სეზონში პატრიკის თამაშებს აკვირდებოდა და მის სათამაშო ფორმას აკონტროლებდა.

„ძალიან გამიხარდა, როდესაც გავიგე, რომ პატრიკმა ფიჯის ნაკრებში თამაშზე თანხმობა განაცხადა. სუპერ რაგბის მიმდინარე სეზონში მის თამაშებს ვაკვირდებოდი და 2016 წლის ივნისში ის აუცილებლად ჩვენთან იქნება“ - თქვა მაკიმ.

28 წლის ოსბორნი ფიჯის დედაქალაქ სუვაში დაიბადა, მაგრამ ახალი ზელანდიის ნაკრებში მოხვედრის იმედად, მშობლიური ქვეყნის ნაკრებში თამაშისგან თავს იკავებდა. „კრუსეიდერსისა“ და „ჩიფსის“ შემდეგ, ის 2014 წლიდან „ჰაილენდერსს“ შეუერთდა და მის ერთ-ერთ ლიდერად იქცა. სუპერ რაგბის შარშანდელ სეზონში ფიჯელმა 18 თამაშში 8 ლელო დადო, ხოლო მიმდინარე სეზონში 8 თამაშში მიიღო მონაწილეობა და 2 ლელო დადო.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.07916