ირლანდიის წლის საუკეთესო მოთამაშედ წარმოშობით სამხრეთ აფრიკელი მესამეხაზელი სი-ჯეი სტენდერი დასახელდა.
26 წლის „ბულსის“ აღზრდილი მორაგბე, რომელსაც 20-წლამდელთა „ბოკეს“ მაისურით 10 თამაში ჰქონდა ჩატარებული, ირლანდიურ „მანსტერში“ 2012 წელს გადავიდა. მიმდინარე სეზონი მან საუცხოოდ ჩაატარა, ირლანდიის ნაკრების თავკაცების ყურადღება მიიპყრო და წლევანდელ ექვს ერში, უელსთან მატჩში დებიუტი ჰქონდა, რომლის შემდეგაც საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს. ამის შემდეგ ის მყარად დამკვიდრდა „სამყურების“ შემადგენლობაში, ექვსი ერის ხუთივე შეხვედრაში ითამაშა და ორი ლელოც გაიტანა.
„ეს აღიარება ჩემთვის უდიდესი პატივია. განვლილი სეზონი არასდროს დამავიწყდება, რადგან მოვიხვეჭე პირველი სანაკრებო კეპი, დავდე პირველი სანაკრებო ლელო და ახლა ეს ჯილდო მოვიგე. გული მხოლოდ იმაზე მწყდება, რომ „მანსტერმა“ და ირლანდიამ წარმატებებს ვერ მიაჭია, თუმცა ამისთვის შემდეგი სეზონი გვექნება“ - თქვა სტენდერმა.
„ლენსტერის“ 23 წლის ფლანკერი ჯოშ ვან დერ ფლიერი, რომელსაც 2016 წლის ექვს ერზე ასევე სანაკრებო დებიუტი ჰქონდა, წლის საუკეთესო ახალგაზრდა მორაგბედ დაასახელეს.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია