20-წლამდელები

17:16 | 4.05.2016 | ნანახია 1775 - ჯერ

უელსი „მომატებას“ გეგმავს

უელსის 20-წლამდელთა ნაკრებმა წელს ისტორიაში პირველად ევროპის ექვსი ერი მოიგო, თანაც „გრანდ სლემით“ და ახლა გუნდის მთავარი მწვრთნელი ჯეისონ სტრეიჯი იმედოვნებს, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე მისი გუნდი უკეთეს თამაშს აჩვენებს.

ინგლისში გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე თვეზე ოდნავ მეტი რჩება და უელსელებს ჯგუფში მეტოქეებად კარგად ნაცნობი ირლანდია, მოქმედი ჩემპიონი ახალი ზელანდია და საქართველოს ნაკრები ყავს. ახალგაზრდა „დრაკონებს“ რამდენიმე ისეთი მოთამაშე უბრუნდება, რომლებსაც ტრავმების გამო 20-წლამდელთა ექვსი ერის გამოტოვება მოუწია, რამაც მწვრთნელს არჩევანი გაურთულა:

„ძალიან ძნელი იყო იმ მოთამაშეების ჩანაცვლება, რომლებმაც ექვს ერზე თავი გამოიჩინეს, მაგრამ ტრავმირებული მორაგბეები გვიბრუნდებიან და სხვა გზა არ გვქონდა. აუცილებელია, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე კიდევ უფრო კარგად ვითამაშოთ, რათა მსოფლიოს წამყვან გუნდებს კონკურენცია გავუწიოთ. რაც მთავარია, ყველანი ვგრძნობთ, რომ თამაშის 20-30 პროცენტით გაუმჯობესება შეგვიძლია და სწორედ ამაზე ვიზრუნებთ დარჩენილი დროის განმავლობაში.

ყველა მოთამაშისთვის უდიდესი პატივია საკუთარ ქვეყანას მსოფლიო დონის ტურნირზე წარადგენდეს. მართალია ირლანდიას დუბლინში ვძლიეთ, თუმცა ექვსი ერის მსვლელობისას მათ მნიშვნელოვნად გააუმჯობესეს თამაშის ხარისხი და ინგლისი სტუმრად დაამარცხეს. ასაკობრივ დონეზე, ბოლო დროს საქართველო ძალიან გაძლიერდა და შარშან კანადის ძლევით „ალაფა“ მოიგო. რაც შეეხება ახალ ზელანდიას, ეს სწორედ ის თამაში იქნება, სადაც ჩვენი მოთამაშეები უნდა განვითარდნენ“ - ამბობს სტრეიჯი.

უელსი 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატს 7 ივნისს ირლანდიასთან მატჩით იწყებს, 11-ში საქართველოს ეთამაშება და ჯგუფურ ეტაპს 15 ივნისს, ზელანდიასთან შეხვედრით ასრულებს.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.085285