ტოპ 14

11:03 | 4.05.2016 | ნანახია 2426 - ჯერ

ლაპორტმა შეცდომები აღიარა

მამუკა გორგოძის, ლევან ჩილაჩავას, კოტე მიქაუტაძისა და იური ნატრიაშვილის „ტულონის“ მწვრთნელი ბერნარ ლაპორტი აღიარებს, რომ გუნდმა სატრანსფერო პოლიტიკა არასწორად წარმართა და მიმდინარე სეზონში არასტაბილური თამაში ამის შედეგია.

უწინარესად, საუბარია ყოფილი „ოლ ბლექსის“, ბურჯი კარლ ჰეიმანის შემცვლელზე. ზელანდიელმა, რომელმაც „ტულონის“ მიერ ჩემპიონთა თასის სამჯერ და ერთხელ ტოპ 14-ის მოგებაში უდიდესი როლი ითამაშა, გასული სეზონის ბოლოს მოთამაშის კარიერა დაასრულა. მის შემცვლელად ფრანგებმა „ნორთჰემპტონიდან“ სალესი მააფუ და ინგლისის ნაკრების ყოფილი ბურჯი მეტ სტივენსი დაიმატეს, მაგრამ ვერცერთმა ვერ გაამართლა - პირველი მოგვიანებით გუნდიდან გაუშვეს, მეორე ტრავმის გამო ვეღარ თამაშობს. შედეგად, ლაპორტი ფიჯელი მანუსა საულოს იმედად დარჩა და ამ უკანასკნელმა გასულ უქმეებზე „ტულუზელ“ ვასილ კაკოვინს ოდნავი წინააღმდეგობა ვერ გაუწია.

„ჩვენ შემადგენლობის შერჩევისას შეცდომა დავუშვით და ამით შემოქმედებითი მხარე დავკარგეთ. ჰეიმანის შემცვლელად ორი მოთამაშე შევარჩიეთ, მაგრამ ვერცერთი ვერ გამოვიყენეთ. მააფუ გუნდიდან გავუშვით, ხოლო სტივენსი დაშავდა და ეს დიდი დანაკლისი იყო. ვერ შევძელით მეორე ხაზის ჩამოყალიბებაც. ალი უილიამსისა და ბაკის ბოთას წასვლის შემდეგ, სამუ მანოა და პოლ ოკონელი დავიმატეთ, მაგრამ ვეც ისინი გამოვიყენეთ. შედეგად, სიმშვიდე დავკარგეთ, არადა ეს უმნიშვნელოვანესია წარმატების მისაღწევად“ - ამბობს ლაპორტი.

შეგახსენებთ, რომ მეორე ხაზში წარმოქმნილი პრობლემების მოსაგვარებლად, ლაპორტის თხოვნით გორგოძემ მესამე ხაზიდან მეორეში გადაინაცვლა.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.083648