საერთაშორისო

18:22 | 3.05.2016 | ნანახია 2517 - ჯერ

თბილისში სამოა მოდის

სამოას 20-წლამდელთა ნაკრებმა ზიმბაბვეში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატის „ალაფა“ მოიგო და ელიტას 2017 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე, თბილისში დაუბრუნდება.

მიუხედავად იმისა, რომ დებიუტანტი ესპანეთისგან დიდ წინააღმდეგობას ბევრი არ ელოდა, ევროპელებმა გადამწყვეტ მატჩში საკუთარი შესაძლებლობები საუკეთესოდ წარმოაჩინეს და კუნძულელებმა მხოლოდ დამატებულ დროში შეძლეს სანუკვარი ტიტულის მოგება. თამაში სწორედ ესპანელების უპირატესობით დაიწყო და დომინგესმა მრავალფაზიანი შეტევა მე-5 წუთზე ლელოთი დაასრულა, ხოლო რაბაგაომ ზუსტად გარდასახა. სამოამ სწრაფი პასუხი გასცა და მძლავრმა 8 ნომერმა ელიამ ახლოდან მცველებს ბულდოზერივით გადაუარა. ლეუილამ გარდასახვით წონასწორობა აღადგინა.

მე-18 წუთზე სამოელები კარგი შეტევის შემდეგ სალესი რაიასის ლელოთი დაწინაურდნენ და გარდასახვაც გაიტანეს, მაგრამ ამჯერად ესპანეთმა უპასუხა ნახევარ წუთში. თამაში რომ განახლდა დომინგესმა თავისუფალი ბურთი აიტაცა და ლელომდე ირბინა, თუმცა გარდასახვა არაზუსტი იყო. 33-ე წუთზე კუნძულელები სინბინით დაისაჯნენ და დომინგესს ჰეთ-თრიკის შესრულების შანსი გაუჩნდა, თუმცა ბოლო მომენტში მცველებმა მისი შეჩერება მოახერხეს - 16:14.

თამაშის განახლებიდან 4 წუთში ელიამ შეასრულა დუბლი და გარდასახვა ამჯერადაც ზუსტი იყო, მაგრამ მეტოქის 9 ნომერი ხაიმე მატა ბურთს კარგად აკონტროლებდა და შეცვლაზე შესულმა ტომი ვაისეტმა ლელოთი 49-ე წუთზე უპასუხა, რაბაგაომ კი, გარდასახვით ჩამორჩენა კვლავ 2 ქულამდე დაიყვანა. 63-ე წუთზე ესპანეთი მოულოდნელად ჯონ ზაბალას ლელოთი დაწინაურდა და გარდასახვაც გაიტანა, მერე კი, ჯარიმით უპირატესობა 8 ქულამდე გაზარდა და სათამაშოდ 10 წუთი რჩებოდა.

მაგრამ სამოელები ინდივიდუალურად ძალიან ძლიერები იყვნენ, ორიოდე წუთში ლაალოი ლეილუაი სამ მცველს დაუსხლტა და მეტოქის 22-ში შესულმა კარგი შესატევი პლაცდარმი შექმნა, ხოლო ელია ისევ ვერ შეაჩერეს და მანაც ჰეთ-თრიკი გაიფორმა. კარის წინიდან გარდასახვა ზუსტი იყო. გაწითლებულ დროზე სამოას შერკინებამ ჯარიმა გამოიმუშავა, მაგრამ 40 მეტრიდან დარტყმული მიზანს ასცდა და თამაში დამატებით დროში, პირველ ქულამდე გაგრძელდა. კუნძულელი მორკინალები ლეუილასთვის არეკნის დასარტყმელად პლაცდარმს ამზადებდნენ, მცველებმა სწრაფად ჩახურვა განიზრახეს, მაგრამ ფლანგი მოუშიშვლდათ, მგეზავმაც ჭკვიანური პასი გასცა და ლაფატეა მასაგას გამარჯვების ლელოს დადება აღარ გაჭირვებია.

ფინალურ მატჩში პირველი გვერდითი მსაჯის პოზიციაზე ახალგაზრდა ქართველი, ნიკა ამაშუკელი მუშაობდა.

მესამე ადგილი ფიჯის ერგო, რომელმაც ნამიბიას პირველ ტაიმში ხუთი უპასუხო ლელო დაუდო და 36:0 დაწინაურდა, ხოლო თამაშის განახლებიდან 5 წუთში მეექვსედ აიღო აფრიკელთა ჩათვლის მოედანი. ნამიბიელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ არ დანებდნენ და დარჩენილ დროში 4 ლელო თავადაც გაიტანეს, მაგრამ ჩამორჩენა ძალიან დიდი იყო და ფიჯიმ 44:30 იმარჯვა.

მეხუთე ადგილისთვის გამართული შეხვედრა დაძაბული გამოდგა, ურუგვაი დისციპლინამ დააზარალა და ბოლოში გაშვებული ჯარიმით 30:32 დამარცხდა. სამხრეთელები მეორე ტაიმის დასაწყისში 30:20 დაწინაურდნენ, მერე მოედანზე რამდენიმე წუთით 13 კაცის ამარა დარჩნენ, მაგრამ ამ სიტუაციიდან მშრალად გამოძვრნენ. აშშ-მ 70-ე წუთზე შეძლო ლელოს დადება და გარდასახვით ჩამორჩენა 2 ქულამდე დაიყვანა. მატჩის მიწურულს ურუგვაი დისციპლინამ კვლავ დააღალატა, ჩრდილოელებმა ორი ჯარიმა გაიტანეს და 32:30 იმარჯვეს.

მე-7 ადგილისთვის მასპინძელ ზიმბაბვეს ჰონკონგი შეხვდა, რომელიც პირველი ტაიმის შემდეგ 44:28 დაწინაურდა. აფრიკელებმა მეორე ტაიმში მაგრად მოინდომეს, მაგრამ აზიელებმა შეძლეს შეტევების მოგერიება და „ალაფაზე“ ისტორიაში პირველი გამარჯვება მოიპოვეს - 44:40.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.139854