სუპერ რაგბის მეათე ტურის პირველი მატჩი დღეს დილით ნიუ პლიმუთში გაიმართა, სადაც გათამაშების ლიდერმა, ადგილობრივმა „ჩიფსმა“ სამხრეთაფრიკულ „შარქსს“ უმასპინძლა და მცირე სხვაობით, 24:22 დაამარცხა.
ანგარიში პირველივე წუთზე გაიხსნა - ახალზელანდიელებმა საკუთარი დერეფნის მოგების შემდეგ, ბურთი ხაზზე კარგად ჩაათამაშეს, შუამარბმა სეტა ტამანივალუმ დაცვის ხაზი გაჭრა და „ჩიფსს“ პირველი ხუთი ქულა მოუტანა, გარდასახვა აარონ კრუდენმა შეასრულა. მერე გუნდებმა თითო-თითო ჯარიმა გაცვალეს და 24-ე წუთზე ლელო კვლავ მასპინძლებმა დადეს - მეტოქის ჩათვლის მოედანთან ახლოს რაქი იყო შექმნილი, „ჩიფსის“ მოთამაშეები კი მარცხენა ფრთაზე მეტობაში აღმოჩნდენ, ეს კარგად შენიშნა აარონ კრუდენმა, რომელმაც კიდესთან მდგარ მაიკლ ლეჩს უპასა და მანაც ლელოს დადება აღარ დააყოვნა, გარდასახვა არაზუსტია - 15:3.
ხუთ წუთში ლელოს დადება „ზვიგენებმაც“ მოახერხეს, აუტის შემდეგ კარგად ჩამოყალიბებული მოლი კვაჭმა კილი კუპერმა ლელოთი დაასრულა, აპრილმა ზუსტად გარდასახა. ტაიმის ბოლოს სტუმრებმა კიდევ ერთი ლელო დადეს, ამჯერად თავი მგეზავმა გერთ აპრილმა გამოიჩინა, რომელმაც გარდასახვა გააფუჭა და პირველი ტაიმი ფრედ, 15:15 დასრულდა.
მეორე ტაიმში „ჩიფსს“ ლელო არ დაუდია, თუმცა მატჩის მოგება მაინც მოახერხა. გუნდის ლიდერმა აარონ კრუდენმა 49-ე, 63-ე, 70-ე წუთებზე სამი ჯარიმა გაიტანა, რაზეც „შარქსმა“ 73-ე წუთზე კარგად აგორებული მოლის შედეგად გატანილი ლელოთი უპასუხა და აპრილმა გარდასახვით ჩამორჩენა 2 ქულამდე დაიყვანა. მაგრამ ეს საკმარისი არ იყო, აფრიკელებმა კიდევ ერთი შედეგიანი შეტევა ვეღარ განახორციელეს და მხოლოდ სანუგეშო პრემია მიიღეს.
„ჩიფსისთვის“ ცხრა გამართულ მატჩში ეს მერვე გამარჯვება იყო და ისინი 37 ქულით პირველ ადგილს ინარჩუნებენ. „შარქსს“ ოთხი მოგება, ოთხი წაგება და ერთი ფრე აქვს. აფრიკელები მე-9 ადგილზე იმყოფებიან.
დღის მეორე მატჩი პერთში გაიმართა, ადგილობრივ „ფორსს“ სამხრეთაფრიკულმა „ბულზმა“ ბონუსქულით სძლია - 42:20. მასპინძელთა ორი ლელოს წილ, სტუმრებმა ხუთის დადება მოახერხეს. „ბულსისთვის“ ეს მე-6 გამარჯვება იყო და ისინი მე-4 ადგილზე არიან, ხოლო „ფორსს“ მხოლოდ ერთი მოგება აქვს და ბოლოსწინა, მე-17 ადგილზეა.
ჩიფსი - შარქსი 24:22
ფორსი - ბულზი 20:42
უჩა გოგიძე
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია