საფრანგეთი ტოპ-14

16:53 | 29.04.2016 | ნანახია 8437 - ჯერ

მამუკა გორგოძე: „ჩემი სამშობლო დიდებულია!“ (+ვიდეო)

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი, მსოფლიო რაგბის ვარსკვლავი მამუკა გორგოძე არაერთხელ გამხდარა ჟურნალისტების ინტერესის ობიექტი. ამჯერად მასთან ვრცელი ინტერვიუ ფრანგულმა Lequipe-მ ჩაწერა.

საუბარი არაერთ თემას შეეხო. 31 წლის „ბორჯღალოსანი“ ამბობს, რომ საკუთარი რეპუტაციის გამო, მას ხშირად მაქსიმალურად თავშეკავებულად უწევს თამაში, რათა მსაჯებისგან ყვითელი ბარათი არ დაიმსახუროს. მას არადისციპლინირებულ მოთამაშედ აღიქვამენ, თუმცა ამ მოსაზრებას მამუკა არ ეთანხმება და ბოლო დროს ამას საქმითაც ამტკიცებს - სულ უფრო იშვიათად იღებს ბარათებს და მიმდინარე სეზონში სინბინში მხოლოდ 10 წუთი, ისიც „რეპუტაციის გამო“ გაატარა.

ფრანგ ჟურნალისტს ამჯერადაც მოუწია ხაზგასმა ფაქტზე, რომ მოედანზე შეუპოვარი გორგოძე, მის მიღმა „მორცხვი, თავშეკავებული და მშვიდი“ ადამიანია, რომელიც ბევრს არ საუბრობდა, მაგრამ მთელი საათის განმავლობაში პასუხობდა კითხვებს. ერთ-ერთი შეკითხვა საქართველოს უკავშირდებოდა და მამუკა პასუხობს:

„საქართველო ჩემი სამშობლოა და კარიერის შემდეგ აუცილებლად დავბრუნდები. საფრანგეთში მე მხოლოდ სამუშაოდ ვარ ჩამოსული. ამ საკითხთან დაკავშირებით ხშირად მიწევს კამათი მეუღლესთან. არც ისაა საქართველოში დაბრუნების წინააღმდეგი, მაგრამ ბავშვებზე ვღელავთ. ისინი საფრანგეთში გაიზარდნენ და შესაძლოა, ცოტა გაუჭირდეთ. რასაც არ უნდა ფიქრობდნენ საფრანგეთში, საქართველოში ცხოვრება საშიში სულაც არაა. უფრო მეტიც - საქართველო ნაკლებად სახიფათოა, ვიდრე საფრანგეთი, რადგან საქართველოში ნაკლები დამნაშავეა. დიახ, რუსეთის მეზობლად მყოფი ქვეყანა სტაბილური ვერაა და ჯერ კიდევ პრობლემატურია პოლიტიკური და სტრატეგიული საკითხები, მაგრამ საქართველო მაინც დიდებული ქვეყანაა, სადაც საფრანგეთზე უფრო თბილი ადამიანები ცხოვრობენ“.

ერთსაათიან ინტერვიუში ქართველმა მესამეხაზელმა, რომელმაც გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე მეორე ხაზში გადაინაცვლა და ბოლო დროს იქ უფრო ხშირად თამაშობს, „ტულონში“ გატარებული პირველი სეზონი (2014-2015) წარუმატებლად შეაფასა და მიზეზად ტრავმები დაასახელა:

„ტულონში“ გატარებული პირველი სეზონი წარმატებული ნამდვილად არ იყო. მას მე საუკეთესო ფორმაში შევხვდი! - ზაფხულის არდადეგებისას სამშობლოში არ დავბრუნდი, რათა უკეთ მოვმზადებულიყავი, მაგრამ ტრავმებმა შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება არ მომცა. და მაინც, გასულ სეზონშიც ბევრი ვითამაშე (2014/2015 წლების სეზონში, 11 თამაში ტოპ 14-ში, 5 ჩემპიონთა თასზე), მით უმეტეს ისეთი გუნდის შემადგენლობაში, როგორიც „ტულონია“, მაგრამ ჩემთვის ცხოვრება მაინც გართულდა. თუმცა, ამ სირთულეებმა გამაძლიერა და ჩემი მაქსიმალისტური ხასიათი აამაღლა. არ დავნებდი და ბევრს ვმუშაობდი. ფსიქოლოგიურად გამიჭირდა, თუმცა საჭირო იყო საუკეთესო ფორმაში ყოფნა, რათა ნებისმიერ შანსს ჩავჭიდებოდი. პრეტენზიულობა არ მჩვევია და არც საკუთარ თავს მივიჩნევ სხვებზე ძლიერად, მაგრამ სწორი მიდგომით იმდენი შევძელი, რომ ამ სეზონში გუნდის ნაწილად ვიქეცი. მიმაჩნია, რომ ამ სეზონიდან ვიქეცი „ტულონის“ მოთამაშედ და ისიც კარგად მესმის, რომ ყველა თამაშში მოედანზე ვერ ვიქნები“.

გორგოძე აღიარებს, რომ მას სიამოვნებს გამოწვევები და ყველაზე დიდ მეტოქედ ბაკის ბოთას მიიჩნევს, რომლის წინააღმდეგაც „მონპელიეში“ ყოფნისას თამაშობდა, შარშან კი, მის მხარდამხარ იბრძოდა. მამუკა ამბობს, რომ სამხრეთაფრიკელთან ერთად თამაში მისი ოცნება იყო:

„ბაკის ბოთა საუკეთესოა ჩემი მოწინააღმდეგეებიდან და მე მომეცა საშუალება, მის მხარდამხარ მეთამაშა. მოთამაშეთა 90%, ბაკის ბოთასთან შეჯახების შემდეგ ნებდებოდა, მე კი, მსგავს სიტუაციებში მოტივაცია მემატება. ყოველთვის მსიამოვნებს ძლიერი მეტოქის ყოლა. ვაშინებ თუ არა მოწინააღმდეგეებს? ეს ჩემს მეტოქეებს უნდა კითხოთ. მე ყოველთვის ბუნებრივად ვიქცევი. ტოპ 14-ში მრავლად არიან მორაგბეები, რომელთაც ხასიათი ათამაშებს. ერთ, ან ორ შემთხვევაში, შესაძლოა ნიღაბი აიფარო და ამის ხარჯზე გახვიდე ფონს, მაგრამ ათ შემთხვევაში შიშს ვერ დამალავ“.

„ბორჯღალოსნების“ კაპიტანი მუდამ რაგბიზე და ვარჯიშზე ფიქრობს, თუმცა ასაკის მატებასთან ერთად, დასვენება სულ უფრო აუცილებელი ხდება:

„არასდროს ვდუნდები და მუდამ რაგბიზე ვფიქრობ, თუმცა 31 წლის ვარ და დასვენებაც სულ უფრო აუცილებელი ხდება. ამას სახლში ვახერხებ, ბავშვებთან და ძაღლთან თამაშით, ასევე, მიყვარს ნადირობა“.

ტულონი - მონპელიე (2014 წელი)

მსოფლიოს ნაკრები - სამხრეთ აფრიკა (2014 წელი)

მოამზადა ზურა ქსოვრელმა


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
07:58 | 30.04.2016
პანტელეიმონი (1218)

შენ ხარ მამუკა, დიდებული პიროვნება.

0.091098