ინგლისი

12:32 | 29.04.2016 | ნანახია 2544 - ჯერ

ჯაბა ბრეგვაძე: „უნდა დავამტკიცოთ, რომ შეგვიძლია“

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ინგლისის პრემიერშიპის „ვუსტერ უორიორსის“ კვაჭი ჯაბა ბრეგვაძე თანაგუნდელებს მოუწოდებს, მიმდინარე სეზონის დასკვნით ორ მატჩში მაქსიმუმი გაიღონ და დაამტკიცონ, რომ ლიდერებთან ტოლსწორად თამაში შეუძლიათ.

გუნდი პრემიერშიპში მიმდინარე სეზონში დაბრუნდა, შთამბეჭდავი თამაში აჩვენა, ცოტა ხნის წინ ექვსიდან ხუთი თამაში მოიგო და გაისად უძლიერესთა შორის თამაში დაიბევა. სეზონის დასკვნით ორ მატჩს „ვუსტერი“ 30 აპრილს და 7 მაისს ლიდერებთან - „ლესტერთან“ და „სარასენსსთან“ გამართავს, რომლებიც წელს პლეი ოფში ჩემპიონობისთვის გააგრძელებენ ბრძოლას.

28 წლის ბრეგვაძის აზრით, სწორედ ახლა დადგა მომენტი იმის დამტკიცებისა, რომ „ვუსტერს“ გაისად სატურნორო ცხრილში უფრო მაღალი ადგილის დაკავებისთვის შეეძლება ბრძოლა.

„ყველამ კარგად იცის, რომ დარჩენილ ორ მატჩში მოგება, ან წაგება, სატურნირო თვალსაზრისით ჩვენთვის აღარაფერს შეცვლის. მაგრამ გვსურს, სეზონი ძლიერად დავასრულოთ და უკეთ ვითამაშო მომდევნო სეზონში. თუ ყველაფერი კარგად გამოგვივა, შეგვიძლია ლიდერებიდან რომელიმე გუნდს გული დავწყვიტოთ. დარჩენილ თამაშებში მაქსიმუმს გავიღებთ და დასასვენებლად მშვიდად წავალთ, რადგან საკუთარი გარჯით კმაყოფილები ვიქნებით“ - ამბობს ბრეგვაძე.

გასულ უქმეებზე ინგლისის პრემიერშიპში დასვენება იყო, რაც ჯაბას აზრით გუნდისთვის აუცილებელი იყო.

„გასულ უქმეებზე დასვენებამ სულზე მოგვისწრო. ეს აუცილებელი იყო გადასატვირთად, რათა დარჩენილი ორო თამაშისთვის მაქსიმალურად კარგად მოვმზადებულიყავით. „ლესტერი“ და „სარასენსი“ პრემიერშიპის ორი საუკეთესო გუნდია, მაგრამ გვინდა ყველას დავანახოთ, რომ „ვუსტერს“ მათ წინააღმდეგ ტოლსწორად თამაში შეუძლია. „ვუსტერს“ შეუძლია იყოს ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი და ეს სწორედ ამ შეხვედრებში უნდა დავამტკიცოთ“ - იმედიანადაა ქართველი კვაჭი და განვლილ სეზონს აფასებს:

„სეზონი ძალიან კარგად დავიწყეთ და მორალურადაც ძლიერად ვიყავით, მერე ზედიზედ 11 თამაში წავაგეთ. მაგრამ ძალები მოვიკრიბეთ და სეზონის დასკვნითი ნაწილი ძლიერად ჩავატარეთ. გუნდში შესანიშნავი შემადგენლობაა. ძირითადში ადგილი გარანტირებული არავის აქვს და ყველა პოზიციაზე ორი თანაბარი ძალის მოთამაშე გვყავს, რაც მოდუნების საშულებას არ გვაძლევს და ყველა მაქსიმალურად იხარჯება“.

„ვუსტერი“ „ლესტერს“ ხვალ გასვლაზე ეთამაშება, ხოლო „სარასენსს“ 7 მაისს საკუთარ მოედანზე მიიღებს.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.089805