გაისად თბილისში, 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე სამოას, ან ესპანეთის ნაკრები ჩამოვა. ამ გუნდებმა ზიმბაბვეში მიმდინარე „ალაფაზე“ ჯგუფური ეტაპის სამ-სამი თამაში მოიგეს და პირველ მაისს ფინალში შეიბმებიან.
გადამწყვეტ მატჩებამდე იმ გუნდებმა ითამაშეს, რომლებმაც უკვე იცოდნენ, რომ წელს ფინალს ვეღარ შეწვდებოდნენ. ფიჯიმ ზიმბაბვეს პირველ ტაიმში 4 ლელო დაუდო და 30:6 დაწინაურდა. მეორე ნახევარში, უფრო სწორედ დასკვნით 15 წუთში, გუნდებმა ორ-ორი ლელო გაცვალეს და კუნძულელებმა 42:22 იმარჯვეს. ნამიბიამ ჰონკონგს 9 ლელო დაუდო, ერთი გაუშვა და მეტოქე 70:8 გაანადგურა.
როგორც მოსალოდნელი იყო, სამოა ურუგვაისთან თავიდანვე დაეუფლა უპირატესობას, მაგრამ მეტოქისგან დიდ წინააღმდეგობას წააწყდა. საწყის 10 წუთში გუნდებმა ლელო-გარდასახვები გაცვალეს, მერე კუნძულელებმა კიდევ ორი ლელო დადეს, ბოლოს ჯარიმაც გაიტანეს და 24:8 დაწინაურდნენ. მეორე ტაიმის საწყის 20 წუთში ბრძოლა აღარ გაგრძელდა, სამოამ კიდევ ოთხჯერ აიღო მეტოქის ჩათვლის მოედანი - 56:8. მატჩის მიწურულს კუნძულელები მოეშვნენ, რითაც უმალ ისარგებლეს ურუგვაელებმა და ანგარიში ორი ლელოთი შეალამაზეს - 56:22 სამოას სასარგებლოდ.
სამოელები მეორედ არიან „ალაფას“ ფინალში. პირველად მათ თბილისში, 2011 წელს იაპონია დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხეს [31:24] და ელიტაში აღზევდნენ, საიდანაც შარშან დაქვეითდნენ და უკან დაბრუნებამდე 80 წუთი აშორებთ. წინაღობად კი, ტურნირის დებიუტანტი ესპანეთი ყავთ.
მათი ბედი აშშ-სთან მატჩში წყდებოდა, რომელიც პირველ რაუნდში ნამიბიასთან 44:46 დამარცხდა და ახლა მხოლოდ მოგება ჭირდებოდა. თამაში მათ აქტიურად დაიწყეს, მაგრამ ევროპის ჩემპიონებმა ჩათვლის მოედანი ზედ ხაზზე, 14-კაცის ამარაც დაიცვეს. მერე ისინი შეტევაში გადავიდნენ და 29-ე წუთზე ლელო გაიტანეს, რასაც ზუსტი გარდასახვა მოყვა. თამაში 5 წუთის განახლებული იყო, როდესაც „ლომებმა“ მეორედ აიღეს მეტოქის ჩათვლის მოედანი - 16:0. აშშ თამაშში საათის თავზე დაბრუნდა, ლელო-გარდასახვით ჩამორჩენა შეამცირა და მოსაგებად მოიმართა, თუმცა 77-ე წუთზე ჯარიმა გაუშვა და ცხადი გახდა, გამარჯვებას ვეღარ მოიპოვებდა. უკვე გაწითლებულ დროზე ამერიკელებმა ლელო დადეს და გარდასახვა გაიტანეს, მაგრამ ამით მხოლოდ ჩამორჩენა შეამცირეს - 16:18.
„ალაფას“ მესამე სათამაშო დღეს, ახალგაზრდა ქართველი რეფერი ნიკა ამაშუკელი ორ მატჩზე იყო გამწესებული გვერდით მსაჯად - ნამიბიისა და ჰონკონგის და ესპანეთისა და აშშ-ს შეხვედრებზე.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია